შსს-მ სოფელ გოგაშენში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ სოფელ გოგაშენში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გენადი ი-მ მიმდინარე წლის 10 ივლისს, საღამოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალაქ ახალქალაქში მცხოვრებ, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ-ს და მის შვილიშვილს, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ-ს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გენადი ი. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ გოგაშენთან, ტყეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი „ეს-კა-ეს“-ის ტიპის კარაბინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამდენიმე წლის წინ გენადი ი. მოკლული ქალბატონის ქალიშვილს ემუქრებოდა, რის გამოც 2011 წელს მუქარის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).