Humble Pie – 70-იანების მოკრძალებული ხილი

Humble Pie – 70-იანების მოკრძალებული ხილი

ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე შესანიშნავი ჯგუფები, რომელთა განუმეორებელი ხელწერის მიუხედავად, რატომღაც ისინი ჩრდილში გვყავს მოქცეული და ჯეროვნად არ ვაფასებთ მათ შემოქმედებას.

ასეთია ბრიტანული Humble Pie, რომელსაც მსგავსი წარმატებით ამერიკული ჯგუფიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან პოპულარობის გარეშე იგი ოკეანის გაღმაც არ დარჩენილა, სადაც რამდენიმე სიმბოლური გამარჯვებაც კი აქვს მოპოვებული.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია 1971 წელს ნიუ იორკის ცნობილ Fellmore East-ში ჩატარებული კონცერტი, რომელიც დიდ Allman Brothers Band-ის ამავე წლის ლაივ ალბომთან ერთად, ამ დარბაზში ჩაწერილი ერთ-ერთი უკანასკნელი საკონცერტო ჩანაწერი აღმოჩნდა, ხოლო ჟურნალმა „როლინგ სთოუნმა“ კი 1970 წლის სტატიაში ჯგუფის დახასიათებისას გამოიყენა ტერმინი Heavy Metal, რაც იმ დროს საკმაოდ იშვიათი იყო და მსგავსი ეპითეტით იქამდე მხოლოდ Iron Butterfly, Grand Funk Railroad და Steppenwolf იყვნენ შემკულნი. ისიც, რა თქმა უნდა უნებლიედ, გაცილებით ადრე, სანამ ჰარდ როკს ფაქტობრივად ჰევი მეტალს უწოდებდნენ...

საინტერესოა, რომ Humble Pie, გარკვეულწილად ინგლისის ერთ-ერთი პირველი  სუპერ ჯგუფია, რადგან შექმნის მომენტში, 1969 წელს, მას საკმაოდ სახელოვანი მუსიკოსები ამშვენებდნენ.

ჯგუფის ლიდერი - გიტარისტი და მომღერალი სტივ მარიოტი როდ სტიუარტის The Small Faces -ში უკრავდა, ბასისტი გრეგ რიდლი Spooky Tooth-დან იყო, ჯერი შირლი ინგლისის ერთ-ერთი მოთხოვნადი დრამერი იყო და სხვადასხვა დროს მას ალექსის კორნერთან, სიდ ბარეტთან, დეივ გილმორთან, ჯონ ენტუაისტლთან და კიდევ მრავალ მუსკოსთან უთანამშრომლია, ხოლო ასევე გიტარისტმა და მომღერალმა  პიტერ ფრემპტონმა კი საქვეყნო სახელი Humble Pie-თან ჩაწერილი ალბომებით მოიხვეჭა, შემდგომში დატოვა ჯგუფი და სტივ მარიოტთან პარტნიორობა მხოლოდ 1990 წელს აღადგინა, თუმც ძალზე მცირე პერიოდით...

1969 წელს, დიდ ბრიტანეთში ჰიპობის ხანმოკლე აღმაფრენის პერიოდში, Humble Pie თითქოს საუკეთესოდ წარმოაჩენდა ვუდსტოკურ სულისკვეთებას, მის სიუბრალოეში ბლუზური ფესვებიც ღრმად იგრძნობოდა და 70-იანელთა სიმძლავრის ფონზე, თითქოს 60-ების მუხტს, შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდა.

შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე იქცა Humble Pie ერთ-ერთ იშვიათ ჯგუფად, რომლის კონცერტებიც აკუსტიკურ და ელექტრო სეტად იყო დაცალკევებული.

სადებიუტო ალბომს წინ სინგლი Natural Born Bugie უძღოდა, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში მე-4 ადგილი დაიკავა. ეს კი Abbey Road-ისა და Led Zeppelin II-ის ფონზე ხდებოდა, რაც როგორც შემოქმედებით მხარეს, ასევე მაღალი დონის რეკლამირებას უნდა  მივაწეროთ.

As Safe As Yesterday Is კი სწორედ ის ალბომია, რომელსაც ტერმინი “ჰევი მეტალი“ მიუსადაგეს. საინტერესოა, რომ იგი წარსულში The Rolling Stones-ის პროდიუსერ ენდრიუ ოლდჰემის ლეიბლ Immediate Records-მა გამოსცა. ალბომმა ჩარტებში საკმაოდ მაღალი - მე-16 ადგილი დაიკავა და ამით მომდევნო დისკზე მუშაობისთვის შესანიშნავი ნიადაგი შექმნა. საინტერესოა, რომ As Safe As Yesterday Is ამერიკულ ჯგუფ Steppenwolf-ის ერთი წლის წინანდელი სადებიუტო ალბომის ჰიპური შედევრით - Desperation იხსნება, რაც სიმბოლურადაც მეტყველებს ამერიკიდან ძველ კონტინენტზე ჰიპური სულისკვეთების თანდათანობით გადინებას, ინგლისიდან სკანდინავიის ქვეყნებში გარდამავალს.

Town & Country ასევე 1969 წელსაა ჩაწერილი და კონცეფციით იმდენად ავსებს  წინამორბედს, რომ სამი წლის შემდეგ, Immediate Records-მა ეს ორი დისკი გააერთიანა და ორდისკიან ალბომად სახელწოდებით Lost And Found გამოსცა.

თუკი სადებიუტო ალბომი მეტად ჰარდ როკულ ტენდენციებს ავლენდა, მეორე დისკში ყურადღება აკუსტიკურ მხარეზეა გამახვილებული, რაც მსმენელთა გაცილებით ფართო სპექტრის მიზიდვის საშუალებას იძლეოდა.

