„სომხეთში თბოსადგურის მშენებლობამ შესაძლოა, აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭოს“,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე.
საუბარია იმაზე, რომ ყველაზე მდიდარი ქართველების ოცეულში შესული ბიზნესმენი - თეიმურაზ ქარჩავა სომხეთში 600 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ამ ფულით ვანაძორში აიგება გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 540 მეგავატი იქნება და, საიდანაც სომხური მედიის ცნობით, ელექტროენერგია ექსპორტით ისევ საქართველოში შემოვა.
„ჩემი ქონება კგბ“-მაც კი ვერ დათვალა“, - სიამაყით აცხადებს თეიმურაზ ქარჩავა. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც For.ge-ს სანდო წყარომ აცნობა, მას საკუთარი თანამშრომლების მიმართ დავალიანებაც კი ვერ გაუსტუმრებია. ამდენად, გაუგებარია, საიდან უნდა მოიტანოს ფული თეიმურაზ ქარჩავამ ან ვინ უნდა მისცეს მას 600-მილიონი?!
„ეს არასერიოზულია, ეს რაღაც მოძრაობებია, თვალებში ნაცრის შეყრაა და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს ჩვენს ქვეაყანაში. ძალიან მიკვირს ასეთი ადამიანების რეკლამირება. უშუალოდ ქარჩავას არ ვიცნობ, მაგრამ შემთხვევით ვიცი, რომ მას არ აქვს სახსრები ასეთი გრანდიოზული პროექტებისთვის და ვისი იმედი აქვს, არც ის ვიცი“, - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.
სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ქარჩავას უძრავ-მოძრავი ქონება (რომელიც, ძირითადად, რუსეთში დააგროვა) 200 მილიონ დოლარს აჭარბებს.
თეიმურაზ ქარჩავას შესახებ საქართველოში მას შემდეგ გახმიანდა, რაც მან ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა, რომლის ღრმაწყლიანი პროექტიც მას უკვე 2001 წელს ჰქონდა. ბიზნესმენის თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, მოგვიანებით კი აღნიშნული პროექტი მისი დაკვეთით შეიქმნა.
დღეს უკვე Anaklia IEP Holding-ი (Industrial Eco Park)-ის ხელმძღვანელის ამპლუაში მყოფი თეიმურაზ ქარჩავა აცხადებს, რომ სომხეთში გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგური სრული დატვირთვით 2018 წელს ამუშავდება და იქ გამომუშავებული ელექტროენერგია ანაკლიას მოხმარდება. კერძოდ, ქარჩავას თქმით, ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა იგეგმება, სადაც ასევე, შეიქმნება ინდუსტრიული, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი. ყველა ამ ობიექტს წელიწადში საშუალოდ 800 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება, რასაც საქართველოში არსებული ენერგორესურსები ვერ გასწვდება. ამიტომ, თუ ქართული სახელმწიფოს ნება იქნება, სომხეთის თბოელექტროსადგურში გამომუშავებულ ელექტროენერგია უპირველესად საქართველოში შემოვა. თუმცა პარალელურად, ამ ელექტროენერგიის გასაღების ბაზარი იქნება თურქეთი, ირანი და რუსეთიც.
ამის საპირისპიროდ, ჩვენთან საუბარში ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე განმარტავს, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოში ანაკლიისთვის ელექტროსადგური უნდა აშენდეს. ამ ლოგიკით შეიძლება, ციმბირიდანაც კი წამოვიღოთ ელექტროენერგია ანაკლიისთვის. ამას არავინ შეეწინააღმდეგება და არც არავინ შეუშლის ხელს. თუმცა სადღაც, სხვა ქვეყანაში ელექტროსადგურის აშენება იმისთვის, რომ საქართველოს მიეწოდოს ელექტროენერგია, გამართლებული არ არის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავად ძალიან დიდი ჰიდროენერგეტიკული რესურსები გააჩნია. ამდენად, რევაზ არველაძის თქმით, ელექტროსადგურის მშენებლობა ყველაზე უფრო მოსახერხებელი დასავლეთ საქართველოს ნებისმიერ მდინარეზე იქნება. მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ნესკრაზე უნდა აშენდეს 200-მეგავატიანი ელექტროსადგური, დაგეგმილია ნამახვანის ელექტროსადგური, 400 მეგავატი საერთო სიმძლავრით, რაჭაში, ონის ელექტროსადგურები 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრით, აჭარისწყალზე და ა.შ. ხობი იქნება თუ ტეხური, საკმაოდ ძლიერი პოტენციალის მქონე მდინარეები აქვს დასავლეთ საქართველოს, რომელიც იქვეა ფოთთან და არანაირი სხვა ქვეყნიდან ელექტროენერგიის შემოტანა აღარ დაგვჭირდება.
