სავაჭრო ობიექტები ლაბორატორიულად შეუმოწმებელ ყველს აღარ იბარებენ. ბაზარზე ასეთი მოთხოვნები ახალია, რამაც ყველის მწარმოებლები დააბნია - მეწარმეებმა არ იციან თავიანთი პროდუქტი სად შეამოწმონ. სურსათი ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ეს მართლაც ასეა და ახალი რეგულაცია, გარკვეულწილად, ევროპასთან აასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება. მეორე მხრივ კი, რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულ სპეციალურ კვლევას, რომლის მოხედვითაც დადგინდა, რომ 50 გამოკვლეული ყველის ნიმუშიდან 35 დაბინძურებული აღმოჩნდა.
„აგრო განვითარების ჯგუფის“ კონსულტანტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჭიჭაღუა ამბობს, რომ ბოლო დროს მათთან ბევრი ფერმერი მიდის და ყველის ლაბორატორიულად შემოწმების ვალდებულებას აპროტესტებს.
„რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მეწარმეს მარკეტში ლაბორატორიის დასკვნა მოსთხოვეს. ჯერ ლაბორატორიაში აიღეს ცნობა, შემდეგ - სურსათის უვნებლობის სამსახურში. ეს ცოტა დამაბნეველია. მეწარმეები შეშინებულები არიან. თუ ასეთი კონტროლი იქნება, სახლშიც შეგვამოწმებენ და ნებართვის გარეშე სახლში ყველს ვეღარ გავაკეთებთო. მოკლედ, ჩიხში არიან. ჩვენ ვეუბნებით, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - ამბობს ჭიჭაღუა.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ამბობს, რომ სამომხმარებლო ბაზარზე შესაბამისი კონტროლი საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.
„ნებისმიერი სახის სურსათი, რომელიც ხვდება ბაზარზე და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა მექანიზმებით ხორციელდება. არსებობს სურსათის წარმოების ჰიგიენის წესი, რომელსაც ყველა მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს. კანონი მარკეტს ავალდებულებს, რომ დახლებზე მხოლოდ და მხოლოდ უვნებელი სურსათი განათავსოს“, - აცხადებს სოხაძე.
„აგრო განვითარების ჯგუფის“ კონსულტანტი მიხეილ ჭიჭაღუა მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტოდან წამოსული ინფორმაცია ფერმერებამდე ვერ მიდის, გარდა ამისა პროდუქციის შემოწმებას წარმოების განვითარების სწავლების ნაცვლად დაშინების და აკრძალვის სახე აქვს: „უნდა მოეწყოს შეხვედრები ფერმერებთან და ეს საკითხი ასეთ შეხვედრებზე განიხილონ. ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდების ფორმაც. შეიძლება 10-დან ორმა, ან სამმა საკონსულტაციო ცენტრმა შეძლოს ინფორმაციის ისე მიწოდება, როგორც საჭიროა. საკითხს სიღრმისეულად არ უდგებიან. უბრალოდ, ეუბნებიან ეს არ უნდა გააკეთოთ, ის არ უნდა გააკეთოთ. იმ ფერმერებისთვის ადგილზე საფუძვლიანად რომ აეხსნათ პრობლემა, რამდენიმე საკონსულტაციო ცენტრს არ გამოივლიდნენ და ჩვენთან არ მოვიდოდნენ“, - ამბობს ჭიჭაღუა სააგენტო „ეუჯორჯიასთან“ საუბრისას.
საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ანა მიქაძე ამბობს, ყველთან დაკავშირებით საიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.
„განსაკუთრებით ბოლო 10 წელია, ეს სფერო მოუწესრიგებელია. ყველის წარმოება კი არა, ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია მესაქონლეობა. რით იკვებება საქონელი, ისიც კი პირდაპირ აისახება ყველზე. მოისპო და განადგურდა ისეთი პროფესია, როგორიც არის ვეტერინარი. რამდენიმე სოფელს ერთი ვეტერინარი ჰყავს, რომელსაც აღარაფერი ახსოვს. პროფესიონალი ვეტერინარები სანთლით არიან საძებარი. დღეს ეს ყველაფერი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. არ ვიცით, რა ჭირს ძროხას, რა ტიპის დაავადებები არსებობს. არ ვიცით, რა საკვებია, ნიადაგი გამოკვლეულია თუ არა“, - ამბობს ანა მიქაძე, რომელიც დასძენს, რომ შესაძლოა საქონელი იყოს დაავადებული და იგი შემდეგ უკვე რძესა და ყველშიც გადავიდეს.
ორიოდე კვირი წინ მომხმარებელთა ფედერაციამ ყველის ნიმუშები გამოიკვლია. 50 სახეობიდან 35 დაბინძურებული აღმოჩნდა. ყველის 30 ნიმუშში კოლიფორმები - ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, ხოლო 5-ში კი ოქროსფერი სტაფილოკოკია.
როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე აცხადებს, ყველის უსაფრთხოების პარამეტრების შემოწმების გადაწყვეტილება მოქალაქეთა გახშირებული მიმართვების შემდეგ მიიღეს.
„საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციაში“ არაერთმა მომხმარებელმა დარეკა პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთერებით მალფუჭებადია. ამ პროდუქტს სჭირდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სწორად შენახვისთვის და იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უვნებელი იყოს.
ფედერაციის თანამშრომლებმა რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ ყველის 50-მდე ნიმუში - ტრადიციული, ქარხნული და სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა - 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია კოლიფორმები, ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები და 5-ში პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია“, - აცხადებს მადონა კოიძე.
კოიძე აღნიშნავს, რომ ძირითადად, გლეხურმა ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, ხოლო ქარხნული წესით დამზადებულ ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.
მომხმარებელთა ფედერაციამ ყველის ნიმუშები თბილისში, სენაკში, აბაშაში, ბათუმში, თელავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში შეიძინა. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა. ნიმუშები დაშიფრული იყო. გადაზიდვა კონტეინერებით, ყველა აუცილებელი წესის დაცვით განხორციელდა.