ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროს მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა

ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროს მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებას ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც ირკვევა, 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მოცულობის, 305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, წყალმომარაგების სექტორში დაიხარჯა 23 მილიონი ლარი; საავტომობილო გზების მიმართულებით - 215 მილიონი ლარი; მშენებლობაში - 61 მილიონი ლარი, სხვა ხარჯები-6 მილიონი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ცალკეული პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებენ, მინისტრის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მისმა უწყებამ 209 პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე, გრძელდება მიმდინარე 302 პროექტის შესრულება. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 114 პროექტი.

მინისტრი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის 6 თვის გეგმიურ ბიუჯეტსაც გამოეხმაურა, რომელიც 230,8 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 217,9 მილიონი ლარი აითვისა, რაც ჯამში 94%-ს შეადგენს და 2012 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 104,1 მილიონი ლარით მეტი ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულდა.

როგორც აღმოჩნდა, სამინისტროსთვის პრიორიტეტული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებია. 2014 წლის პირველ 6 თვეში სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 131 კმ. საგზაო მონაკვეთზე, ხოლო წლის ბოლომდე სამშენებლო აქტივობა დაგეგმილია 140 კილომეტრამდე გზაზე. მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 16,7 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 31,2 მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შესრულდა.

მინისტრი ტენდერების გზით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზეც საუბრობს, რაც გასული წლების მონაცემებს აღემატება. ზრდის ტენდენცია იკვეთება საერთაშორისო ტენდერების რაოდენობის მხრივაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესია წყალმომარაგების მიმართულებითაც და ამ სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 14 ქალაქში. ანალოგიური ტიპის სამუშაოები კი 28 ქალაქში დაიწყო.

„წლის პირველ ნახევარში დასრულდა 14,068,557 ლარის ღირებულების სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რამაც 39 სოფლის მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწების მორწყვის პრობლემა მოუხსნა. ასევე, სამინისტრომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების მეტროსადგური მოემსახურება. ფოთსა და ზუგდიდში კი იძულებით გადაადგილებული 536 ოჯახისთვის 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. დაწყებულია 82 ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებიც. აქედან 40 უკვე დამონტაჟებულია“, - აცხადებს ელგუჯა ხოკრიშვილი და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელ, როშკა-არხოტის 25-კილომეტრიანი გზის პროექტირებას, რომელიც ბუნებრივი დამცავი საზღვრის შექმნას შეუწყობს ხელს რუსეთთან მიმართებით. მით უმეტეს, რომ ხევსურების 34-მა ოჯახმა სოფლებში დაბრუნება-დასახლება გადაწყვიტა.

გარდა ამისა, დედაქალაქში იწყება მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, დაიწყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, მიმდინარეობს ანაკლიის ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობის პირველი ეტაპი. რაც შეეხება მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის პროექტებს, შესრულებული სამუშაოების ჯამი 2 076 200 ლარს შეადგენს. გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით დაიწყო იმერეთის და ქვემო ქართლის ახალი რეგიონული საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობადაც, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონ ლარს შეადგენს და დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია.

ელგუჯა ხოკრიშვილი კიდევ არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის, 2014 წლის პირველ 6 თვეში დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. საყურადღებოა, რომ 2014 წელს, კაპიტალური ინვესტიციების ფონდიდან 140 000 000 ლარი 270 პროექტის განხორციელებას მოხმარდება, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2 524 პროექტი 50 000 000 ლარით დაფინანსდა.

და ბოლოს, 26 მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 11 423 429 ლარია მიმართული. კონკრეტულად კი, 2014 წლის სტიქიური მოვლენების გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება რჩება. 2014 წელს IDFI საქართველომ სამინისტროს გამჭვირვალეობის 100-პროცენტიანი ქულა მიანიჭა. სამინისტრო ახალ პროექტებზე დონორებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობს და ჩვენთვის პრიოროტეტია მაღალი ხარისხი, ხარჯების ოპტიმიზაცია, ნაკლები ხარჯით მაღალი შედეგის მიღწევა“, - განმარტა ელგუჯა ხოკრიშვილმა.