მიხეილ დარჩიაშვილი „ბუქარესტის ფორუმი 2014“-ზე

მიხეილ დარჩიაშვილი „ბუქარესტის ფორუმი 2014“-ზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ორდღიანი ვიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. მიხეილ დარჩიაშვილი ასპენის ინსტიტუტისა და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. უსაფრთხოების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს.

მიხეილ დარჩიაშვილი მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის პანელზე „ახალი მსოფლიო უკრაინის კრიზისის შემდეგ, 25 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან“.  ფორუმზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ქმედებები განიხილეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიან და დროულ განხორციელებას უზრუნველყოფენ.

ვიზიტის ფაგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა რუმინელ კოლეგასთან ვალერიუ ნიკუტთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბოგდან აურელიუსთან. შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობა, ნატოს უელსის სამიტის შედეგები და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მხარდამჭერი ზომების იმპლემენტაციის პროცესში რუმინეთის მხარის მონაწილეობას.