ევროპის ბაზარი გაიხსნა, გასატანი პროდუქტი სანთლით საძებარია

ევროპის ბაზარი გაიხსნა, გასატანი პროდუქტი სანთლით საძებარია

აწ უკვე საქართველოდან ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე პროდუქციის შეტანა შესაძლებელია. სხვა საკითხია გვაქვს თუ არა რამე ევროპაში გასაგზავნი. თხილს და ორიოდე დასახელების პროდუქტს თუ არ ჩავთვლით, ბებერ კონტინენტზე ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს შევიტანთ, თუმცა, სამომავლოდ, ქართულ ეკონომიკას ევროპასთან ასოცირება ვინძლო ძალიანაც წაადგეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, 2014 წლის პირველი სექტემბერი საქართველოსთვის ისტორიული დღეა, რადგანაც იწყება ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედება. რაც შეეხება რატიფიცირების პროცესს, ფანჯიკიძე ვარაუდობს, რომ იგი, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„დროებითი ამოქმედება საქართველოს ეკონომიკას აძლევს საშუალებას უკვე დაიწყოს იმ პრივილეგიების გამოყენება, რომელიც მას ეძლევა ასოცირების ხელშეკრულებით. დარწმუნებული ვარ, ქართველი ბიზნესმენები, ქართული ბიზნესი ამ შესაძლებლობას ძალიან მალე გამოიყენებს. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, გარკვეული რეფორმების შესრულებაა საჭირო. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა არის დაწყებული და დარწმუნებული ვარ, მალე ბევრი ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომლებსაც გვაძლევს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება იმას თუ როდის დაიწყება რატიფიცირების პროცესი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტში, ფანჯიკიძის ინფორმაციით, ევროპაში უკვე დამთავრდა არდადეგები და ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი შეუდგებიან მუშაობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით,  იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა აქვთ საქართველოში ინვესტიციის შემოტნისა და წარმოების დაწყების სურვილი, შესაძლებლობა ექნებათ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ.

„თუკი მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია იქნება შესაბამისობაში, ასევე მათაც ეს შესაძლებლობა დღეიდან ეხსნებათ“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დროებით სწორედ პირველ სექტემბერს ამოქმედდა. ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. იგი ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შემდეგ პირველ შედეგებზე საუბარი ნაადრევია.

„დღეიდან, ოფიციალურად, ფორმალურად შესაძლებელია საქართველოდან ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე პროდუქციის შეტანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეწარმეებმა, მწარმოებლებმა უმოკლეს დროში შეძლონ სტანდარტების შესაბამის დონემდე მიყვანა, დაიკავონ თავისი ადგილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა, რომელიც მთავრობამ გაუხსნა ასოცირების ხელმოწერით ქართველ მეწარმეებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროებით ამოქმედებას ექსპერტები მთავრობის წევრთა მსგავსად დიდი აღტკინებით არ გამოხმაურებიან. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამ ეტაპზე ბევრს არაფერს ელის, თუმცა კი ადასტურებს, რომ ეს არის სამომავლო შანსი.

„ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რასაც ეს ხელშეკრულება გვაძლევს, დაახლოებით გვჭირდება ქვეყნის მომზადება 7-10 წლის განმავლობაში. დღეს არ არიან მზად ქართული კომპანიები ევროპულ ბაზარზე ღრმად ინტეგრაციისთვის. ამისთვის მათ არაფერი არ გააჩნიათ. ქვეყანას, რომელიც 75-80%-ით ჩამოკიდებულია იმპორტზე, არ შეიძლება დიდი პრეტენზიები გააჩნდეს“, - აცხადებს გიორხელიძე.

ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან, ოთხს აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა.