შანტაჟი პრემიერ-მინისტრისა და მოსახლეობის წინააღმდეგ

შანტაჟი პრემიერ-მინისტრისა და მოსახლეობის წინააღმდეგ

ელექტროენერგიის ტარიფი ის თემაა, რომელიც დღემდე ბურუსით მოცულია, ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სემეკი არ მიიღებს გადაწყვეტილებას - ინფორმაცია გაასაჯაროოს. ითქვა, თითქოს რეგიონებს ელექტროენერგია გაუძვირდებოდათ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა უარყვეს ეს ფაქტი, ხოლო პრემიერმა ღარიბაშვილმა ამ თემის აგორებას პროვოკაცია უწოდა.  

რას ემსახურებოდა ერთი მხრივ, ენერგო-პროს მოწოდება, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს, თუ ქვეყნის განვითარება გვსურს, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან უარყოფა, რომ ტარიფი არ იზრდება და არსებული შენარჩუნდება, ამ თემაზე „თელასის“ და „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, „ორთაჭალჰესის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ენერგეტიკის აკადემიის წევრი, თემურ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

თემურ ჭიჭინაძე: ეს იყო მიზანმიმართული შანტაჟი, რომელიც ჩემი აზრით, გათვლილი იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მოსახლეობაზე. ეს დასჭირდათ იმისათვის, რომ არ დამდგარიყო ტარიფის შემცირების საკითხი. ამ თემაზე საზოგადოება საკმაოდ ბევრს საუბრობს.

ტარიფის ხელახლა დათვლის მიზეზი თითქოს მემორანდუმის ვადის ამოწურვა იყო, მაგრამ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზეც, რომ  ენერგო-პროს ტარიფი არც ერთხელ არ დათვლილა და არც გადათვლილა. მას ეს ტარიფი მინიჭებული აქვს ზეპირად და არაადეკვატურად დიდია.

ამიტომ, როდესაც გადათვლაზეა საუბარი, ეს არარეალურია, რადგან ამ კომპანიას არასდროს არ ჰქონია ტრიფი რეალურ დანახარჯებზე გაანგარიშებული - ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელისა და მისი მინისტრების მინიჭებული და სემეკის მიერ ზეპირად დამტკიცებული.

როგორ ფიქრობთ, შანტაჟის მიზანი რა იყო?

- დაიწყებოდა საუბარი, რომ აი, ტარიფი გაიზრდება ერთი თეთრით, ნახევარი თეთრით, რაც მოსახლეობაში გამოიწვევდა უარყოფით რეაქციას. მერე როგორც ხდება-ხოლმე, გვეტყოდნენ, რომ კარგი, თქვენი ხათრით არ გავზრდით ტარიფს და მადლობას გვათქმევინებენ იმაზე, რასაც ისედაც ვიხდიდით სამმაგად და ორმაგად - სწორედ ასე მოხდა, ერთი დღით ახმაურდნენ, ჩაატარეს რაღაც გაუგებარი ფორუმი, რომელშიც ერთობლივად მიიღო მონაწილეობა სემეკმა, ენერგო-პრომაც და ენერგეტიკის სამინისტრომაც.

რას ემსახურებოდა ეს ფორუმი გაუგებარია, სავარაუდოდ, ტარიფის გაზრდაზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამინისტრო გვეუბნება, გაზრდა არ იგეგმებაო. მაშინ რატომ იყო ეს ხმაური? მინისტრმაც და მისმა მოადგილეებმაც განაცხადეს, რომ მცირეოდენი ზრდა მოხდებაო. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ჩაიფარცხა.

ანუ, ეს ემსხურებოდა იმ ტარიფის შენარჩუნებას რაც ნოღაიდელმა დაუდგინა ენერგო-პროს?

- თავისთავად, რადგან ამ კომპანიას ტარიფი როგორც უკვე გითხარით, ზეპირად დაუდგინეს, მას ჰქონდა უამრავი ვალდებულება, დღეს საუბარია 55-მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებაზე, თუმცა მათი ძველი ვალდებულება ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას გულისხმობდა, რაც არ შეუსრულებიათ, თუმცა მოსახლეობას ეს თანხა უკვე გადახდილი აქვს - 2007 წლიდან ენერგო-პროს დაახლოებით 500-მილიონზე მეტი მოსახლეობისგან აქვს უკვე უკანონოდ ამოღებული, ტარიფის მეშვეობით.

ნებისმიერი ჩვენგანი, წესით, ამ სააქციო საზოგადოების აქციონერი უნდა იყოს, რადგან ჩვენს ხარჯზე ხდება ინვესტირება. ახლა გვამადლიან, რომ ამხელა თანხები ჩადეს სისტემის მოსაწესრიგბლად - არავის არ დაუთვლია, რა დახარჯეს, რა იყო ვალდებულება და რატომ არ სრულდება ის.

წინა ხელისუფლება, გასაგებია, რატომაც არ ამოწმებდა ვალდებულებების შესრულებას, ან რეალურ ტარიფს რატომ არ ადგენდა სემეკი. ამ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ შეუძლია?

- ენერგეტიკის სამინისტროში არ შეცვლილა არავინ, მინისტრის გარდა. ყველგან დარჩა ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები, ასეა სემეკშიც, სადაც დღესაც ის კადრები მუშაობენ, რომლებმაც არაკანონიერად დაუკანონეს იგივე ენერგო-პროს ტარიფი.