მესამე ალბომი Humble Pie კი საკვანძო მომენტად იქცა კვარტეტის შემოქმედებაში. საერთოდ იშვიათია, რომ სადებიუტოს გარდა, რომელიმე სხვა ალბომს დაერქვას ჯგუფის სახელი ნუმერაციის გარეშე. Humble Pie-ის ეს შემთხვევით არ გაუკეთებია, რადგან მესამე ალბომმა გააერთიანა ჯგუფის ყველანაირი მუსიკალური თუ იდეური ხედვა და თურმე პირველი ორი ალბომი, ამისთვის გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენდა. მოულოდნელი გადასვლები, ვოკალის ორიგინალური შემოსვლები, მელოდიზმი, ფსიქოდელია, გემრიელი სოლოები... მეტი რაღა უნდოდეს როკ მუსიკის მოყვარულს, რომელიც თავს დებს 70-ების ხელშეუხებლობაზე?

Live With Me-სა და  Earth And Water Song-ის სულისკვეთებით განმსჭვალული ალბომი ხომ საუკეთესო საჩუქარია ჰარდ და პროგრესივ როკ მოყვარულთათვის.

აშკარა იყო, რომ ჯგუფს ოქროს ხანა დაუდგა და მომდევნო ალბომმაც მოლოდინი გაამართლა. Rock On ქრესტომატიული გამოდგა, თუნდაც ერთ სიმღერაში თვით ალექსის კორნერის სტუმრობის გამო. ბლუზი, როკი, სოული, საოცრად თბილი აურა სიმღერებისა, რომელთა უმრავლესობაც ჯგუფს კონცერტებზე, სტუდიაში ჩაწერამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა დაკრული.  

ამიტომაც რეპერტუარს იმპროვიზაციული ელფერი დაჰკრავს და „ძმური ატმოსფეროს“ სიმბოლოა ოთხივე მუსიკოსის ერთობლივი კლასიკური ნაშრომი Stone Cold Forever.

1971 წელს Humble Pie-მ Performance Rockin” The Fillmore გამოსცა და ამით იქცა ბრიტანული როკის ისტორიაში მეორე  ჯგუფად, ვინც ორდისკიანი საკონცერტო ალბომი გამოსცა. Colosseum-მა მას 2 თვით დაასწრო.

ამავე პერიოდში ჯგუფმა სერიოზული სახეცვლილება განიცადა. პიტერ ფრემპტონმა სოლო მოღვაწეობა გადაწყვიტა და მისი ადგილი სწორედ რომ ახლად დაშლილი Colosseum-ის გიტარისტმა - კლემ კლემპსონმა დაიკავა.

1972 წლის ალბომი Smokin’ გამორჩეულად ჰიპური სულისკვეთებისა აღმოჩნდა, რადგან ერთის მხრივ მუსიკა 1969 წლის განწყობას გვიქმნის, მეორეს მხრივ კი  Humble Pie 70-ების დაკვრის ტექნოლოგიის სრულყოფილი მაგალითია და ამ მხრივ არავისაც არ ჩამორჩება!

ბარბითის ტიპის გიტარაზე სტუმრად აქ კვლავ ალექსის კორნერია მიწვეული. ჰიპური სულისკვეთების გასაღრმავებლად კი თვით სტეპენ სტილსი. მარიოტისა და რიდლის ერთობლივი შედევრი You’re So Good For Me ჰიპურ ბალადაში აერთიანებს ოთხეულისათვის აგრერიგად საყვარელ აკუსტიკურ და ელექტრო მიდგომას, ხოლო ბლუზი I Wonder კი შესაძლოა ბრიტანული ფსიქოდელიური ბლუზის ბოლოსწინა შედევრადაც (თუკი ბოლოდ პიტერ გრინის 1978 წლის A Fool No More-ს ჩავთვლით).  მოვიაზროთ. აქ უცნაურია ბლუზ გიტარისტ კლემ კლემპსონის აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა და ჩახედულობა გიტარსოლოში. დაკვირვებული ყურისთვისაც კი ურთულესია მის დაკვრაში Colosseum-ის გიტარისტის ამოცნობა. ალბომში შევიდა ასევე სტივ მარიოტის მეგა ჰარდ როკ ჰიტი 30 Days In The Hole.

აი მომდევნო ალბომმა Eat It კი უკვე ახალი ტენდენციები გამოავლინა და სასულე ინსტრუმენტებისა და ბექ-ვოკალების დანერგვამ, თითქოს მეტი ჯაზი და კომერციულობა შესძინა ორდისკიან ნამუშევარს.

ჯგუფმა 1975 წლამდე იარსება და საბოლოოდ სივრციდან  და დროიდან ამოვარდნილი დაიშალა. 1980 და 1981 წლების ორი ალბომი Humble Pie-ს ახალს ვეღარაფერს შესძენდა, თუმც „მოკრძალებულმა ხილმა“ (Humble Pie ასე ითარგმანების) მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როკ მუსიკის ისტორიაში.

შემდგომში ჯგუფი ჯერი შირლიმ ცოტა ხნით New humble Pie -ს სტატუსით აღადგინა,  სტივ მარიოტი კი 1990 წელს ახალ მასალაზე პიტერ ფრემპტონთან ერთად შეუდგა მუშაობას, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დასცალდა, რადგან 1991 წელს 44 წლის ასაკში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, საკუთარ კოტეჯში ხანძარმა იმსხვერპლა...