ალექსანდრე ჭიკაიძე დორინ რეჩენს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე დორინ რეჩენს შეხვდა

მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის მოლდოველ კოლეგას - მოლდოვის შს მინისტრ დორინ რეჩენს შეხვდა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას და „საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

შეხვედრაზე მხარეებმა საშინაო საქმეებისა და პრიორიტეტების კუთხით მოლდოვისა და საქართველოს თანამშრომლობა, ევროპული ინტეგრაციის სფეროში მოლდოვისა და საქართველოს გამოცდილება და ევროპული ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და მოლდოვის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობა და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და რატიფიცირების მნიშნველობაზე ისაუბრა. ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საქართველოს შსს-სთვის პრიორიტეტულია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაცია და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლდოვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრამდე შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მოლდოველი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დღესვე გაიმართა საქართველოს შს მინისტრის შეხვედრები მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროს იონ ბოდრუგთან და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს დორინ პურიცისთან. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში პირველად იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელები. ოფიციალური ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდება.