„სტაბილურის“ ნაცვლად „პოზიტიური“ - საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

„სტაბილურის“ ნაცვლად „პოზიტიური“ - საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moodys-მა საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა. უფრო კონკრეტულად კი, საკრედიტო რეიტინგში კატეგორია „სტაბილური“ ახალი კატეგორიით - „პოზიტიურით“ შეიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართ საერთაშორისო დონეზე  მეტი  მოლოდინი გაჩნდა.

თავად სარეიტინგო კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში მიმდინარე კონკრეტულ პროცესებს უკავშირებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ფაქტზე ამახვილებს, რომლის პირობებშიც საქართველოში მალე  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.

სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესებას ქართველი ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიესალმება და აღნიშნულ ფაქტს პოზიტიურად აფასებს.  ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ლევან კალანდაძე Moodys-ის რეიტინგზე  for.ge-სთან საუბრისას ყურადღებას ორ მთავარ საკითხზე ამახვილებს - რეიტინგის გაუმჯობესების საფუძველსა და მისი გამოყენების შესაძლებლობებზე.

„რეიტინგის გაუმჯობესების საფუძველი არის ევროკავშირთან ასოცირების და შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა და არა ის, რომ ქვეყანამ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა საფინანსო, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ან მიმზიდველობის და ეფექტურობის ზრდის კუთხით; Moodys საკრედიტო რეიტინგი, პრაქტიკულად, ქვეყნის შესაძლებლობების და პოტენციალის განმსაზღვრელი რეიტინგია. შესაბამისად, რამდენად ეფექტურად და რაციონალურად იქნება ქვეყნის ეს შესაძლებლობები და პოტენციალი გამოყენებული, რამდენად სტაბილური იქნება Moodys და სხვა საერთაშორისო რეიტინგ-კომპანიების შეფასებები, დამოკიდებულია არა თავად რეიტინგზე, არამედ მთავრობის მიერ განხორციელებულ გონივრულ და შედეგზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე“,- აცხადებს კალანდაძე.

ექსპერტის განმარტებით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შემდეგ საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე კრედიტები უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.

„ეს, რეალურად, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებასა  და საქართველოს იურიდიულ პირებს, რომლებიც  გარკვეული  საერთაშორისო პროექტების განხორიცელებაზე არიან ორიენტირებულები  ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ ფინანსურ რესურსებზე“,- აცხადებს ლევან კალანდაძე და განმარტავს, რომ ბიზნესსფეროში ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ბანკებისთვის, რომლებიც საკრედიტო რესურსებს, ძირითადად, უცხოურ ბაზრებზე მოიპოვებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია არა ის რომ 2014 წელს ჩვენ გაგვიუმჯობესდა რეიტინგი, არამედ ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში - წლიდან წლამდე ვაჩვენოთ რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია. ეკონომიკასა და ფინანსებში, სწორედ, ტენდენციაა მთავარი და არა ის, რომ 2014 წელს საქართველოს „სტაბილური“  შეიცვალა „პოზიტიურით“, - აცხადებს ლევან კალანდაძე და იმედოვნებს, რომ საქართველო საკრედიტო რეიტინგს მომავლ წლებში კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.

რეიტინგები და მათში განხორციელებული ცვლილებები  ეკონომიკის  ზრდის წახალისების კუთხით  უმნიშვნელოდ მიაჩნია ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს. იგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ  ეკონომიკაზე გავლენას მხოლოდ კონკრეტული კომპანიების გადაწყვეტილებები ახდენს.

„აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ რეიტინგებს.  ეკონომიკური რეიტინგები დემოკრატიის განვითარების შესახებ რეიტინგების მსგავსად ქვეყნდება.  შემდეგ საუბრებია იმაზე, თუ ვინ წაიწია ერთი ადგილით წინ, ან ჩამოქვეითდა. ამის შესაბამისად ცხოვრება არ იცვლება. ამ ტიპის ეკონომიკური რეიტინგები ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების სტიმული ვერ გახდება. ეკონომიკაზე გავლენის მოხდენა ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოსვლას შეუძლია. კომპანიების გადაწყვეტილების საფუძველი კი მათი ბიზნეს-გეგმა და ბაზრის გაფართოების სურვილია“,- აღნიშნავს თვალჭრელიძე.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი for.ge-სთან საუბრისას იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს, რამაც საბოლოოდ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გამოიწვია.

