„ხუდონჰესის“ მშენებლობის სახელმწიფოსთვის დაბრუნების საკითხი ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული. მართალია, ენერგეტიკის მინისტრმა ამაზე პირდაპირი მინიშნება გააკეთა, მაგრამ მეტი არაფერი თქმულა. ინვესტორიც რაიმე სახის მოლაპარაკებას არ ადასტურებს.
„ხუდონჰესის“ პროექტის სახელმწიფოს მიერ შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განცხადება რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ხუდონჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პროექტია. ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ინვესტორ კომპანიასთან და არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ, ამ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს“, - აღნიშნა კალაძემ.
მინისტრის მოსაზრებას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც ამბობს, რომ უმჯობესია პროექტი ინვესტორმა განახორციელოს, რადგან იგი უკეთესად მართავს და სახელმწიფო საკუთარ რესურს არ დახარჯავს. ლექვინაძის თქმით, სახელმწიფომ, უბრალოდ, საკუთარი ინტერესები კონტრაქტში უნდა დაუფიქსიროს, ხოლო ჩარევა თუ მაინც მოხდა, ეს იქნება იმ განცხადებების შედეგი, რომელიც ხშირად კეთდება გაუაზრებლად, რომ უცხოელი ინვესტორი ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგს ვერ მოიტანს.
„მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ განახორციელებს პროექტს, მთავარია, ის გარემოზე ზემოქმედების ნორმები იყოს დაცული რაც საჭიროა. „საერთოდ კი, ლოგიკურია ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე“, - აცხადებს ჩხობაძე.
მისი აზრით, ხუდონჰესის აშენების დროს, კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული გეოლოგია, წყლის, კლიმატის პრობლემები, წყლის ჩამონადენი, შესაძლოა, შემცირდეს, მიდის ინტენსიური დნობა და ის, რომ დღეს „ენგურს“ წყალი აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ 10 წლის შემდეგ იქ წყალი იქნება.
„ვინც არ უნდა განახორციელოს პროექტი, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა მოსახლეობის ინტერესი იყოს გათვალისწინებული“, - დასძენს ჩხობაძე.
ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი კი თვლის, რომ თუ პროექტი არ შეიცვალა, ხუდონჰესს სახელმწიფო ააშენებს თუ კერძო კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს.
„თუ პროექტი არ შეიცვალა, თუ ხალხის გადასახლება მოხდა, განსხვავებას - ვინ ააშენებს ჰესს - სახელმწიფო თუ ინვესტორი - ვერ ვხედავ. პროექტის შეცვლის გარეშე ხალხის პოზიცია არ შეიცვლება. პრინციპი ასეთია - მოსახლეობა გადასახლება არ უნდა მოხდეს, ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა არ უნდა დაზარალდეს. არსებული პროექტის შემთხვევაში, ისევ დაიწყება ჭიდაობა, ალბათ, ისევ ძალისმიერი მეთოდებით იმუშავებენ, რაც ნამდვილად კარგი არ არის და შედეგიც კარგი არ იქნება“, - აცხადებს მირონ ფირცხელანი.
რაც შეეხება თავად ხუდონჰესის ინვესტორს, კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ კომპანიასთან ამ ტიპის მოლაპარაკება არ გამართულა.
„ჩემი ინფორმაციით, კომპანიასთან, ინვესტორებთან ამ საკითხზე მოლაპარაკება არ გამართულა. რაც შეეხება, სახელმწიფოს მონაწილეობას ამა თუ იმ გენერაციის ობიექტის მშენებლობის საქმეში, სავარაუდოდ, მინისტრს მხედველობაში ჰქონდა სახელმწიფოს მიერ, ზოგადად ინვესტორებისათვის მაქსიმალურად გაუმჯობესებული გარემოს შექმნისათვის გზების ძიების საკითხები.
ვიცი არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ თუ სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას გენერაციის ობიექტის კაპიტალში გარკვეული წილით, ამან შესაძლებელია თეორიულად შეამციროს ქვეყანაში არსებული გარკვეული რისკი ინვესტორებისათვის. ვფიქრობ, საუბარი არ იყო მთლიანად სახელმწიფოს მიერ გენერაციის ობიექტების მფლობელობაზე და ალბათ, მოიაზრებოდა სახელმწიფო, ამა თუ იმ გენერაციის ობიექტის კაპიტალში მინორიტარულ აქციონერად და ისეც შეზღუდული ვადით“, - განუცხადა „კომერსანტს“ „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ.
იგი ამტკიცებს, რომ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ“ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა და ვალდებულება, რაც იყო გათვალისწინებული, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო რეგლამენტებით ამ ტიპის პროექტებისათვის.
„ჩატარდა დამტებით უამრავი უნიკალური კვლევა, რაც ასეთი ტიპის არც ერთ პროექტზე არ განხორციელებულა საქართველოში, კომპანია მზად არის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით გააგრძელოს პროცედურები მშენებლობის ნებართვის მისაღებად“, - აღნიშნა მირცხულავამ.