რამდენიმე დღე დარჩა და სარეალიზაციოდ გამოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი მარკირებას დაექვემდებარება. ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაციის ქართულ ენაზე დატანა 1-ლი აგვისტოდან სავალდებულო ხდება.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბიზნესმენთა ინფორმირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, გარკვეული ღონისძიებები ჩაატარეს და ერთგვარი საინფორმაციო კამპანიაც აწარმოეს. მოთხოვნის ძალაში შესვლამდე, სააგენტო დამატებით ინსტრუქციებს კიდევ გაავრცელებს.
კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ შეიცავს თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ დანამატებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ დარღვევის შემთხვევაში მეწარმეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო პროდუქციას სავაჭრო ქსელიდან ამოიღებენ.
„მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს არა მარტო გმო პროდუქტების თაობაზე, არამედ მას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია სრულრად ამა თუ იმ ნაწარმის შემადგენლობის შესახებ. ეტიკეტი უნდა იყოს პროდუქტის თანმხლები დოკუმენტი, რომელიც მომხმარებელს არჩევანის საშუალებას მისცემს“, - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი გიგლა აგულაშვილი.
სპეციალისტები ახალი რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან. „მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე გენმოდიფიცირებული პროდუქტების სავალდებულო მარკირებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. მისი განცხადებით, მთავრობის მხრიდან ახალი რეგულაცია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების პროცესს ხელს შეუწყობს.
„ძალიან კარგი გადაწვეტილებაა, რომელიც ქართულ ბაზარს და მის მომხმარებელს მავნე პროდუქციისგან დაიცავს. მოსახლეობას შეეძლება შემადგენლობის მიხედვით გააკეთოს არჩევანი და საკვები ბრმად არ შეიძინოს. ასეთი რეგულაცია ევროკავშირში ნამდვილად მოქმედებს. მომხმარებელი ინფორმირებულია, რას შეიცავს გმო პროდუქტი და რამდენად უღირს მისი ყიდვა, არჩევანის საშუალება აქვს. იმედია, სათანადო რესურსი ეყოფა სახელმწიფოს, გააკონტროლოს სიტუაცია და სურსათის სფეროზე მკაცრი ზედამხედველობა გასწიოს“, - აცხადებს მაღრაძე.
ექსპერტთა ნაწილი გმო პროდუქტების მარკირების შემდეგ ფასების ცვლილებას არ გამორიცხავს. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის აზრით, ბაზარზე დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუკი არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს, რასაკვირველია, ფასების მატების სტიმული გახდება.
„საპირისპირო პროცესი შეიძლება მივიღოთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების კუთხით. თუკი გმო ნაწარმს მომხმარებელი შემოაკლდა, ფასები, როგორც წესია, კლებას დაიწყებს“, - აცხადებს ავთანდილ სილაგაძე.
მოსალოდნელი ცვლილებით კმაყოფილნი არიან მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ მარკირება არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და ქართულ ნაწარმს გზას გაუხსნის ევროპული ბაზრიკენ.