ანტიმონოპოლიური სამსახური, ანუ კონკურენციის სააგენტო, რომელიც 2014 წლის 14 აპრილიდან შეიქმნა, წესით და რიგით 2 კვირაში სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებისა და ექსპერტების ნაწილს აღარ სჯერა, რომ ეს უწყება როდესმე გამართულად იმუშავებს, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია ამ უწყების ამოქმედებაზე მიდის საუბარი, მაგრამ რეალურად საქმე წინ ვერ მიდის
ახლაც კონკურენციის ამოქმედებისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული რიგი სამართლებრივი აქტების მიღება. ასე მაგალითად, 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე სააგენტომ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
1) თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი, 2) ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები, 3) განცხადებასა და საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და საქმის მოკვლევის წესის და პროცედურა, 4) კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი.
„აღნიშნულ სამართლებრივ აქტთა პროექტების მომზადებაში ჩართული იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაქირავებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. შესაბამისად, მათ მიერ მომზადებული კანონქვემდებარე აქტთა პროექტები, კონკურენციის სააგენტოს რედაქტირებით, ამჟამად გადის შეთანხმების პროცედურას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან. ამდენად, 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დასრულებულ იქნება ყველა ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღების პროცედურა“, - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
რაც შეეხება სამსახურის კადრებით დაკომპლექტებას, სააგენტოს საშტატო რიცხოვნება შეადგენს 54 ერთეულს (ცენტრალური აპარატი და რეგიონული წარმომადგენლობები ჯამში). ამასთან, როგორ „კომერსანტს“ სააგენტოში განუცხადეს, თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით ეტაპობრივად, იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია გააჩნდეს მის თანამშრომლებს.
ანპიმონოპოლიური სამსახურის ამოქმედებას საზოგადოება დიდი ინტერესით მოელის, რადგან სწორედ მისი მეშვეობით უნდა მოხდეს ქვეყანაში მონოპოლური და ოლიგოპოლიური ბიზნესების ნგრევა. თუმცა, კონკურენციის სააგენტოს ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ პირველივე ინტერვიუში უცნაური რამ განაცხადა, რომლის შინაარსიც ასე ჟღერდა: კონკურენციის სააგენტო მონოპოლიების მნიშვნელოვან საფრთხეს ვერ ხედავს!
ექსპერტები ასეთმა დამოკიდებულებამ გააოცა. ლევან კალანდაძისთვის საერთოდ გაუგებარი აღმოჩნდა ბარაბაძის განცხადება. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება მთავრობაში სწორედ იმ განცხადებებით მოვიდა, რომ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა ეჭირათ. თუკი სააგენტოს ხელმძღვანელს კვლევები არ ჩაუტარებია და განცხადება ბაზარზე მონოპოლიების არსებობაზე კითხვის ნიშნებს აჩენს (რადგან თუ ბაზარზე მონოპოლისტ კომპანიებს ვერ ხედავს), მას სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა არ უნდა ეკავოს.
კალანდაძის განცხადებით, ხელისუფლებას ჰქონდა დიდი დრო იმისთვის, რომ კონკურენციის შესახებ კანონზე მუშაობაზე პარალელურად ემუშავა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზეც, რაც არ გაკეთდა. ამიტომ, მისი აზრით, სააგენტო 2015 წლამდე რეალურად ვერ ამოქმედდება, რადგან ყველაფერი მოსამზადებელია და დასაკომპლექტებელია სამსახური. აქედან გამომდინარე, ექსპერტს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ფორმალურად გაკეთდა და არა იმისთვის, რომ რეალური რეგულაციებით ნაბიჯები კონკურენტული გარემოს კვლევისთვის გადადგმულიყო.