სამინისტროს მანევრი სარეცეპტო ბრძოლაში

სამინისტროს მანევრი სარეცეპტო ბრძოლაში

რეცეპტების შემოღებამ, პოლიკლინიკებში რიგებმა და აფთიაქებში ექიმების გამოჩენამ საზოგადოებშაი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთი კვირის განმავლობაში უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. ამიტომაც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე „რეცეპტომანია“ მთავარი განსახილველი საკითხი იყო.

დავით სერგეენკოსთვის მესამე პირის გადმოცემით რეცეპტის დაწერა მიუღებელია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, როდესაც ექიმს ექნება კანონით გასაზღვრული ვალდებულება, რომ რეცეპტი გამოწეროს.

„ექიმის კაბინეტები დასაშვებია ერთადერთ შემთხვევაში: როდესაც ეს ექიმი განახორციელებს კანონით დადგენილ საქმიანობას და არ დაკავდება მხოლოდ რეცეპტების გამოწერით. მესამე პირის გადმოცემით ექიმის აქტივობა მიუღებელია. უშუალოდ მკურნალ ექიმთან, ან ოჯახის ექიმთან უნდა მოახერხოს პაციენტმა მისვლა და ამ ექიმებმა უნდა გამოწერონ შემდგომში მისი მკურნალობისთვის რეცეპტი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ურეცეპტოდ გასაცემ წამლების სიას სამინისტროში უმალ გააანალიზებენ.

„ერთი იყო მედიკამენტების ნაწილის გადატანა ჯგუფიდან ჯგუფში. ეს მიმდინარე საკითხია. ვერანაირ შეზღუდვას ვერ ვხედავ. დღის განმავლობაში მოგვაწვდიან სიებს და მას სწრაფად გავაანალიზებთ.

მეორე საკითხი არის ის, რომ მიდიოდა ხშირად ექიმებისგან არასრულყოფილად გამოწერილი რეცეპტები, ამაზე შევთანხმდით კომუნიკაციასა და კონკრეტულ რეაგირებაზე. მესამე საკითხი, რაც მათ მიერ იყო წამოყენებული, ის იყო, რომ უფრო მკაცრი კონტროლი განგვეხორციელებინა იმ აფთიაქებისადმი, რომლებიც დარღვევით ახორციელებენ ამ რეგულაციას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოვალეობაა და ასეც მოვიქცევით“, - განაცხადა მინისტრმა.

ე.წ. აფთიაქის ექიმების გამოჩენაზე განმარტებას აკეთებენ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები. გია ჩიგოგიძე, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონის სრული დაცვით, კომპანიამ საგანგებოდ შექმნა ექიმების კაბინეტები აფთიაქების მახლობლად თავისი მუდმივი პაციენტებისთვის, პირველ რიგში, პენსიონერებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება:

„ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც დადგენილი აქვთ დიაგნოზი და დიდი ხანია იღებენ ერთსა და იმავე მედიკამენტებს. ასევე არ მოქმედებს არანაირი შეზღუდვა, რომ ეს წამალი გამოწეროს ექიმმა მხოლოდ და ის წამალი - არა. ასეთი რამ გამორიცხულია. ჩვენ ეს უფასო სერვისი შევქმენით ჩვენი მომხმარებლისათვის, მაგრამ თუ გარედან შემოდის ვინმე, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან...

თანდათანობით ეს ყველაფერი დაიხვეწება, რათა ხარვეზები აღარ იყოს. ამ კლინიკებში არიან ძალიან კვალიფიციური, სერტიფიცირებული ექიმები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და კერძო პრაქტიკის უფლება“, - აცხადებს ჩიგოგიძე.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინე ჭელიძე ამბობს, რომ სიახლემ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ითქვას რეცეპტის ინსტიტუტზე:

„რა თქმა უნდა, აუცილებელია რეცეპტის ინსტიტუტი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დროებით გარკვეული ტიპის მედიკამენტები გადავიდეს მესამე ჯგუფში. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ისეთი წამლები, რომლებიც წლებია გამოიყენება და არ დაფიქსირებულა რამე სახის მნიშვნელოვანი უკუჩვენებები“, - ამბობს ჭელიძე.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც წამლების გაცემის ახალი რეგულაციების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, „პეესპეს“ დამფუძნებელი და პარლამენტარი კახა ოქრიაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით ახალი რეგულაციების ერთადერთი შედეგი ისაა, რომ საქართველოს პენსიონერები სიბერეს რეცეპტის რიგში გაატარებენ.