სწავლა დაიწყო და ახალი ძალით დაიწყო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება. პირველი მასობრივი მონიტორინგი გაზაფხულზე ჩატარდა და უამრვი დარღვევა გამოვლინდა. თითქმის ყველა შემოწმებულ სკოლაში მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოჩნდა. რამდენად გამოსწორდა მდგომარეობა, ეს საზოგადოებას ძალიან მალე ეცოდინება.
სურსათის ეროვნული სააგენტომ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, საჯარო სკოლებისა და ბაგა ბაღების კვების ბლოკების სახელმწიფო კონტროლი გააგრძელა. 2014 წელს ინსპექტირება 380 საჯარო სკოლის ბუფეტში განხორციელდა. გადამოწმდა ის 269 ბაგა-ბაღი, რომელთა სახელმწიფო კონტროლი 2013 წელს ჩატარდა. დარღვევებიც საკმაოდ მრავლად გამოვლინდა.
ამჯერად საწყის ეტაპზე გადამოწმდება ის ობიექტები, რომელთა ინსპექტირება უკვე ჩატარდა და სახელმწიფო კონტროლის დროს გარკვეული რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ. მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამოქმედდება საჯარიმო სანქციები.
შემოწმებული 380 სკოლიდან, არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის გამო, ყველა მათგანს მიეცა რეკომენდაცია. კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო კი თბილისში 71-ე, 112-ე, 113-ე და 166-ე საჯარო სკოლის ბუფეტები დაიხურა.
საქართველოში 2000-მდე საჯარო სკოლაა. 2014-15 წლებში ყველა მათგანის შემოწმება იგეგმება, შემდეგ კი ინსპექტირება ჩატარდება კერძო სკოლებში, კერძო ბაღებსა და უმაღლესი სასწავლებლების ბუფეტებში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება მათი პრიორიტეტია. წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული სკოლა შემოწმდა, უმეტეს მათგანზე აღმოჩენილია ეტიკეტირებისა და პროდუქტის შენახვის ნორმის დარღვევა. გარდა ამისა, „ბუფეტებში“ არ არის ცხელი და ცივი წყალი, რაც ართულებს ჰიგიენური ნორმების დაცვას.
მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ადასტურებს, რომ თითქმის ყველა შემოწმებულ სკოლაში სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სკოლების შემოწმება ხდება წინასწარი გაფრთხილებით, თუმცა ამის მიუხედავად, კვების ბლოკებში მაინც პრობლემებია.
ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლებს გონივრული ვადა ეძლევათ, რომელიც ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით დგინდება. ამჯერად სწორედ მათი ხელახალი შემოწმება ჩატარდება, რამეთუ გონივრული ვადა უკვე ამოწურულია.
„სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება -კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საკითხი მომავალ თაობას ეხება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე სკოლა. სწავლის განახლებასთან ერთად, აუცილებლად გაგრძელდება მათი კონტროლი.
სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ირღვევა ეტიკეტირების წესები, პროდუქტის შენახვა-რეალიზაციის ნორმა. ცხელი წყლის არარსებობის გამო, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელია. რამდენიმე სკოლის „ბუფეტი“ საერთოდ დაიკეტა და მათ გარკვეული პერიოდი მიეცათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად“, - ამბობს მადონა კოიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების შედეგებს უახლოეს მომავალში გამოქვეყნებს. სასწავლო დაწესებულებების კონტროლის გაისადაც გაგრძელდება.