ქართული ჩაი კვლავ არაფრისმომცემი დაპირებისა და გაურკვეველი მომავლის იმედად რჩება. მეჩაიეობის დარგის განვითარების პროგრამის შემუშავება წელს, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი ზედმეტია კონკრეტულ პროექტებზე და რაიმე სახის ფინანსურ დახმარებაზე. ამასობაში, წლევანდელი სეზონი დასრულდა და შედეგი, როგორც ყოველთვის, არაასახარბიელოა.
მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი მომზადებული სტრატეგია ძალაშია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის განვითარების მხოლოდ ზოგადი პრინციპები გააჩნია და მთლიანი პროგრამა ჯერ არ არსებობს. თენგიზ სვანიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შემდგარა და შესაბამისად უცნობია კონკრეტულად რა სახით შეიძლება გატარდეს.
მისი ინფორმაციით, დღეს არსებული 20 ათას ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული ჩაის პლანტაციებიდან, მოსავალს მხოლოდ 3 ჰექტარი ტერიტორიიდან იღებენ, ხოლო დარჩენილი ფართობის ასათვისებლად ჩაის გაკეთილშობილებაა საჭირო. გარკვეული ხელისშეწყობის შემთხვევაში, საქართველოს წელიწადში 20–25 ტონა ჩაის წარმოების პოტენციალი აქვს.
სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად განიხილავდა ჩაის რეაბილიტაციის გეგმას. პროგრამის განხორციელება უახლოეს პერიოდში უნდა დაწყებულიყო, რასაც დიდი ინტერესით ელოდნენ არა მარტო ბიზნესმენები, არაამედ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაც, თუმცა, როგორ ჩანს, უაახლოეს პერიოდში 2014 წელი ნამდვილად არ იგულისხმება.
კომპანია „საქართველოს თაიგულის“ დამფუძნებლის ილია ბასილაშვილის ინფორმაციით, ქართული ჩაი შიდა ბაზარზე წარმოდგენილია სულ რაღაც 18–20 პროცენტით და ეს ძალიან დაბალი ციფრია. 2006 წლისათვის ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალი იყო, 5 პროცენტს შეადგენდა.
„ამის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ პიარ აქციები და რამდენიმე ქართული ბრენდი შეიქმნა „გურიელი“, „პეტრა“ და ამან ხელი შეუწყო იმას, რომ შიდა ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილი ავიდა 18–20 პროცენტამდე. ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი, რაც შეიძლება გავზარდოთ, რაც დამოკიდებულია სტრატეგიაზე. მე არ მაქვს საუბარი დიდ თანხებზე, ქართული ჩაი კარგად რეაგირებს სულ მცირე ტენდენციაზეც კი. რეკლამებზე, გამოფენებზე უნდა იყოს ხელშეწყობა.
ქართული ჩაის კონკურენტუნარიანობა რომ ძალიან მაღალია, ზუსტად ამიტომაცაა, რომ ებრძვიან ქართულ ჩაის. ეს ბრძოლა მოდის გარე სახელმწიფოებიდან. რომ გამოჩნდეს ქართული ჩაი ეროვნულ ბაზარზე მერწმუნეთ, სხვა ჩაის გაუჭირდება გაყიდვა.
ასევე არის საზღვარგარეთ, ევროპის ბაზარზე რომ ქართული ნატურალური ჩაის პროდუქცია გამოჩნდეს, სხვა ჩაის გაყიდვის მაჩვენებლი შემჭიდროვდება. ამდენად, ქართული ჩაი ეკონომიკურად ყველანაირად მომგებიანია სახელმწიფოსათვის“, - ამბობს ილია ბასილაშვილი.
მისი აზრით, მიუხედავად იმ კრიზისა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩამოყალიბდა ჩაის დარგში, დღეისათვის ჩაის დარგი და მეჩაიეობა საქართველოში ჯერ კიდევ ინარჩუნებს საკმაოდ დიდ პოტენციალს, როგორც საექსპორტო პროდუქციის წარმოების, ასევე ხალხის დასაქმების თვალსაზრისით.