ალტერნატიულ აუდიტს განაჩენი გამოუტანეს

ალტერნატიულ აუდიტს განაჩენი გამოუტანეს

ალტერნატიული აუდიტის პროექტი 5 თვეში დასრულდება. ამიერიდან ბიზნესს მხოლოდ შემოსავლების სამსახურთან და მათ ინსპექტორებთან ექნებათ საქმე. ალტერნატიული აუდიტი ოფიციალურად 2012 წლის თებერვალში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ბიზნესს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ვინ შეამოწმებს: შემოსავლების სამსახური თუ კერძო აუდიტორი.

ალტერნატიულ აუდიტორს ბიზნესის დაჯარიმების უფლება არ აქვს და მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. კერძო აუდიტორული კომპანიის მომსახურება ფასიანია. მართალია, შემოწმების საფასური ხანდახან რამდენიმე ათეული ათასი ლარია, მაგრამ როგორც ჩანს, ბიზნესმენებს მაინც აუდიტორებთან საქმის დაჭერა ერჩიათ.

გადაწყვეტილად არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ შიგადაშიგ გაუმჭვირვალე შემოწმებებიც გამოერეოდა. ყოველ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო აბსოლუტურ კონტროლს მოკლებული იყო. სხვათა შორის, ალტერნატიული აუდიტის სამსახურის მუშაობა არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოსწონდა. ფონდს შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდა მასთან დაკავშირებით. ისინი სისტემის სახეცვლილებას უკვე უკვე წელიწადზე მეტია ითხოვენ.

სამაგიეროდ, პროგრამას დადებითად აფასებდნენ თავად აუდიტორები: უდიტორული კომპანია „ბაკაშვილი და კომპანიას“ ხელმძღვანელის ნიკო ბაკაშვილის შეფასებით, პროგრამას სახელმწიფოსთვის ფისკალური შედეგი ჰქონდა, გაიზარდა თავად კომპანიების დაკვეთებიც.

ერთი სიტყვით, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში ის მოიტანა, რომ 2015 წლიდან ალტერნატიული აუდიტის შესაძლებლობა აღარ იქნება. რა ბედი ელის ამ საქმიანობით დაკავებულ აუდიტორებს, მკაფიოდ გარკვეული არ არის. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მათ ყოველთვის ექნებათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, მაგრამ შემოსავლების სამსახური ტოლფასი აუდიტორული აქტის გამოწერის უფლებამოსილება აღარ ექნებათ.

„ფინანსთა სამინისტრის 2010 წლის ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, პირისთვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. პირს ენიჭება აუდიტორის უფლებამოსილება და მიეკუთვნება პირველი ან მეორე კატეგორია. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებულია ქვს პირველი კატეგორია ალტერნატიული აუდიტის ჩაბარებისთვის გადასახადის გადამხდელის ბრუნვის ოდენობის მიხედვით, შეზღუდვა არ უწესდება.

აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს მეორე კატეგორია, უფლება აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით არ აღემატება 500 000 ლარს.

წლიური ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის ან ხარჯის აღნიშნული ოდენობა შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისა და რისკების შეფასების საფუძველზე განისაზღვრა. აღნიშნული კატეგორიის პირები არ წარმოადგენენ მაღალი რისკის გადასახადის გადამხდელებს“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შემოსავლების სამსახურმა საპილოტე რეჟიმში ალტერნატიული აუდიტის პირველი ეტაპი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბერში ამოქმედდა. მაშინ აუდიტორების ნაწილი აცხადებდა, რომ სიახლე გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით სწორ მიდგომას ჩამოაყალიბებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, 2013 წლის 19 ოქტომბერს, იმავე წლის 7 დეკემბერსა და 2014 წლის 11 მაისს ჩატარდა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევი ტესტირება. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთა შესარჩევ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 1870-მა პირმა. ტესტირებაში დადებითი შეფასება მიიღო და შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ გასაუბრებაზე გასვლის უფლება მიენიჭა 229 მონაწილეს. გასაუბრების შედეგების მიხედვით, 120 ფიზიკურ პირს მიენიჭა აუდიტის უფლებამოსილება და II კატეგორია.

რამდენიმე თვეში ამ ადამიანებს წვალებით მოპოვებული უფლებამოსილება უუქმდებათ.