კახელი მევენახეები საპროტესტო აქციებს მიუბრუნდნენ

კახელი მევენახეები საპროტესტო აქციებს მიუბრუნდნენ

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კახელმა მევენახეებმა პროტესტი განაახლეს. ამჯერად მათ პრეტენზია არა სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიების მიმართ აქვთ, თუმცა დახმარებას მაინც მთავრობას სთხოვენ. პროტესტის საგანი საფერავზე შემცირებული ფასია. ერთი კვირის განმავლობაში 1 კგ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 70-80 თეთრით შემცირდა. ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებასა კატეგორიულად უარყოფს.

კახეთში რთველი 21 აგვისტოს დაიწყო. ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ. 27 აგვისტოდან ყურძენი გაძვირდა. 28, 29, 30 აგვისტოს 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2–დან 2.40 ლარამდე მერყეობდა. იმის მიუხედავად, რომ წელს კახეთში, სეტყვისა და გვალვის გამო, ხარისხიანი ყურძნის მოსავალი შემცირებულია, ყურძენზე მოთხოვნა კი გაზრდილია, 31 აგვისტოს, ღვინის 34–ვე კომპანიამ, საფერავზე ფასი ერთდროულად 1.50 ლარამდე დააგდო.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წლის ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ წელს, კახეთში 126 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. აქედან 96 ათას ტონამდე რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავია. დიდმა გვალვამ რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ყურძენი დააზიანა და დააჭკნო, შესაბამისად, მოსავლის რაოდენობა შემცირდა. წესით და რიგით, ასეთ პირობებში ფასი უნდა გააზრდილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ამიტომაც გლეხების რეაქციამაც არ დააყოვნა - ყვარელსა და გურჯაანში საპროტესტო აქციები გაიმართა.

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში ადგილობრივი მოსახლეობა ღვინის კომპანიებს საფერავის ჯიშის ყურძნის ფასის გაიაფების გამო დაუპირისპირდა. გლეხების განმარტებით, ორი დღის წინ ქინძმარაული 2.35 თეთრი ღირდა და დღეის მდგომარეობით კი კილო საფერავის ფასი 1.50 თეთრს არ აღემატება.

სოფელ შაქრიანის მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვამა იმის გამოც, რომ ყურძნის ჩაბარება „წონის დაკლებით“ უწევთ. „მაგალითად, ვაბარებთ 1 ტონა ყურძენს და გვაძლევენ 850 კგ ყურძნის ფასს. 15% სად მიდის, არავინ იცის“, - აცხადებენ გლეხები.

საფერავის ფასი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც გააპროტესტეს. მევენახეების თქმით, საფერავის გაიაფების გამო რთველი დროებით შეჩერებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ერევა და მის ფასს კერძო კომპანიები ადგენენ.

„ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებს. ფასი დაბალი არ არის. პირიქით, წელს არის უპრეცედენტოდ მაღალი ფასი, ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი ოდესმე საფერავის ჯიშის ყურძენზე ყოფილა. შარშანდელთან შედარებით საფასური 50 %-ით მეტია. რა თქმა უნდა, ყურძნის მაღალი ფასი განაპირობებს პროდუქტის მაღალ ფასს და საბოლოოდ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე აისახება.

თუ ინდუსტრიას შეუძლია, რომ ასეთი ფასი გადაიხადოს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რადგან გლეხები იღებენ უფრო მეტ შემოსავალს. რაც შეეხება ფასის შემცირებას - ფასი მერყეობს და ეს კარგია, რადგან საქართველოში თავისუფალი ფასებია და ჩვენი ქვეყანა არაა რეგულირებადი ფასების ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ფასი ვერ იქნება ვიღაცის მიერ დადგენილი. არ შეიძლება, რომ ის სახელმწიფოს მიერ იძულების წესით იყოს ფიქსირებული, მით უმეტეს აგროპროდუქტზე“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფომ შექმნა ის, რომ გლეხებისთვის მინიმუმ გარანტიებია შექმნილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებმა ლარზე ნაკლები არ გადაიხადონ.

„სუბსიდირების მექანიზმი მიბმულია ფასზე – 1 ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპანიები იღებენ გლეხებისთვის განკუთვნილი სუბსიდიის თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. „1 ლარის ფასი“, რაც იყო დაპირება, მიღწეულია, ხოლო ამის ზემოთ უკვე არის იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც იმ მომენტში ფიქსირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც - თუ ფასი იმატებს, როგორც წესი, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იკლებს და პირიქით. აქედან გამომდინარე, ალბათ, ფასმა პიკს მიაღწია და შემდეგ იწყო კლება, თუმცა ფასების მერყეობის მიუხედავად ყურძნის ფასი არის უპრეცედენტოდ მაღალი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.