ნიკო ნიკოლაძის შეხედულებანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზე

ნიკო ნიკოლაძის შეხედულებანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზე

პოლიტიკაში მთავარია ენერგია, როგორც მოქმედების გეგმის შესადგენად, ისე მისი განხორციელებისათვის. ენერგია კი, ცნობილია, ძნელად შესანახია, მაგრამ ადვილად გასანიავებელი. ადამიანზე საჭიროა იმსჯელო არა მისი განზრახვისა და მისწრაფების მიხედვით, არამედ შედეგებით. (ნიკო ნიკოლაძე)

ნიკო ნიკოლაძეს, რომელიც მიჩვეული იყო “მსოფლიო მასშტაბით აზროვნებას” (გ. ქიქოძე), ძალზე საინტერესო შეხედულებები აქვს გამოთქმული პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებზე, მათ როლზე საზოგადოებაში, მათ ნაკლოვანებებსა და სისუსტეებზე.

ევროპაში სწავლისა და იქ არცთუ ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში ნიკოლაძემ კარგად ჩაიხედა ევროპის და, მაშინ ყველაზე მოწინავე ქვეყნის, საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოში ჩამოსულმა და აქაური რეალობის შემხედვარე ნიკომ უმალ შეამჩნია მთელი რიგი განსხვავებები ევროპულ და რუსულ პოლიტიკურ სისტემებს შორის (სადაც შედიოდა საქართველო იძულებით). პირველი თვალშისაცემი სხვაობა იყო ის, რომ საფრანგეთში ჰყვაოდა თავისუფალი აზრი, სხვადასხვა საწინააღმდეგო შეხედულებანი და ქმედებანი, ჩვენთან კი ის ნაკლოვანება გვჭირს, რომ თითოეულს ჩვენგანს უნდა, რომ ყველა დანარჩენი მისივე კალაპოტზე ჩამოსხმული იყოს, მისივე ხასიათი ჰქონდეს, მასსავით ფიქრობდეს, ყველაფერზე და ყველაფერში მის მსგავსად მოქმედებდეს. ეს შეუძლებელი და უსარგებლო, თითქმის სავნებელი, საქმეა - ანუ ადგილი ჰქონდა განსხვავებული აზრის მოუთმენლობას და მისადმი უპატივცემულობას, რასაც პირდაპირ მივყავართ ავტორიტარიზმისაკენ. თუ განსხვავებული აზრები უნდა იყოს, მაშინ ლოგიკურად, საზოგადოებაც სხვადასხვა პარტიებისგან უნდა შედგებოდეს და არა ერთი პარტიისაგან, თუნდაც ქვეყანა დაპყრობილი იყოს და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდეს. ეს საჭიროა საღი აზრის გასამარჯვებლად, თორემ მთავარ, ეროვნულ საკითხებში ყველა პარტიის წარმომადგენლები ერთი აზრის უნდა იყვნენ -  მიაჩნდა ნიკოს: “განა ამ სტრიქონების დამწერი ყველაფერში ეთანხმება, მაგალითად, გ. წერეთელს, ილ. ჭავჭავაძეს, აკ. წერეთელს ან ს. მესხს? - წერდა იგი, - ან განა ესენი ყველაფერში ეთანხმებიან იმას? არა, ზოგიერთ საქმეში, ზოგიერთ კითხვებზე ჩვენ სხვადასხვა აზრისა ვართ, მაგრამ ჩვენ საზოგადო მიზანი ყველას ერთი და იგივე გვაქვს და უნდა გვქონდეს. ამ საზოგადო მიზანს ჩვენ ყველანი, ჩვენი ძალისა და ცოდნის მიხედვით, ერთგულად ვემსახურებით და თუ წვრილმან აზრებში, წვრილმან საგნებზე, ან შემთხვევებზე, ერთმანეთის პატივისცემის შეწყვეტის ნებას არ გვაძლევს და ერთმანეთში ბრძოლას როდი გვაწევინებს. ასეა ყველგან, ყოველ შრომაში, უიმისოდ შრომა და ერთად საქმის წაყვანა შეუძლებელია”.

