საქართველოსა და ჩინეთს შორის, შესაძლოა, პირდაპირი რეისები დაინიშნოს. მას აუცილებლად მოჰყვება რომელიმე ჩინური ავიაკომპანიის შემოსვლა. მანამდე კი საქართველოთი ერთბაშად დაინტერესდნენ, არაბული, ირანული, რუსული ავიაგიგანტები. ისინი ჩვენი ავიასივრცის სასწრაფოდ ათვისებას აპირებენ. წლევანდელი შემოდგომა ქართული აერონავიგაციისთვის ბევრი სიახლის მომტანი აღმოჩნდა.
ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმისა საკითხები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ჩინეთის რესპუბლიკის გუანჯოუს მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრებმა განიხილეს.
„ჩინეთში არის უდიდესი ძლიერი კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მეტი ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობა გააჩნიათ“, - განაცხადა ქალაქ გუანჯოუს ვიცე-მერმა ვეიფან ლუომ.
შეხვედრაზე განიხილეს თბილისსა და გუანჯოუს შორის საავიაციო მიმოსვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
სანამ ჩინელები კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ირანელებმა ნაბიჯი უკვე გადადგეს. ირანული პირველი კერძო ავიაკომპანია „მაჰან ეარი“ საქართველოს მიმართულებით ფრენის განხორციელებას დაიწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რათა „მაჰან ეარი“ აბრეშუმის გზის ნაწილი გახდეს.
კომპანიამ უკვე დაიწყო თანამშრომლობა სომხეთთან და უახლოეს პერიოდში ის ქართულ ბაზარზე შემოსვლასაც აპირებს. ამ დროისათვის „მაჰან ეარი“ რეისებს მსოფლიოს 11 ქვეყნის მიმართულებით ასრულებს: თურქეთი, დუბაი, გერმანია, და სხვა მიმართულებები, თუმცა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი თურქეთი და დუბაია.
5-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოში ბრუნდება რუსული „აეროფლოტი“. იგი 27 ოქტომბრიდან რეგულარული რეისები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად შეასრულებს. „აეროფლოტს“ კვალდაკვალ მოჰყვება არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ეარ არაბია“. სწორედ მისი შემოსვლა არის ყველაზე მეტად საინტერესო, რადგან მომხმარებელს და კონკურენტებსაც ბილეთების გაიაფების მოლოდინი აქვთ.
„ეარ არაბია“ ავიარეისებს 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებს და თავდაპირველად კვირაში ორჯერ შეასრულებს. სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არაბული კონკურენტების გადაწყვეტილებას აფასებენ. კომპანიაში „ფლაივისტაში“ ამბობენ, რომ მას კონკურენტად აღიქვამენ, თუმცა ეს ფაქტი მათ მუშაობასა და ფასებზე გავლენას არ მოახდენს.
„რა თქმა უნდა, ის ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. ზოგადად საქართველოში კონკურენტუნარიანობა მაღალია, სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც ოპერირებენ ბაზარზე. ჩვენ გეგმების მიხედვით მივდივართ და ეს კომპანიის ფასებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადეს „ფლაივისტაში“.
ავიაკომპანია „ატლასჯეტში“ კი არაბული კომპანიების საქართველოში შემოსვლას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ეს ბაზრის ზრდას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში შემომსვლელი და გამსვლელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის. რაც შეეხება კონკურენციას, „ატლასჯეტში“ აღნიშნულ ავიაკომპანიებს კონკურენტად არ აღიქვამენ, რადგან მათ განსხვავებული მიმართულებები აქვთ.
„ეარ არაბია-ს სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „გასაა“ („პეგასუსი“). კომპანიის ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვენელი სალომე მართიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალი არაბული კომპანია მხოლოდ აზიის მიმართულებით ივლის, „პეგასუსი“ კი - ევროპის.
„საქართველოში ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს. ჩვენ ორივესთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და გვაქვს ექსკლუზიური უფლება, რომ მათი ბილეთები საქართველოს ტერიტორიაზე გავყიდოთ“, - განაცხადა მართიაშვილმა.
კომპანიაში ამ ეტაპზე ბილეთების ფასს ვერ ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.