ავტომაგისტრალური პროტესტი

ავტომაგისტრალური პროტესტი

ცხელი ზაფხული საგზაო ინფრასტრუქუტრის მშენებლობისთვის მართლაც რომ ცხელი აღმოჩნდა. გუშინ ქვეყნის ორ მთავარ ავტომაგისტრალს პროტესტის ტალღამ გადაურა. თბილისი-რუსთავის ავტობანზე მუშები გაიფიცნენ, ხოლო თბილისი-სენაკი-ლესელიძის სამუშაოები სოფელ რუისის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გააჩერა. სიტუაცია ორივეგან მალევე განიმუხტა, მაგრამ დროებით.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცვას დილიდანვე შეუდგნენ. აქციის მონაწილეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის“ ადმინისტრაცია მათ მონურ პირობებში, მიზერულ ხელფასებზე ამუშავებს.

ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასი 450 ლარია, მაგრამ ხელზე 300 ლარზე ნაკლებს იღებენ. ადგილზე ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები არ არსებობს, არ აქვთ სასადილო, ზეგანაკვეთურ ნაუშევარს კი არ უნაზღაურებენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ჯიქია გაეცნენ. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გამართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და კომპანიის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაფიცული მუშების მოთხოვნებს კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედის“ ადმინისტრაცია ერთ კვირაში დააკმაყოფილებს. გაფიცვა კი შეწყდა, მაგრამ მუშებმა პირობა დადეს, რომ თუ ერთ კვირაში არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და არ გაიზრდება ანაზღაურება, ისევ გაიფიცებიან.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის პარალიზება კი სოფელ რუისის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა მოახდინა. შესაბამისად, საპროტესტო აქციის გამო, ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მშენებარე მაგისტრალის ამ მონაკვეთზე გზა რუისელებმა მანქანებით ჩახერგეს და სამშენებლო ტექნიკას მოძრაობის საშუალებას აღარ მისცეს. რამდენიმე ათეულმა სატვირთო ავტომობილმა გადაადგილება ვეღარ შეძლო.

პროტესტი მიზეზი სამშენებლო ტერიტოროაზე მოყოლილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციების საკითხი გახდა. რუისელების განცხადებით, მათი კუთვნილი 5 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი იმ ტერიტორიაზე მოყვა, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, კომპენსაციას კი, ამაოდ ითხოვენ.

მოგვიანებით, საქმეში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთო და შექმნილი ვითარება განმუხტა. გზის სამშენებლო სამუშაოებიც განახლდა, მაგრამ პრობლემა აქაც კვლავ ღიად რჩება.

დღის ბოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპეციალური განხადებაც გაავრცელა:

„სიტუაცია განმუხტულია, მიწის მესაკუთრეებმა, რომლებიც კომპენსაციის მიღებას მოითხოვდნენ, აქცია დაშალეს, გზის სამშენებლო სამუშაოები კი გაგრძელდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, ხაზი გაუსვას რამდენიმე საკითხს, რომელიც ამ საქმეში მეტ სიცხადეს შეიტანს.

მიწის ნაკვეთები, რომელთა მფლობელები ახლა კომპენსაციას მოითხოვენ, მათ 2012 წლის ივლისსა და სექტემბერში, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 კვ/მ 7 თეთრად დაუკანონდათ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელიც იქამდე კერძო საკუთრებაში არ ყოფილა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის არეალში იყო მოქცეული და პრივატიზებას არ უნდა დაქვემდებარებოდა. იმის გამო, რომ ამ ქმედებაში კანონდარღვევისა და კორუფციის ელემენტები იკვეთება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მიწების ძირითადი ნაწილი მაშინდელ მაღალჩინოსნებზე გასხვისდა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ საქმე პროკურატურას გადასცა.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი აფინანსებს, რომლის პოლიტიკის შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული იმ მიწებზე კომპენსაციების გაცემა. არც ერთ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც დადგინდება გზის მშენებლობის არეალი, აღარ ხდება ამ მიწების პრივატიზება და შემდგომ უკან გამოსყიდვა, მით უმეტეს, რომ ამის შესახებ აკრძალვა არსებობს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N104 განკარგულებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის მესაკუთრეთა აღწერა 2011 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად, ამ პერიოდისათვის უკვე ცალსახად იყო ცნობილი გზის მშენებლობის არეალი და სახელმწიფო უწყებების მიერ არ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიაზე მდებარე მიწების გასხვისება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა პროექტის დამფინანსებელ მსოფლიო ბანკს, გაეთვალისწინებინა ახლადშექმნილი გარემოება და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ემსჯელა. საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ მსოფლიო ბანკის დასკვნის შედეგად იქნება მიღებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯერჯერობით ორივე მაგისტრალის მშენებლობა განახლდა, მაგრამ რამდენი ხნით მოხერხდა ვითარების განმუხტვა, ძნელი სათქმელია.