„მოლოდინი იყო, რომ იმ ხაზით, რომლითაც საქართველო დაკავშირებულია თურქეთთან, აზერბაიჯანი გაიტანდა ელექტროენერგიას თურქეთში. თუმცა სწორედ ამ ხაზით ენდომება ინვესტორ ქარჩავას, სომხეთში აშენდეს თბოელექტროსადგური. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბული ვითარება ყველას კარგად მოეხსენება. აქედან გამომდინარე, ან აზერბაიჯანმა უნდა გაატაროს ამ ხაზში ელექტროენერგია, ან სომხეთმა. თუ სომხეთს დავუთმობთ ამ ხაზს, მაშინ რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან უხერხული სიტუაცია შეგვექმნება, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც სრულად ჩამოკიდებულნი ვართ გაზის მიღების თვალსაზრისით. ამიტომ აზერბაიჯანთან სახელმწიფოს მხრიდან ასეთი თამაშები სწორი არ იქნება. როცა კერძო კომპანია ლაპარაკობს ამას, ეს კიდევ გასაგებია. კერძო კომპანიას სადაც უნდა, იქ ააშენებს ელექტროსადგურს, მაგრამ, თუ ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ინვესტორს იმის საშუალებას მისცემენ, რომ მან საქართველოს გავლით, სახელმწიფოს კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით გაატაროს ელექტროენერგია, მაშინ გამორიცხული არ არის, აზერბაიჯანთან უხერხული სიტუაცია შეგვექმნას. უფრო სწორად, გამორიცხული კი არა, მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეიქმნება ასეთი უხერხული სიტუაცია“,- გვითხრა რევაზ არველაძემ.
მისი თქმით, 600-მილიონდოლარიანი ინვესტიციით თეიმურაზ ქარჩავას იგივე სადგური რომ აეშენებინა საქართველოში, ეს ყველანაირად გამართლებული იქნებოდა. ბიუჯეტში საკმაოდ დიდი შენატანიც იქნებოდა და დასაქმდებოდა ქართველი მუშახელი, რომელიც მომავალშიც ელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე განაგრძობდა მუშაობას.
***
რაც შეეხება სომხეთის ინტერესებს, სომხები ჩვენ დიდი ხანია გვთხოვენ, ვიყიდოთ მათი ელექტროენერგია, რადგან ბირთვული ახალი რეაქტორის აშენების შემდეგ ელექტროენერგიის სიჭარბე ექნებათ. ამიტომ სომხები ფიქრობენ, სად უნდა წაიღონ გამომუშავებული ელექტროენერგია. ცხადია, საქართველოში ამას ვერ გაყიდიან, რადგან ჩვენი ბაზარი არ არის ისეთი დიდი. ამის გამო სომხებს თურქულ ბაზარზე სურთ შესვლა. თუმცა თურქეთის ბაზარზეც თავად ვერ შევლენ აზერბაიჯანთან დაპირისპირების გამო, ამიტომ ქართულ მხარეს სთხოვენ, იქნებ, თქვენ იყიდოთ და შემდეგ გადაყიდოთ ელექტროენერგია, რაზეც ქართული მხარე ვერ წავა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აზერბაიჯანთან გააფუჭებს ურთიერთობას.