„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შედის. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია ნათქვამი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის ფედერაციის კანონპროექტში - საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შეჩერდეს, ტრაგედიას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ განსაკუთრებული დრამატიზებას არ უნდა მოვახდინოთ, მითუმეტეს, ჯერ ეს პროექტია და გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. მისივე განმარტებით, კარასინთან ბოლო შეხვედრის დროს ეკონომისტების ჯგუფებმა ორივე მხრიდან გაიარეს ეს საკითხები, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ მაშინ ცნობილი არ იყო ქართული მხარისთვის.
ცნობილია, რომ რუსეთისგან ეკონომიკური შემოტევის შემთხვევში, საქართველოს მთავრობა რუსეთის ეკონომიკური სანქციებისგან თავდაცვით სცენარზე მუშაობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ რუსული ბაზარი დაიხურება, სასიამოვნო არ იქნება, თუმცა არც კატასტროფის მომტანი. გეგმა არსებობს და სახელმწიფო შეეცდება რუსეთის შესაძლო აგრესია ნაკლებად მტკივნეული იყოს ექსპორტიორებისთვის. დავითაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ როცა არსებობს რისკი, მთავრობას ექნება ადეკვატური რეაგირება, რადგან სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა სტრატეგიული და პრიორიტეტული დარგია.
როგორც რუსული მედია მთავრობის სამუშაო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, მოსკოვი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების რამდენიმე სცენარზე მუშაობს. საქართველოს ყველაზე მკაცრი სცენარი მიესადაგება, რომელიც გარკვეულ პროდუქტზე სრულ აკრძალვას ნიშნავს.
როგორც ექსპერტი, ლევან კალანდაძე აცხადებს, მთავრობაში ერთადერთი ლევან დავითაშვილია, ვინც მიხვდა, რომ რუსეთის ეკონომიკური სანქციებისგან თავდაცვის სცენარზე მუშაობა სასწრაფოდ დასაწყებია... ამ კუთხით მოსალოდნელ რისკებსა და საქართველოს სამომავლო ეკონომიკურ შანსებზე for.ge ლევან კალანდაძეს ესაუბრა.
ლევან კალანდაძე: დავიწყოთ იმით, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არაერთგზის გვინახავს, როდესაც სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები ხდება-ხოლმე პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. შესაბამისად, რუსეთი თავის დომინანტურ მდგომარეობას სავაჭრო ურთიერთობებში ყოველთვის იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ასე იყო 2006 წელსაც, ფორმალურად რუსეთს სავაჭრო ურთიერთობების საერთაშორისო ნორმები არ დაურღვევია, რეალურად ემბარგო საქართველოსთვის არ გამოუცხადებია, მაგრამ გამოიყენა გარკვეული ინსტრუმენტი და სანიტარული ნორმების დარღვევის მოტივით, ქართულ პროდუქციას აუკრძალა რუსეთში შეღწევა.
იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდში ლავროვისა თუ მედვედევისგან ისმის და ევროპასთან ასოცირების შემდგომ პერიოდს ეხება, რომ გადაიხედება გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები მსო-ს ფარგლებში, საქართველო უნდა ელოდეს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რაც რუსეთს ყოველთვის გააჩნდა საქართველოს მიმართ - როდესაც რუსეთი გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ვაჭრობაში ბარიერების გაჩენას.
პირდაპირ ვაღიაროთ, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დაახლოება ევროპასთან და მასთან თავისუფალი ვაჭრობის შემოღება, რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს არ ესადაგება. ამიტომ, ეკონომიკური მოტივით განხორციელებული სანქციები მოსალოდნელია.
რუსეთი არ არის საქართველოსთვის ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, თუ ბოლო პერიოდში აღდგენილ სავაჭრო ურთიერთობებსაც გავითვალისწინებთ.
