მოსახლეობამ აქცია გამართა ანაკლიაში. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მუსიკალური ფესტივალი „კაზანტიპის“ მხარდამჭერებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად უსაფუძვლოა. – მოსახლეობა აცხადებს, რომ მღვდლებმა აქციები თბილისში საროსკიპოების წინ ატაროს. – აქციის ერთ–ერთი მონაწილე ქალბატონის განცხადებით, დედაქალაქში მეტი გარყვნილება ხდება და მღვდლებმა თუ ანაკლიაში ჩასვლა გაბედეს მათ “თავებს დაუტეხავენ”.
“არავინ არ ჩამოვა ანაკლიაში. ამის პირობას ჩვენ გაძლევთ, ანაკლიელები. ანაკლიაში არავინ არ ჩამოვა მიტინგის გასამართავად. მიბრძანდნენ და სადაც უნდათ იქ ჩაატარონ მიტინგები. თბილისში ოფიციალური საროსკიპოები რომ არის ის მოხსნან.”-ასეთი სახის განცხადებებს აკეთებდნენ დღეს, ანაკლიაში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
„განა საქართველოში არ არის სექსი?“ ასე მიმართა კაზანტიპის ფესტივალის განმუხურში ჩატარების მომხრეთა აქციაზე ადგილობრივმა მკვიდრმა ოდიკ ჭაფანჯემ. ოდიკ ჭაფანძესთან ერთად ანაკლიაში 200 მოქალაქემ გააპროტესტა საქართველოს საპატრიარქოს მიერ 14 აგვისტოს დაგეგმილი, ფესტივალ „კაზანტიპის“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია.
დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 14 აგვისტოს უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დახვდებიან სასულიერო პირებს, რომლებიც „კაზანტიპის“ წინააღმდეგ გამოსვლებს სწორედ ანაკლიაში გეგმავენ.
ანაკლიელების და მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობის თქმით, ადგილობრივთა უმრავლესობა ფესტივალის გამართვის მომხრეა, რადგან ტურისტების განსაკუთრებით დიდ ნაკადს ელოდებიან.
„სესხი აიღო ხალხა სახლის გასარემონტებლად. ყველაფერი განვაახლეთ ამაში ფული დავხარჯეთ და კაზანტიპი, რო არ ჩატარდეს არ შეიძლება“, – უთხრა ჟურნალისტებს ანაკლიელმა ეკა გვილიამ.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები 14 აგვისტოს ანაკლიაში “კაზანტიპის” საწინააღმდეგო აქციის გმართვას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზი აანონსებს. მამა ანთიმოზის განცხადებით აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე მზად არის. როგორც ცნობილია ანთიმოზ ბიჩინაშვილი 2013 წლის 17 მაისს “ტრანსფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში აქციის დარბევაშია ბრალდებული. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.