საუბრები როკ ვოკალზე, ანუ Ramble On... (გაგრძელება)

საუბრები როკ ვოკალზე, ანუ Ramble On... (გაგრძელება)

ახლა კი მოდით, სხვა მომღერლებზეც ვისაუბროთ და ვფიქრობ, რომ საკვირველი სურათი წარმოგვიდგება ზოგიერთი მათგანის საკუთარი ჯგუფის პოპულარიზაციასთან მიმართებაში.

დავიწყოთ მაგალითად იან გილანით, რომელიც ლეგენდარული Deep Purple-ს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, კოლექტივის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და ამაში ნაცნობი კომპოზიტორული ხელწერა არ არის უმთავრესი. როგორ არ გავიხსენოთ ამ დროს სტივ მორსის შეფასება, რომელიც აცხადებს, რომ "გილანი ამ ქვეყანას Deep Purple-ს მომღერლობისთვის მოევლინა".

ვერც შეედავები, მაგრამ მოდით გადავავლოთ თვალი Deep Purple-ის წარსულს და დავრწმუნდებით, რომ ჯგუფმა შეძლებისდაგვარად (და ვინძლო საკმაოდ უმტკივნეულოდ) გადაიტანა იან გილანის ვოკალის ჩანაცვლება ჯერ დევიდ ქოვერდეილით, ხოლო შემდგომში კი "დღევანდელი გილანით".

Perfect Strangers-დმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მისი ხმა აქ უკვე ძველებურად ვეღარ ჟღერს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯგუფის ახალ ნამუშევრებზე სტივ მორსთან ერთად.

მიუხედავად ამისა, Deep Purple-ს ვუსმენთ, მოგვწონს, ვეგუებით და განსაკუთრებით დღევანდელ მსმენელს ზოგჯერ ურჩევნია კიდეც ახალი ნამუშევრები In Rock -სა თუ Machine Head-ს, იმდენად მნიშვნელოვანია ინსტრუმენტული ფაქტორი კოლექტივში და ეფექტურადაა იგი მორგებული ამ „ახალ ვოკალზე“.

თუკი პარალელს გავავლებთ Led Zeppelin-თან, რომლის დაშლის შემდეგაც რობერტ პლანტის გარეშე, ვერც ჯიმი პეიჯმა, ვერც ჯონ პოლ ჯონსმა, ღირებული ვეღარაფერი შექმნეს, Deep Purple-ს ძლევამოსილი და მრავალრიცხოვანი ოჯახიდან, მარტო რიჩი ბლექმორის Rainbow არის საკმარისი ლეგენდარული ხუთეულის დაშლის შემდეგ თუ მასთან პარალელურ რეჟიმში არსებობისას, გილანის გარეშე ჯგუფის სხვა წევრების შემოქმედების უმაღლეს დონეზე წარმართვაში დასარწმუნებლად.

რაშია საქმე. რითაა ნაკლები გილანი თუ წინა წერილში მოყვანილი პიტერ გებრიელი  პლანტსა და მერკურიზე, რომლებიც თავ–თავიანთ ჯგუფებში პოპულარობის გადამწყვეტ ფიგურებად გვევლინებიან.

სანამ ამაზე ვეცდებოდეთ პასუხის გაცემას, მოდით Black Sabbath-იც გავიხსენოთ, რომლის მთავარი მომღერლის – ოზი ოსბორნის ხმა იმდენად გამორჩეულია როკ სამყაროში, რომ თუნდაც რობერტ პლანტისგან განსხვავებით, რომელსაც Kingdom Come-ში კლონი გამოუჩნდა, მისი მიბაძვა ოდნავადაც კი არ უცდია არცერთ ჭკუათმყოფელ მომღერალს, რომ აღარაფერი ვთქვათ Black Sabbath–ში ოსბორნის მემკვიდრეებზე – დიოზე, მარტინზე, იმავე გილანსა თუ გლენ ჰიუზზე, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ მათგანს უწევდა ოსბორნის პერიოდის სიმღერების შესრულება კონცერტებზე.

აქ მსმენელთა აზრი ორად იყოფა და გილან–ქოვერდეილის წყვილისგან განსხვავებით, რომლის მიმართაც როკ მუსიკის მოყვარულთა რადიკალიზმი ნაკლებად შესამჩნევია, Black Sabbath–ის მრავალი თაყვანისმცემელი საერთოდ უგულვებელყოფს ოსბორნის შემდგომი პერიოდის ჯგუფის შემოქმედებას.