ჩვენთვის საინტერესოა ღვინო და ღვინომასალები, რომელიც შევიდა რუსეთში ბოლო წელს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცოტა დროა გასული ქართული პროდუქციის რუსეთში შესვლიდან, ქართულმა ღვინომ და ღვინომასალებმა მეხუთე პოზიცია დაიკავეს რუსეთში. ეს არის დაახლოებით 20%-მდე რუსეთის ალკოჰოლური ბაზრისა.
მეორე, მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელსაც ასევე, გარკვეული პერსპექტივა გააჩნია ამ სავაჭრო ურთიერთობებში.
შესაბამისად, თუ რუსეთი გადაწყვეტს, პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე, მოლოდინები ამ სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებაში უნდა არსებობდეს.
უნდა პირდაპირ ვაღიაროთ და ვიცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში გარკვეული ზარალის მომტანი იქნება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას და ბიზნესს არ ჩამოშლის, მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის მოკლევადიან პერსპექტივაში.
შესაბამისად, გარკვეული პრობლემები შეიძლება შეიქმნას რთველთან დაკავშირებით. ძირითადად, კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის შემცირდება შემოსავლები. მეღვინეობის კომპანიებსაც გაყიდვები, შესაბამისად, შეუმცირდებათ, თუ რუსეთმა ეს პოლიტიკა განახორციელა.
გარდა ამისა, გვაქვს ლოჯისტიკური სასოფლო-სამეურნეო ქსელი, რომელიც ორიენტირებულია, უახლოეს მომავალში გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები განავითაროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში ექსპორტის თვალსაზრისით - ამ კუთხითაც გარკვეული რისკები შეიქმნება.
ხელისუფლება ბევრს არ ლაპარაკობს თავის გეგმებზე, მაგრამ ცნობილია, რომ თურმე მოსალოდნელი რისკებისგან თავდაცვის მექანიზმებზე მუშაობს...
- როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური, წინასწარ განსაზღვრული გეგმა, თუ რას უპირისპირებს ასეთ სავარაუდო ქცევას რუსეთისას, იგულისხმება, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს წინასწარ შემუშავებული მოქმედებების გეგმა, როგორ მოახდენს ამ სავაჭრო-სასაქონლო ნაკადების დივერსიფიცირებას სხვა ქვეყნებთან.
თავის დროზე, რუსეთის პირობითმა ემბარგომ გარკვეულწილად, დადებითი როლი შეასრულა იმ თვალსზრისით, რომ სხვა ბაზრების მოძიება შევძელით. 2014 წლისა და შემდგომი პერიოდისთვის ძლზე მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში დივერსიფიცირების ხაზის გაშლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და უფრო აქტიური მუშაობა.
ბატონი დავითაშვილი ძალიან კარგად აფასებს შექმნილ სიტუაციას და ორიოდე თვის წინ მან პირველად განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია ჩინეთის ბაზარი იქნას განხილული როგორც გარკვეული პრევენციული დატვირთვის მატარებელი ქართული სასოფლო-სამეურნეო, ძირითადად კი ღვინისა და ღვინოპროდუქტებისათვის.
შესაბამისად, ხელისუფლების აქცენტი იმაზე უნდა იყოს გადატანილი, რომ ასეთი სცენარის გათამაშების შემთხვევაში, მაქსიმალურად შემცირდეს ის დანაკარგები, რაც რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას შეიძლება, მოჰყვეს.
ბუნებრივია, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავად ბიზნესმა იაქტიუროს ამ ბაზრებთან დაკავშირებით, მაგრამ კომუნიკაცია, პრომო-აქციები ამ ბაზარზე შესაღწევად ეს სახელმწიფოს, მათ შორის, დიპლომატიური წრეების წილი პასუხისმგებლობაა.
ასოცირების ხელშეკრულება რამდენად გაგვიადვილებს ასეთი პრობლემის გადაჭრას? ვიცით, რომ ეს შედარებით გრძელვასდიანი პერსპექტივაა...
- ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სავაჭრო ურთიერთობის ევროპასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით - საქართველოს, პრაქტიკულად ეძლევა უდიდეს ბაზარზე ბარიერების გარეშე შეღწევის საშუალება.
თუმცა, რეალურად, ეს შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივაა - ქართული ღვინო დღესაც შედის ევროპულ ბაზარზე, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში ევროპული ბაზარი მთლიანად ჩაანაცვლებს რუსულ ბაზარს, ეს ნაკლებად რეალისტურია. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება მოხდეს - სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ევროპული ბაზარი უალტერნატივო შესაძლებლობაა საქართველოსთვის - მას შეეძლება სულ მცირე, ორჯერ მაინც გაზარდოს საკუთარი პროდუქციის მოცულობა.
ეს მაინც გრძელვადიანი პერსპექტივაა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ ისეთი ბაზრების გახსნის მიმართულებით, როგორიცაა ჩინეთი. ამ მიმართულებით გარკვეული ბიზნესქეისის შემუშავება, ვფიქრობ, დროულია და ამ საკითხის გადადება არასწორი იქნება.
რაც შეეხება ევროპის ბაზარს, ის საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ ღვინის გარდა კიდევ რა პროდუქციის გატანის პოტენციალი გააჩნია საქართველოს?
- საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებაა საინტერესო, ალკოჰოლური ბაზარი მათ შორის ერთ-ერთია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არის რომელიმე სასაქონლო ჯგუფი, რომელიც ევროპაში ფართოდ იქნება წარმოდგენილი. მაინც მგონია, რომ გარკვეული ტრანსფორმაციაა საჭირო, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პოლიტიკაში, რადგან მოგვიწევს გარკვეული ხარისხის სტანდარტის მიღწევა, ფიტოსანიტარული ნორმების დაცვა და ა.შ. ქართული პროდუქცია იმ სტანდარტებთან შესაბამისი უნდა გავხადოთ, რაც ევროპაშია მიღებული.
თუმცა არის გარკვეული ნიშა, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება - ეს არის ბიო წარმოების განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების განვითარება სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ევროპაში არის ზრდადი მოთხოვნა, ფასებიც მეტ-ნაკლებად, კონკურენტულია. საქართველოს გეოპოპლიტიკური მდებარეობა და ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევვა, რომ სოფლის მეურნეობაში ეს მიმართულება განვითარდეს.
სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ სწორედ ეს მიმართულებები გახდეს პრიორიტეტული?
- მისი პოლიტიკა მორგებული უნდა იყოს ამ მიმართულების განვითარებაზე, ამ კუთხით მომუშავე ბიზნესებისთვის კომფორტული მდგომარეობის შექმნაზე.
საქართველოს ევროპასთან დაახლოება ვაჭრობის თვალსაზრისით მხოლოდ ადგილობრივი რესურსების ხარჯზე შეუძლებელი იქნება. აუცილებლად დაგვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვადასხვა მიმართულებებით და მათ შორის, სოფლის მეურნეობაში. იმისათვის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, ერთი მხრივ, რაოდენობრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს იმ ლოჯისტიკურ მოთხოვნებს, რაც ევროპას გააჩნია და მეორე მხრივ, ფიტოსანიტარული სტანდარტის თვალსაზრისით.
ანუ, ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და სწორედაც რომ ჰიპერაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის გატარება სჭირდება ამ ამოცანის შესასრულებლად ქვეყანას. ხელისუფლების აქტიურობის გარეშე ინვესტიციების შემოდინება, ალბათ, ცოტა გაჭირდება - გარკვეული დროის განმავლობაში, ალბათ, თავისითაც შემოვა, მაგრამ რაც უფრო აქტიური იქნება ხელისუფლება, ინვესტიციების მოზიდვა უფრო ჩქარა იქნება შესაძლებელი.
