ტურისტების ნაკადი, მატების ნაცვლად, იკლებს?!

ტურისტების ნაკადი, მატების ნაცვლად, იკლებს?!

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წლევანდელ ზაფხულის სეზონზე საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და დაბალი აქტივობის გამო, არაერთი სასტუმრო აცხადებს ფასდაკლებას. ერთი შეხედვით ასეთი მოულოდნელი და პესიმისტური განცხადებას აკეთებს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაცია. არადა, წელს საქართველოს უცხოელი ტურისტების (უფრო უკრაინელების) ხარჯზე სარეკორდო შემოსავლის მიღებას აპირებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კი დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 თვის მონაცემებით 2 243 362 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადგენს 2%-ს.

ტურისტების რაოდენობის დათვლისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვითაც ვიზიტორის ტურისტად ჩასათვლელად აუცილებელი პირობა ღამისთევაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 6 თვის განმავლობაში 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 864 193 ტურისტი იმყოფებოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია.

„2014 წელს საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლის დინამიკა გეგმის მიხედვით მიდის. ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა აგვისტოს თვეშია ნავარაუდები, რაც ზრდის ტემპს კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე აწევს“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, როდესაც ვიზიტორების რაოდენობის ზრდის სტატისტიკა ქვეყნდებოდა, ყოველთვის სახელდებოდა მონაცემები, რომლებიც აშკარა წინსვლას ასახავდა. ტურისტების ნაკადი, წინა პერიოდთან შედარებით, იზრდებოდა 15-20%-ის ფარგლებში. ახლა კი რატომღაც მოკრძალებული მაჩვენებლები ქვეყნდება, შესაბამისად, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ეჭცი, შეიძლება სულაც არ იყოს საფუძველს მოკლებული.

მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ტურისტმრავალი ქალაქის მცხოვრებნიც სწორედ ვიზიტორების სიმცირეზე წუწუნებენ. მაგალითად, სიღნაღელი მცირე მეწარმეები და სასტუმროს მენეჯერები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ.

მზია ელიზბარაშვილი სიღნაღში თექის ხელნაკეთი ნივთებით დაახლოებით 7 წელია ვაჭრობს. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, ქალაქს გაცილებით ცოტა მნახველი სტუმრობს:

„შარშანდელთან შედარებით, წელს გაცილებით ცოტა ტურისტი მოდის. უკრაინელების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რაც, ალბათ, მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. აქტიური სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. შარშან ამ პერიოდში ყოველი თვის ბოლოს 300 ლარის ნავაჭრი მაინც მქონდა, ახლა თვის ბოლოს 100 ლარიც არ მრჩება“, - ამბობს სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას მზია ელიზბარაშვილი.

ადგილობრივების თქმით, შემცირდა ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან, რასაც უკრაინაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას მიაწერენ.

„ძირითადად ვიზიტორები სკოლიდან ექსკურსიაზე წამოსული ბავშვები არიან. ყველა თავისი პურით და ყველით მოდის, რესტორანში ასეთი ნაკადი როგორც წესი, არც ისადილებს და არც ივახშმებს. წინა წლების ტურისტულ სეზონზე თითქმის არ გვქონია შემთხვევა, რომ სასტუმროს ნომრები ცარიელი დაგვრჩენოდა. დღეში 800 ადამიანს მაინც ვემსახურებოდით.

ბოლო დროს 30-35%-ით შემცირდა ტურისტების რიცხვი. ადრე, როგორც წესი, კვირის დასაწყისში ან კვირის ბოლოს გვირეკავდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან და ინტერესდებოდნენ არსებული ვითარებით. ახლა ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული“, - განაცხადა სასტუმრო „სოლომონი 1805-ის“ მენეჯერმა, ზურა მატიაშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მატებაზე საუბრობს. მათი სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 თვის განმავლობაში სიღნაღში 1639 სტუმარი ჩავიდა, რაც 600 ვიზიტორით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.