შრომის კოდექსით გამოწვეული შიში დამსაქმებლებს ძალიან ცოტა ხანი გაჰყვათ. ბოლო დროს უამრავი დასაქმებული ჩივის, რომ ყველაფერი ძველ კალაპოტში ბრუნდება. ე.წ. უფროსები თავიანც ხელქვეითებს კვლავ ჩაგრავენ და მძიმე პირობებში ამუშავებენ. ასეთი ინფორმაციები, როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრის ყურამდეც მივიდა.
„კერძო სექტორმა კეთილი ინებოს და „შრომის კოდექსს“ პატივი სცეს“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კატეგორიულად მოითხოვა, რომ დასაქმებულის უფლებები დაცული უნდა იყოს.
„დანანებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კერძო სექტორის წარმომადგენელი არაფრად დაგიდევთ ამ „შრომის კოდექსს“, რომლის შემუშავებაზეც ჩვენ ამდენი ვიწვალეთ და დასაქმებულები არიან ისევ უფლებების დარღვევის სიტუაციაში.
ჩვენ ამაზე, ალბათ, ერთად უნდა ვიფიქროთ, მთავრობამ და კანონმდებლებმა იმისთვის, რომ კერძო სექტორმა კეთილი ინებოს, შრომის კოდექსს პატივი სცეს და დასაქმებულის უფლებები დაიცვას. მით უმეტეს, რომ ჩვენ კერძო სექტორის ყველა ინტერესი გავითვალისწინეთ, როცა ამ „შრომის კოდექსზე“ ვმუშაობდით“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, „შრომის კოდექსის“ რეფორმის მეორე ტალღა ისევ ბიზნესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, კერძოდ, საუბარია ქალთა უფლებების გაძლიერებაზე შრომით საქმიანობაში. მართალია, ეს პროცესი ცოტა შეფერხდა, რადგან „შრომის კოდექსის“ რეფორმის პირველი ტალღა ბიზნესისთვის, გარკვეულწილად, ემოციურად, ფსიქოლოგიურად და პრაქტიკულადაც მტკივნეული იყო, მაგრამ სამინისტრო ამ საკითხზე დებატების განახლებას შემოდგომიდან გეგმავს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესის მხარდაჭერას მოვიპოვებთ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რადგან როცა ქალთა უფლებები დაცულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქალები შეძლებენ პროფესიულ და პირადი ცხოვრების მოგვარებას, ისე რომ ეს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პრობლემის მასშტაბურობას ადასტურებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. იგი გაუსაძლის პირობებში მომუშავე მოქალაქეებს სთხვოს, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ პროფკავშირებს.
„მათი ანონიმურობა დაცული იქნება, მით უმეტეს თუ 24 საათის განმავლობაში აიძულებენ მუშაობას და არ უხდიან ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას. მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი მაღაზიაში მუშაობს, ფაბრიკაში, ბანკში თუ აფთიაქში - კანონი ყველასთვის კანონია და ამ ტიპის თავხედობას ბოლო უნდა მოეღოს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისი აზრით, პრობლემების აღმოსაფხვრელად, საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს იმას თუ რამდენად იცავენ დამსაქმებლები და დასაქმებულები შრომის კოდექსს. სწორედ შრომის ინსპექცია უნდა ადევნებდეს თვალყურს, ხდება თუ არა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გადახდა, ირღვევა თუ არა დასაქმებულთა კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული ნორმა.
„ამ ყველაფრის მოსაგვარებლად უნდა აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები, რამდენად დაცულია სამუშაო საწარმოებში შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები და ა.შ. მით უმეტეს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა პირდაპირაა მოთხოვნილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში“, - აცხადებს პეტრიაშვილი.