ესეც გრძელვადიანი პერსპექტივაა, საქართველოს კი, სადაც მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, სწრაფად სჭირდება სამუშაო ადგილები და ა.შ. როგორი პოლიტიკა შეიძლება იყოს სწრაფი ეფექტის მომტანი?
- ინვესტიციებზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ზოგჯერ გვინდა-ხოლმე, რომ განსაკუთრებული, ქართული, ეროვნული ველოსიპედი გამოვიგონოთ - ევროპამ ეს გზა უკვე გაიარა და პირველი რეცეპტი იწყება გადასახადების შემცირებით. როცა გადასახადების შემცირების პოლიტიკა, მიმართულია ბიზნესის ზრდის პოლიტიკისკენ, ეფექტი ყოველთვის მეტია.
ჩვენთან პირიქითაა, ვცდილობთ, რომ საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილება ბიუჯეტის ხარჯზე მოვახდინოთ. მაშინ, როდესაც საზოგადოების სოციალური საჭიროებების წყარო უნდა გახდეს თავად ბიზნესი. ბიზნესი, რომელიც ვითარდება, ქმნის სამუშაო ადგილებს, იხდის გადასახადებს. ჩვენთან მთელი ტვირთი ბიუჯეტზეა აკიდებული და შესაბამისად, იმ ღონისძიებების და პოლიტიკის მარგი ქმედების კოეფიციენტი, რაც ხორციელდება საქართველოში, არის ნაკლები.
ითქვა, რომ მზადდება საგადასახადო ცვლილებები, თუმცა მისი განხილვა საჯაროდ არ მომხდარა, თქვენთვის თუ არის ცნობილი რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი?
- ზოგადი განცხადებები ბევრი მოვისმინე, რომ მზადდება საგადასახადო კოდექსი, ბიზნესზე ორიენტირებული იქნება და ა.შ. ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა ციფრებში გამოხატული, ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რაში გამოიხატება. ის, რომ ხელისუფლება მუშაობს, საკმარისი ინფორმაცია არ არის დასკვნების გასაკეთებლად.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძალზე ბევრი საინტერესო ინიციატივა ვნახე, ბევრს დავეთანხმე და მოვიწონე, ბევრზეც ვთქვი, რომ ნაკლებშედეგიანი იქნება, მაგრამ კონკრეტული წინადადებები, რაში გამოიხატება ბიზნესზე ორიენტირებულობა, საგადასახადო ტვირთის შემცირება ბიზნესისთვის, სამწუხაროდ, კონკრეტული ინიციატივევბი ამ თვალსაზრისით, ჯერ არ არის.
კიდევ ერთი საკითხია მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც, სხვათა შორის, წინასაარჩევნო დაპირების თემაც იყო. ამ თვალსაზრისითაც არ შესულა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, არ გამარტივებულა მათთვის არაფერი და არც ამ ბიზნესების განვითარების თვალსაზრისით შემუშავებული სიახლეები არ გვინახავს. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება უფრო სწრაფი და აქტიური იყოს.
ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ხომ არ ელოდებით უახლოეს მომავალში ეკონომიკური პროფილის მინისტრების ცვლილებას?
- არ მგონია , პერსონალურ ცვლილებებს რაიმე აზრი ჰქონდეს. 2013 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობასაც ვაკრიტიკებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული მინისტრის შეცვლას ვგულისხმობ. მთავრობა არის ერთიანი გუნდი და მას კოლექტიური პასუხისმგებლობა აკისრია. ერთი ან ორი მინისტრის ცვლილება საქმეს არ შველის. მთავარია, საკითხებისადმი მიდგომები და პოლიტიკა შეიცვალოს ეკონომიკასა და ბიზნესთან მიმართებაში, ხელისუფლება გახდეს უფრო კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული, თორემ კონკრეტული მინისტრის შეცვლა არც პანაცეაა და არც კონკრეტული შედეგის მომტანი. ცვლილებები მიდგომების ცვლილებას მოსდევს და მინისტრების კი არა სწორედ მიდგომებიც ცვლილებებია საჭირო.