მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ვერ ახერხებს. სპეციალისტების აზრით, 9 თვის ბიუჯეტის გეგმა დაახლოებით 300 მილიონი ლარით გაირღვევა. ამ დროს გადასახადების აკრეფვაში პრობლემა არ არის და მაკროეკონომიკაც პროგნოზულ ჩარჩოებშია. რა იქნება წლის ბოლოს?
მთავრობა ოფიციალურად აღიარებს, რომ 2014 წლის 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. ამას ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ადასტურებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა და მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში იწყება.
დოკუმენტის მიხედვით, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი პრობლემა გრანტების ნაწილშია, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში, მათ შორის, ვალდებულებების ზრდაში.
შემოსულობებს 155-მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი. ვალდებულებებში ვერ შესრულდა საგარეო წყაროებიდან მოსაზიდი ფინანსები, რომელიც უფრო იაფი სესხია, ვიდრე საშინაო ფასიანი ქაღალდები.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრშიც ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი, შესაძლოა, 300–დან 400 მილიონ ლარამდე იყოს, თუკი რაიმე კარდინალურად არ შეიცვალა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემა საგარეო ვალდებულებებშია.
„9 თვის გეგმა როგორც ვხედავთ 630 მილიონი ლარის მიღება იყო უცხოური გრძელვადიანი სესხის ფორმით, ფაქტიურად კი – 170 მილიონი ლარია, ანუ მხოლოდ 27%. პრობლემური აღმოჩნდა არაფინანსური აქტივების ზრდაც, რაც სხვადასხვა უწყებების მიერ კაპიტალურ ხარჯებსაც მოიცავს და ის მხოლოდ 50%–ითაა ათვისებული.
წლევანდელი ხელგაშლილი ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსება გადაწყდა ვალების მოზიდვით. ბიუჯეტის შემოსავალი არის 9,1 მილიარდი, აქედან 1,6 მილიარდი ეს არის ვალი. 1 მილიარდი არის საგარეო ვალი, რომლის ნაწილი არის მიზნობრივი და საინვესტიციო პროგრამებს უნდა მოხმარდეს.
რაც შეეხება შიდა ვალს, ეს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებიდან აღებული ვალია, რომელიც წელს 600 მილიონი ლარის ოდენობით უნდა მიიღოს ბიუჯეტმა“, - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევვის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.
რამდენადაც ვალის დაბრუნების ერთადერთი წყარო არის საკუთარი შემოსავლები, ამ მხრივაც დიდად სახარბიელო ვითარება არ არის. საკუთარი საშემოსავლო ბაზა ჯერჯერობით დაბალია, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად.
„ბიუჯეტი ამ ორი წლის განმავლობაში არის ძალიან სარისკოდ დაგეგმილი, ხოლო ხარჯები არის ისეთი გაწეული, რომელიც არის მუდმივი. არის გამოთქმა, რომ ძალიან ძნელია მოხვდე ბიუჯეტის დაფინანსებაში და მერე უკვე შეუძლებელია იქიდან, რომ ამოვარდე. ამიტომ მუდმივი ხარჯების დაფინანსება უკვე შეუძლებელი იქნება მხოლოდ ვალის ხარჯზე“, - აცხადებს გოცირიძე.
საბოლოო სურათი ბიუჯეტის შესრულება-არშესრულებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდება, როცა 9 თვის მაჩვენებლები იქნება ცნობილი. მაშინ უკვე დანამდვილებით შესაძლებელი იქნება პროგნოზი რამდენი მილიონი ლარი დააკლდება ბიუჯეტს შემოსულებების მხრივ.