რუსული ეკონომიკის ჩაძირვის გეგმა ამოქმედდა

რუსული ეკონომიკის ჩაძირვის გეგმა ამოქმედდა

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მესამე ფაზა აამოქმედეს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს უკვე მძიმე დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის და მას კოლაფსამდე მიიყვანს.

ბრიუსელში ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს თავდაცვისა და ნავთობმომპოვებელი სექტორებისთვის უცილებელი აღჭურვილობით ვაჭრობა რუსეთთან. შეიზღუდება ე.წ. ორმაგი გამოყენების პროდუქციის (გამოიყენება სამოქალაქო და სამხედრო მიზნებისთვის) მიყიდვაც რუსეთისთვის.

სანქციები დაუწესდება საბანკო სექტორსაც. ბანკებს, რომელთა წილშიც რუსეთის სახელმწიფო ზის, შეეზღუდებათ წვდომა ევროპულ ბაზრებთან, რაც მათთვის მნიშვნელოვნად გაართულებს ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას.

ევროკავშირმა რუსული საბანკო სექტორის ლიდერების სახელმწიფო ბანკების „სბერბანკისა“ და „ვნეშტორგბანკის“ წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტების დასავლეთში კრედიტის აღების უნარიანობას მკვეთრად შეამცირებს. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ რუსული ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებით, 2 წელიწადში მოსკოვი 100 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

სანქციები ევროკავშირის ქვეყნებსაც აზარალებს. წელს ევროპული ქვეყნები 40 მილიარდ დოლარს დაკარგავენ, მომავალ წელს კი 50 მილიარდ დოლარამდე.

სანქციების დაწესება ევროკავშირსა და ოფიციალურ ვაშინგტონს შორის კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.  ევროპარლამენტი სანქციებს სამ თვეში გადახედავს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესაბამისად შეიტანს მათში კორექტივებს.

ევროკავშირის პოზიციის დაფიქსირებისთანავე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ უერთდება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, ახალი ეკონომიკური ზომები მიმართულია იმისკენ, რომ რუსულ ბანკებს კაპიტალის ბაზარზე წვდომა გაურთულდეთ და რუსულ ეკონომიკას დარტყმა მიადგეს. ამგვარად აშშ მოსკოვს იმის გამო სჯის, რომ რუსეთი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას.

„სერიოზული სანქციები, რომელიც დღეს შემოგვაქვს, მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ რუსეთზე დამატებითი ზეწოლა, მათ შორის პუტინის გარემოცვაზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინაში. ჩვენ ვწყვეტთ გარკვეული ტვირთისა და ტექნოლოგიის ექსპორტს რუსული ენერგეტიკული სექტორისთვის. ჩვენ სანქციებს ვავრცელებთ სხვა რუსულ ბანკებსა და თავდაცვის კომპანიებზე. ვყინავთ კრედიტებს, რომელიც უზრუნველყოფდა რუსეთში ტვირთის ექსპორტს, ასევე ვყინავთ რუსეთში ეკონომიკური განვითარების პროექტების დაფინანსებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ადრე აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ორგანიზაციების სიაში, რომელთაც სანქციები შეეხოთ, კიდევ სამი ბანკი შეიტანა - „როსსელხოზბანკი“, „ვიტიბი“ და „ბანკ მასკვი“.

ხომ არ ნიშნავს ეს ახალი ცივი ომის დაწყებას? ობამას ამაზე ერთმნიშვნელოვნი პასუხი აქვს: „ეს არ არის ახალი ცივი ომი. ეს არის ძალიან კონკრეტული ზომა, რომელიც ეხება რუსეთის სურვილს არ აღიაროს უკრაინის უფლება, რომ უკრაინამ თავად აირჩიოს გზა“,- აღნიშნა ობამამ.

რუსეთის მხრიდან, ობამას განცხადებაზე პირველი კომენტარი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი როგოზინმაც გააკეთა. „ობამას გადაწყვეტილება სანქციები დაუწესოს რუსეთის გაერთიანებულ გემთმშენებელ კორპორაციას, ნიშანია იმისა, რომ რუსული სამხედრო ხომალდების წარმოება რუსეთის მტრებისთვის პრობლემა ხდება“, - აღნიშნა როგოზინმა.

„ევროკავშირის სანქციები გავლენას როგორც რუსეთის, ასევე ევროპის ეკონომიკაზე მოახდენს“, - ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დირექტორმა ჩარლზ სევილემ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საქნცეიბი კონკრეტული კომპანიებისა და პიროვნებების მიმართ არის დაწესებული, შედეგებს ინვესტორები იგრძნობენ.

„ეს ზომები მიმართულია კონკრეტული პიროვნებებისა და ბანკების მიმართ, მაგრამ რისკი ინვესტორებისთვის იზრდება და შედეგს იგრძნობენ ის კომპანიებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავშირებული „შავ სიასთან“. ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, ევროკავშირში კი უფრო სახიფათო ზონაა, იქ დასაკარგი უფრო მეტია. ახლა, სანქციები გათვლილია რუსეთთან მომავალი ერთობლივი პროექტებისგან უარის თქმაზე და არა კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე“, - განაცხადა სევილემ.