მაგრამ ალბათ საღი აზრი და თუნდაც Black Sabbath–ის 1980 და1981 წლების ალბომები საპირისპიროზე მეტყველებენ.

თუკი რობერტ პლანტის და ფრედი მერკურის წასვლის შემდეგ, Led Zeppelin და Queen ხელწერას აუცილებლად დაკარგავდნენ, ოსბორნის გარეშე დარჩენილი Black Sabbath–ის არცერთ ალბომში არ იგრძნობა იმ მძლავრი ფუნდამენტის მოშლა, რასაც დღემდე ემყარება კვლავაც უკვე ოსბორნის დროინდელი ჰარდ ენდ ჰევი ბუმბერაზი.

მეტიც - ტონი აიომი, მარტინის პერიოდის ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ დიომ ოსბორნის შემდეგ მისი გიტარის პარტიებს უფრო ფართო დიაპაზონი შესძინა, ხოლო მარტინმა კი ფანტაზია საერთოდ გაუასმაგა...

ახლა კი გავავლოთ პარალელი პეიჯ–პლანტის ტანდემთან, სადაც რამდენიმე პოპულარული გამოცემის მიხედვით მსოფლიოს უძლიერეს გიტარისტად წოდებულ პეიჯს, რეალურად 1976 წლის მერე, ახალი არაფერი შეუქმნია პირადი შემოქმედებითი დაკმაყოფილებისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გიტარის, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტის სფეროში, რაიმე სიახლის დანერგვის თვალსაზრისით.    

საინტერესოა დევიდ ქოვერდეილის ფაქტორი  Deep Purple-თან და Whitesnake–თან მიმართებაში. პირველ შემთხვევაში იგი გილანის საქმის გამგრძელებელი და უდავოდ ძლიერი მომღერალია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მისივე ჯგუფის სულისჩამდგმელი და პოპულარობისათვის უმთავრესი ფიგურა.

აქ, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თავსატეხამდე მაინც მივდივართ. როგორ ხდება, რომ Whitesnake-ის კონცერტებზე ქოვერდეილი, Deep Purple–ს სიმღერების შესრულებისას ისეთივე წამყვანი ფიგურაა, როგორც Whitesnake-ის რეპერტუარის დაკვრისას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ნამღერი Burn სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – საცოდაობაა 1974 წლის ვერსიებთან შედარებით, სადაც მისამღერს აქ ნამდვილად არავინ ამღერებდა ქოვერდეილს?

გადავინაცვლოთ King Crimson–ში, რომელშიც 1969–1974 წლებში 5(!)–მა ვოკალისტმა იმღერა. თითქოს ვერც წარმოგვიდგენია ლეიკის გარეშე პირველი ორი, თუ უეტტონის გარეშე ბოლო სამი ალბომი, მაგრამ საწინააღმდეგოზე მეტყველებს პროგრესივ მონსტრის შემოქმედება, რომლის ლიდერ რობერტ ფრიპს, მეორეს მხრივ, 70–ებში არასოდეს ჰყოლია გიტარ სოლოებზე აწყობილი ჯგუფი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ეფექტურობით ცვლის (დღემდე) შემადგენლობას.

ასე რომ, აქ „ჯონ ანდერსონის Yes–თან“ პარალელის გავლება ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის სახელი King Crimson–ის ზემოთხსენებულ ვოკალისტთა ხუთეულში მოიპოვება.

ალბათ უმჯობესია, თუ თვით რობერტ ფრიპის სიტყვებს მოვიშველიებთ საკუთარი ჯგუფის დახასიათებისთვის: „King Crimson-ში მთავარი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ აქ ყოველთვის თავს იყრიან საუკეთესო მუსიკოსები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საკუთარი განწყობების ნაზავ მუსიკას ჰქმნიან“...

ალბათ ამომწურავია აზრი, მაგრამ რა ვუყოთ სხვა ჯგუფების დახასიათებას ვოკალისტებიდან გამომდინარე, რომელთაგან ზოგიერთი ამა თუ იმ ჯგუფის პოპულარობის წინაპირობაა, ხოლო ზოგიერთი (და მათზე თითქოს არაფრით ნაკლები) კი არა?

ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მეტნაკლებად ზუსტი პასუხის გასაცემად, კიდევ ერთი კრიტერიუმი – გავლენიანობა უნდა მოვიშველიოთ და სწორედ ამ კრიტერიუმს მივუსადაგოთ პოპულარობის ფაქტორი სხვადასხვა მომღერლებთან და აუცილებლად ჯგუფის ინსტრუმენტულ პალიტრასთან მიმართებაში, რასაც მომავალ კვირას განვახორციელებთ.