დაახლოებით 1 წელიწადში ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას უნდა ჩაეყაროს საფუძველი. იგი ყველაზე დიდი ნავსადგური უნდა გახდეს საქართველოში. ასეთი პორტის მშენებლობას ფულიც ბევრი უნდა და დროც, მაგრამ მთავრობას ეს არ აფიქრებს.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდება, მისი მშენებლობის დაწყებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება, როგორც ტექნიკური ასევე საფინანსო რესურსების მოსაზიდად. მთავრობის სურვილია, რომ პორტი მთლიანად კერძო კაპიტალით აშენდეს.
„ჩვენი სურვილია, პორტის კერძო კაპიტალით აშენება, თუმცა როგორც სტრატეგიულ ობიექტში, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ის მუხლები, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკითაა გათვალისწინებული. ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის განვითარებაც მოხდება რამდენიმე ფაზის შედეგად.
პირველი ფაზა არის 3-წლიანი და ითვალისწინებს საქართველოს გადაზიდვების პოტენციალის გაორმაგებას. დღეს საკონტეინერო გადაზიდვები დაახლოებით 400 ათასი კონტეინერია და გვსურს, კიდე 0,5 მლნ კონტენინერი დაემატოს. მეორე ფაზა ეს იქნება უკვე გადაზიდვების გასამმაგება, 12 წლის განმავლობაში კი გათვალისწინებულია 40 მლნ ტონა ტვირთის გატარება.
შემდეგი განვითარება უკვე დაეფუძნება შემდგომ კვლევებს, რომლის შემდეგაც სიმძლავრეებს კომპანია განავითარებს შემდგომ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობის პირველი და მეორე ფაზის განსახორციელებლად 700-დან 900 მლნ დოლარამდე ინვესტიცია იქნება საჭირო. კვირიკაშვილის განმარტებით, პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. მინისტრის განმარტებითვე, მთლიანი პროექტი მოიცავს 7 ფაზას, თუმცა 3 ფაზა არის სავალდებულო, ხოლო შემდგომი ეტაპები დამოკიდებულია მიზანშეწნილობის კვლევაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტით რუმინეთის ოფიციალური პირებიც დაინტერესდნენ. „მქონდა შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც აქტიურადაა ჩართული და დაინტერესებული ამ პროექტით. ვინაიდან, სწორედ რუმინეთის მონაწილეობით უნდა მოხდეს ჩვენთვის ცნობილი, ახალი აბრეშუმის გზის აღდგენა და განვითარება. ამ ეტაპზე არ ვაპირებ, რომ პროექტის განხორციელებაში სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ უცხოური კომპანიები სრულიად დააფინანსებენ პროექტს, თუმცა მზად ვართ ამ პროექტის თანამონაწილენი გავხდეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტის აშენებით, ამ კორიდორის სრულად ათვისების შანსი გაჩნდება. „ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება. ეს მთელ მსოფლიოში უმოკლესი გზაა. მთელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რუკა ამ პორტის აშენებით იცვლება. ასე რომ, ამ პროექტის მშენებლობა მართლაც ისტორიულია.
ევროპას და აზიას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის გათვალისწინებით, ეს პროექტი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ყველას, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ადგილმდებარეობა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტრატეგიული ადგილმდებარეობა გონივრულად და ეფექტურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტის მიხედვით, ანკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. 12 წლის ვადაში მან 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს, აქედან მესამე და მეშვიდე წელს, შესაბამისად, 7 და 20 მლნ ტონა ტვირთის, 12 წლის თავზე კი 40 მლნ ტონის გამტარუნარიანობას.
პორტს მინიმუმ 6500 კონტეინერით დატვირთული გემის მიღება შეეძლება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2015 წელს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება, ვინაიდან დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური რესურსების მობილიზაციას. მთლიანობაში პორტის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება.
პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის პროცედურაზე ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამის შემდეგ კი ნებისმიერ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა სამინისტროს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ოფიციალურად დააფიქსიროს თავისი ინტერესი. ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესეთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 1-ლი ოქტომბერია.