ისევ ის ხალხი წყვეტს ყველაფერს, - სემეკი, მინისტრის მოადგილე ვალიშვილი, რომელმაც, ნახეთ, რა განცხადებებიც გააკეთა, რომ შესაძლოა მცირე ზრდა მოხდესო. ერთი და იგივე წრეა, ერთი და იგივე ხალხი - ეს იყო ტესტი არჩევნების შემდეგ, რომ შეემოწმებინათ, როგორ აღიქვამდა მოსახლეობა ამას. როგორც ჩანს, დაკვეთა იყო ვიღაცისგან, მათი ძველი ხელმძღვანელობისგან, რომ ასე გაეკეთებინათ.

რაც შეეხება სემეკის ფუნქციებში ჩარევას, 2004 წლიდან ყოველთვის ერეოდა პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი და მინისტრები, გილაური და ხეთაგური და დღესაც მას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს სამინისტრო.

მთავრობას იმისი უფლება მაინც აქვს, თუნდაც ეკონომიკის სამინისტროს, ინვესტორის მიერ შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები გამოავლინოს, ეს ხომ მაინც შესაძლებელია რომ გაკეთდეს?

- შესაძლებელი კი არა, აუცილებელიც არის. გასაგებია, რომ ამას ძველი ხელისუფლება არ ითვლიდა, მაგრამ, რატომღაც ახალი ხელისუფლებაც არ ითვლის და ამოფარებულები არიან რაღაც გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც არავის არ აქვს მასში ჩახედვის უფლება.

ამ დროს, ამ ხელშეკრულებაში როგორც ვიცი, გარკვევით წერია ენერგო-პროს ვალდებულებები, რომ უნდა აეშენებინა ასმეგავატიანი ელექტროსადგური, უნდა განეხორციელებინა გარკვეული ინვესტიცია. ეს ყველაფერი გაკეთებული არ აქვს - სამაგიეროდ მთელი საქართველოს ენერგოსისტემის 2/3 მხოლოდ 120 მილიონ დოლარად აქვს ნაყიდი. რა ინვესტიციაზეა საუბარი? იმაზე, რასაც მოსახლეობა წინსწრებით იხდის?

არა თუ ეკონომიკის სამინისტრო, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მათი პარპაში, მონოპოლიური მდგომარეობა და ერთხელ და სამუდამოდ დაადგინონ ის ტარიფი, რომელიც გვეკუთვნის გადასახდელად.

საზოგადოებისგან უნდა წამოვიდეს მოთხოვნა, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება თუ რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ რეალურად დაითვალოს ტარიფი და ინვესტორს ყველა გადაცდომაზე პასუხი მოსთხოვონ?

 - სამწუხაროდ, საზოგადოება ინერტულია, მედია ჩუმად არის, მხოლოდ მაშინ ახმაურდნენ, როცა გაიგეს, რომ ტარიფი იზრდებაო. იმაზე, რომ უკანონოდ ვიხდით ამხელა თანხებს, ხმას არავინ იღებს. საზოგადოება რომ ახმაურდეს, გარწმუნებთ, ტარიფი არ განახევრდება, მაგრამ საგრძნობლად დაიკლებს, რითაც მოსახლეობა შვებას იგრძნობს. საამისო პოლიტიკური ნება სახელმწიფომაც უნდა გამოავლინოს. შესაძლებელია, ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარებაც, მაგრამ სამართალდამცველები აუცილებლად უნდა ჩართონ ამ საქმეში, რადგან მილიონობით თანხები ილექება ვიღაცეების ჯიბეებში.

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ენერგო-პროს განცხადება, რომ თუ საქართველოს სურს განვითარდეს, ტარიფი უნდა გაზარდოს?

- ენერგო-პრო მარტო ჩეხური კომპანია არ არის, ქართველი ჩინოვნიკები მოიაზრებოდნენ და მოიაზრებიან დღესაც, როგორც ძველი, ისე ახალი. ენერგო-პრო ამ თამაშს ვერ ითამაშებს, რომ არ ჰქონდეს მწვანე შუქი ანთებული.

ენერგო-პრომ მშვენივრად იცის, რა თანხები აქვს მითვისებული, უკანონოდ წაღებული, მაგრამ მიზანი ის იყო, რომ სიღრმეში არ ჩასულიყვნენ და ძველი ინვესტიციების შემოწმება არ მოეთხოვათ.

ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ რეალური ტარიფი მოქმედებდეს ქვეყანაში, რადგან ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც სამართლიანობის დამყარების პრეტენზია აქვს. თქვენი ვარაუდით რა ხდება?

- ვფიქრობ, ღარიბაშვილს ჰყავს ძალიან ცუდი მრჩეველი ენერგეტიკაში. მგონია, არ აწვდიან სწორ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც დღევანდელ ენერგეტიკაში სუფევს. კიდევ ვიმეორებ, დღევანდელ ენერგეტიკას თავიდან ბოლომდე ის ხალხი განკარგავს, რომელიც განკარგავდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ის ხალხი, რომელიც თავის დროზე დაასაქმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სემეკში, ამიტომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური ნება.

რაც შეეხება კალაძეს რომელიც უშუალოდ კურირებს ენერგეტიკის სფეროს? მანაც არ იცის რა ხდება?

- თუ არ იცის, ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ უკვე დროა იცოდეს. თუ იცის და შეგნებულად აკეთებს, ეს ორმაგად ცუდია. ბევრჯერ ყოფილა წამოწეული თემა, რატომ არ მცირდება ტარიფი და კალაძეს ამ საკითხზე რეალური პასუხი არასდროს გაუცია. არა თუ კალაძისგან, არც ერთი ჩინოვნიკისგან არ მოგვისმენია, რატომ არ ხდება ტარიფის რეალური შემცირება.