დავების საბჭო - ცვლილებები აუცილებელია

დავების საბჭო - ცვლილებები აუცილებელია

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელიწადში დავების განხილვის საბჭოში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, ბიზნესის წარმომადგენლები მის რეფორმირებას გარდაუვალ ნაბიჯად მიიჩნევენ. ამის მიზეზის ის, რომ საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, საქმე სასამართლოებში ინაცვლებს.

2013 წელს დავების განხილვის საბჭოში სულ 1875 საგადასახადო საჩივარი დარეგისტრირდა, ხოლო წარმოება 877 სარჩელზე დასრულდა, რაც საგრძნობლად აღემატება წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს. 2012 წლის მონაცემებით, მთლიანად, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ საჩივართა რაოდენობა 47%-ია; 2013 წელს ეს მონაცემი 51%-მდე გაიზარდა.

დავების საბჭოს შექმნის შემდგომ, ანუ 2005 წლიდან მოყოლებული დავების საბჭოს მიმართ ნდობამ იმატა, რასაც მოწმობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 7 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულ საჩივართა დინამიკა მზარდია. მომჩივანთა ძირითადი ნაწილი მოდის შპს-ებსა და ინდმეწარმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ საჩივრების 50%-ზე ნაკლები დააკმაყოფილა, სხვადასხვა კომპანიები და იურიდიული პირები უპირატესობას მაინც დავების საბჭოს საფეხურის გავლას ანიჭებდნენ მანამ, სანამ სასამართლომდე მივიდოდნენ.

ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ში აცხადებენ, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საჩივრების მზარდ დინამიკასთან ერთად, გაიზარდა დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობა და 51% შეადგინა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია იმის ფონზე, რომ 2012-13 წლების ჯამური რაოდენობა სადავო თანხებში დაახლოებით 506 მილიონ ლარს აღწევს. დავების საბჭოში სადაო თანხის მოცულობამ უმაღლეს ნიშნულს, 690 მლნ ლარს, 2010 წელს მიაღწია, თუმცა ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილებულთა რაოდენობა მხოლოდ 33% იყო.

ორგანიზაცია ეხმიანება PWC (PricewaterhouseCoopers Georgia) ჩატარებულ კვლევას, რომელმაც 100-მდე ბიზნესმენი გამოკითხა და დადგინდა, რომ დავების განხილვის საბჭოს რეფორმა სჭირდება. აუცილებელია საბჭოს წევრთა საქმიანობის მეტი გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა. საბჭოს წევრები არ უნდა მუშაობდნენ სხვა თანამდებობებზე ფინანსთა სამინისტროში ან ნებისმიერ სხვა უწყებაში. ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაცულნი იმისგან, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სამსახურს არ დაკარგავენ. აუცილებელია საბჭოში ისინი ფიქსირებული ვადით ინიშნებოდნენ.

მაგალითად, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელიც. სწორედ ეს უჩენს კითხვას სპეციალისტებს.

„ბიზნესომბუდსმენი არის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭოს წევრი, ანუ ითავსებს მოსამართლის ფუნქციასაც. ეს იგივეა, რომ სახალხო დამცველმა სასამართლოში თვითონ გადაწყვიტოს მსჯავრდებულის ბედი. ამიტომ მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ ეს ინსტიტუტი რამე რეალურ ფუნქციას ასრულებს გადამხდელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მეტსაც გეტყვით: საგადასახადო კოდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, არის უვარგისი და საგადასახადო ომბუდსმენის განცხადება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ და გადამხდელების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, მე არ მომისმენია“, - აცხადებს აუდიტორი ირაკლი შავიშვილი.

საერთოდ კი, მეწარმეები მეტისმეტად არიან დამოკიდებული სახელმწიფოზე, გამუდმებით მოითხოვენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, მაშინ, როცა მთავრობას მოვალება ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნაა, თავის საქმეს კი მეწარმემ თვითონ უნდა მიხედოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბაჟო-სააგადასახაადო კომიტეტის წარმომადგენლის, ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, დავების საბჭოს, აუცილებლად სჭირდება რეფორმირება. „უმჯობესი იქნება, თუ ის შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება და მისი შემადგენლობაც შეიცვლება. სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად დავების საბჭო უნდა იყოს ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არც შემოსავლების სამსახურზე იქნება დამოკიდებული და არც - ფინანსთა სამინისტროზე. როგორც ვიცი, იქ იმდენი საჩივარი შედის, რომ დავების საბჭო მათ განხილვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, ამიტომ ამ სფეროშიც ბევრი რამ არის გადასახედი და მოსაწესრიგებელი“, - ამბობს ლალაზაშვილი.