„რეიტინგი იგივე დარჩა. უბრალოდ, ტენდენციის მაჩვენებელი შეიცვალა სტაბილურობიდან პოზიტიურობისაკენ. ესეც კარგია, რა თქმა უნდა. ამის მიზეზი რამდენიმეა. წელს ეროვნულმა ბანკმა გაისტუმრა სავალუტო ფონდის წინაშე არსებული ვალი მთლიანად. ვალის დიდი ნაწილი მთავრობამაც დაფარა. შეჩერდა ლარის გაუფასურების ტენდენცია, რამაც სახიფთო სახე მიიღო ნოემბერ-იანვრის თვეში და დიდძალი უცხოური ვალუტის რეზერვები შეიწირა (470 მილიონი დოლარი). ბოლო ექვს თვეში კურსი დასტაბილურდა და აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა შეავსო რეზერვები 100 მილიონი დოლარის ოდენობით. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება ტურისტულული სეზონიდან გამომდინარე. არ შემცირებულა უცხოეთიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან გადმორიცხვები, რისი საფრთხეც რეალურად იყო - განსხვავებით წინა წლებისგან არ მატულობს, თუმცა არც მცირდება. ანუ, ის საფრთხეები, რომლებიც საგარეო ვალდებულებების შესრულებას შეაფერხებდა, არ შეიმჩნევა“, - განმარტავს რომან გოცირიძე და აღნიშნავს, რომ პარალელურად საქართველოში კვლავ არსებობს  ბიუჯეტის ჩავარდნის საფრთხე ხარჯვით ნაწილში, რაც წლის ბოლოს გამოჩნდება და სარეიტინგი კომპანიის  შეფასებაში  ასევე  არ არის გათვალიწინებული მთავრობის მიერ  სავალუტო ფონდიდან 154 მილიონი ლარის დამატებითი ვალის აღების ფაქტი.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა, შესაძლოა, ერთგვარდ გაჭიანურდეს კიდეც, რადგან  დოკუმენტის რატიფიკაცია ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს.

„თუნდაც ერთი ქვეყნის მიერ რატიფიკაციის  გაჯანჯლება სერიოზულ ნეგატიურ ფაქტორად შეიძლება იქცეს. თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა“,- აცხადებს რომან გოცირიძე.

საკრედიტო რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას მიესალმება, მაგრამ ამის გამო ქვეყანაში ინვესტიციების ბუმს არ ელის ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვაჟა ბერიძე. for.ge-სთან საუბრისას იგი განმარტავს, რომ კომპანიები, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას აპირებენ, რეიტინგებს აკვირდებიან, თუმცა, გადაწყვეტილებებს მხოლოდ მის მიხედვით არ იღებენ.

„მსოფლიოში სარეიტინგო კომპანიების მთელი ქსელი არსებობს. ისინი მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულები არიან. ძირითადად, უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მათი მონაცემებიც მეტ-ნაკლებად სანდოა. სასიამოვნოა, რომ დასავლეთის  ერთ-ერთი გავლენიანი  სარეიტინგო კომპანია პერსპექტიულად  აღიქვამს სიტუაციას საქართველოში. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ნაციონალების“ მიერ ქვეყანაში შექმნილი ისტერიის ფონზე - რომ თითქოსადა ხელისუფლებიდან მათი წასვლის შემდეგ გაუარესდა მდგომარეობა დაგაჩერდა ეკონომიკა“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

სარეიტინგო კომპანია Moody s -ში კი განმარტავენ, რომ  საქართველოს რეიტინგის  შემდგომში გაუმჯობესებაზე გავლენას ისეთი ფაქტორებიც იქონიებს, როგორიცაა რეგიონული სტაბილურობა  და რუსეთ-უკრაინის კრიზისისგან  გამოწვეული საფრთხეების შემცირება-გაქრობა, თუმცა ეს ფაქტორები რეიტინგის გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტი არ იქნება.