ტურისტების შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. რეგიონებში ტურისტთა დაბალი აქტივობის გამო სასტუმროები ვიზიტორებს ფასდაკლების სერვისს სთავაზობენ.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განსხვავებულ მაჩვენებელზე საუბრობენ. კერძოდ, ტურიზმის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ მარტო ექვსი თვის მონაცემებით, 2 243 362 ადამიანი შეადგინა, ანუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტთა ზრდა 2%-ითაა მომატებული.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტები ჯერ კიდევ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე განმარტავდნენ, რომ ყოველ ზაფხულს 4 მილიონი უკრაინელი ჩადიოდა ყირიმში, წელს იქ ვეღარ ჩავიდოდნენ და ჩვენთან მათი ერთი პროცენტიც რომ წამოსულიყო, ეს დამსვენებლთა ნაკადის ორმაგ ზრდას გამოიწვევდა.
მეტიც, ტურიზმის ადმინისტრაცია თვეების წინ აცხადებდა, რომ ახლანდელი სეზონისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, სერიოზულ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა მიზნობრივ ბაზრებზე. მაგალითად, აზერბაიჯანში მიმდინარეობდა ძალიან დიდი მარკეტინგული კამპანია - იქ მრავლად იყო ჩვენი ბილბორდები, ბაქოს მეტროს ყველა სადგურში შეხვდებოდით ჩვენი ქვეყნის რეკლამას. ამას ემატებოდა ევროპის ბაზრის მოზიდვის მცდელობაც. სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა გერმანიაში, ჰოლანდიაში, მაქსიმალურად იყენებდნენ ინტერნეტრეკლამასაც.
დღეს ტურიზმის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ წინაა აგვისტოს თვე, როცა უამრავი ვიზიტორი ეწვევა საქართველოს. ამდენად, ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება.
საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სპეციალური კვლევის გარეშე რთულია იმის თქმა, რამდენად შემცირდა ტურისტთა რაოდენობა, თუმცა სასტუმროების მეპატრონეებისა და ტუროპერატორთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტურისტთა შემცირების ტენდენცია ზედაპირული გადახედვითაც თვალშისაცემია.
„ვესაუბრე ტუროპერატორებს, სასტუმროების ხელმძღვანელებს. ტურისტთა ნაკადის სიმცირის მიზეზი მათ ზუსტად ვერ აუხსნიათ, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. უკრაინა მაინც შავი ზღვის აუზის რეგიონად განიხილება, თუმცა ეშინია იქაურ ხალხს, ნერვიულობენ აქეთ წამოსვლაზე. ეს ჩემი ვერსიაა. მეორე მიზეზი უნდა იყოს დარიალის ხეობის ჩაკეტვა. უკრაინელთა დიდი რიცხვი დარიალის ხეობიდან შემოდის. რაც შეეხება საქართველოში თურქ ვიზიტირთა ნაკადის სიმცირეს, ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმით უნდა აიხსნას, რომ საქართველოში აიკრძალა თურქული პროდუქციის შემოტანა. არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად მართალია, მაგრამ შესაძლოა, თურქი ბიზნესმენების ნაკადი ამან შეაჩერა. სომხებსაც ველაპარაკეთ, რომლებიც ჩვენს სანაპირო ზოლს ხშირად სტუმრობდნენ, მათაც არ აქვთ რაიმე უარყოფითი მიზეზი, რომ საქართველოში ივლის-აგვისტოში არ ჩამოსულიყვნენ. თუმცა უკვე ივლისი გავიდა და მათი ნაკადიც მცირეა“, - აცხადებს ია თაბაგარი.
ამასთან, საქართველოში ტურისტების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მომსახურების დაბალ დონესა და ძვირადღირებულ მომსახურებას ასახელებს. ეს მიზეზები მაინც არაა არსებითი. უბრალოდ, შარშან ვიზიტორთა რაოდენობა რუსების ხარჯზე იყო გაზრდილი, საქართველოს დათვალიერებით მათ დაიკმაყოფილეს ჩვენი ქვეყნის ნახვის ცნობისმოყვარეობა.
„ამას სჭირდება სპეციალური კვლევის ჩატარება, შემომსვლელთა სტატისტიკის გარკვევა, სახმელეთო და საჰაერო საზღვრებზე შემომსვლელთა რაოდენობის გაკონტროლება. ჯერ კიდევ წინა არის ტურისტების ჩამოსვლის მაღალი სეზონები, აგვისტო-სექტემბერი და არ არის გამორიცხული, ტურისტთა რაოდენობა გაიზარდოს. იმისთვის, რომ ტურისტული სეზონი არ ჩაგვიწვეს, პრევენციისთვის საჭიროა თავიდანვე სწორი მარკეტინგის დაგეგმვა - მთელი თანხები რუსულ ბაზარზე არ უნდა გადაისროლონ, რადგან ეს არაა სტაბილური ბაზარი. მით უმეტეს, ახლა მათი მოტივაცია იზრდება, ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს და რუს ტურისტებს პოლიტიკური მოტივებით არ უნდათ საქართველოში შემოსვლა. ეს გასაკვირი არცაა - ქვეყანაში რთული სიტუაციაა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ტურისტულ ქალაქებში წყალი გრაფიკითაა, ამ დროს ფულს იხდის ტურისტი და წყალი მაინც არ მოდის. დანაგვიანებულია ჩვენი სერვისი, ბაზალეთიდან დაწყებული, არაგვის ხეობით, გერგეთით დამთავრებული, დაბინძურებულია მდინარეები. ვფიქრობ, შარშან ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილი იყო რუსების ხარჯზე. ნუ გვეგონება, ყოველ წელს ასე იქნება, ბევრმა დაიკმაყოფილა ცნობიერება და წელს შეიძლება აღარ ჩამოვიდა“, - აცახადებს ია თაბაგარი და მიიჩნევს, რომ ტურისტთა ნაკადის შემცირება ძალზე ცუდი ტენდენციაა, რადგან სასტუმროების უმრავლესობას მხოლოდ ზაფხულში აქვთ შემოსავალი, ზამთარში კრედიტებს იღებენ და არემონტებენ გასაქირავებელ ფართებს.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ტურისტმა თავად მიაკითხოს ტუროპერატორულ კომპანიას და მისი მეშვეობით დაჯავშნოს ადგილი. თუმცა არის შემთხვევები, როცა დამოუკიდებლად ჩამოსული ტურისტი თავად ჯავშნის სასტუმროს და თვითონვე მიდის საქართველოს რეგიონში. ამ შემთხვევაში, უკვე ჩანს, რომ შემცირდა ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსვლა რადგან სასტუმროებში ხალხი ცოტაა.