ნიკო ნიკოლაძე პარტიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების დაარსებას აუცილებლად თვლიდა იმის გამოც, რომ ძალა ერთობაშია, თანამოაზრე ადამიანთა გაერთიანებული მცდელობა რაღაცა შედეგის მომტანია, მარტო კაცი, თუნდ ილია ჭავჭავაძე, ვერაფერს მიაღწევს: კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს. ათასიც რომ იხტუნაოს ამ პაიკმა, ათასიც რომ თავის ნებით გაიწიოს, ქვეყნის ჩარხის ბრუნვა მას მაინც უპოვის თავის ადგილს და თავის ნებაზე დაატრიალებს. მართალია კაცის გონიერებასაც ბევრი შეუძლია ამ საქმეში, მაგრამ ეს ბევრის შეძლება მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი პაიკი გაიგებს, რა ძალა ათამაშებს მას, და ამ ძალით ისარგებლებს, ამ ძალას დაეხმარება; ზოგი კი ამას ვერ მიხვდება და ბრიყვულად თავს გაალხვინებს ან მთელ თავის ღონეს ამ ძალასთან შეუფერებელ ბრძოლაში დალევს... ეს უნდა გვახსოვდეს კარგად, მეტადრე იმიტომ, რომ ჩვენში ზოგიერთ ყმაწვილთაგანს ჰგონია, რომ ქვეყნის ისტორია მით იწყება და მითვე გათავდებაო.

ნიკოლაძე ასევე კატეგორიულად მიუღებლად თვლის ბელადომანიას, რომელიც ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს და ქმედებებს, შეწინააღმდეგებას და ა.შ.: აზრების სიუხვეს შედარებას, წინააღმდეგობას არ ვითმენთ, ცოდვათ ვთვლით, ვდევნით; გვგონია საჭირო დისციპლინა ჩვენში მარტო მაშინ დაარსდება, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები თვალ ახვეულად ერთს მოთავეს გაყვებიან... ამას ვეძებთ და საჭირო დისციპლინას კი ვერ ვახერხებთ, ვერ ვაწყობთ. განა ეს უბედურება არ არის?

შესაბამისად ნიკოლაძეს შეუწყნარებლად მიაჩნია ბრმა მორჩილება და ბრმა დისციპლინა, რომელიც თანამდებობის ან ფულიანი პირის, ყალბი ავტორიტეტების მიმართ ბრმა და ინერციით მომდინარე ნდობაზეა დაფუძნებული: დღესაც ბევრ ალაგს მინახავს, რომ დიდი ჩინით ან დიდი სიმდიდრით აღჭურვილს კაცს, გონებით კი ღარიბს და ხასიათით სუსტს, უშველებელი ხმა და გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაში. ათასი და ათი ათასი უჯერის მას, და იმას კი არავინ კითხულობს, მართლა ჭკუისათვის ან პატიოსნებისათვის მისცეს ეს ჩინი, მართლა ჭკუითა და პატიოსნებით მოიგო ეს გავლენა?”

„ევროპულ საზოგადოებაში, - თვლიდა ნიკოლაძე, - ასე იოლად ავტორიტეტს ძნელად თუ ვინმე მოიხვეჭს. ევროპელთათვის მათი პოლიტიკური ლიდერები (ბელადები) ახლო ნაცნობნი არიან ჯერ კიდევ ბევრად ადრე მათ განდიდებამდე. ისინი იძულებულნი არიან სახელი და ნდობა ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვონ და მხოლოდ მათი ნიჭის, იდეალებისა და ხასიათების საერთოდ აღიარებული უპირატესობა უქმნით შესაძლებლობას ხელი მოჰკიდონ მმართველობის საჭეს. ნიკოლაძის თქმით, სახელის მოხვეჭისაკენ რომ გზა გაიკაფონ და თანამემამულეთა ნდობა დაიმსახურონ, ისინი აუცილებლად უნდა ეხმიანებოდნენ თითქმის ყველა იმ საკითხს, რაც მათს თანამედროვეებს აღელვებთ; მათთვის აუცილებელია, შთაბეჭდილება მოახდინონ ხალხის გონებასა და გრძნობაზე თავიანთი შეხედულებების ორიგინალობითა და სიღრმით, თავიანთი გადაწყვეტილებათა სისწორითა და აზრიანობით. ასეთი ამოცანა ადვილი გადასაწყვეტი არაა იმ ქვეყნებში, სადაც ყველასთვის ერთნაირადაა გაღებული კრიტიკისა და მოღვაწეობის სარბიელის კარი და სადაც საჯარო, საზოგადოებრივი მსჯელობა დღის წესრიგში მდგომი საკითხების ირგვლივ სახელმწიფოს ყველა უნარის მქონე და მოხერხებული ძალების თავისუფალ და შეუზღუდველ მეტოქეობას ქმნის. ასეთ დროს, - წერს ნიკოლაძე, “ადამიანს სრულიად განსხვავებული ნიჭი და ნებისყოფა უნდა გააჩნდეს, რომ ასეთი ბრძოლა გადაიტანოს და ზედაპირზე ამოცურდეს, იყოს უკეთესი უკეთესთა შორის, ეს ბრძოლა მიმდინარეობს საზოგადოების თვალწინ, რომელსაც შეუძლია დააკვირდეს მებრძოლთა გულისწადილს, ხერხებს და ხასიათებს. საზოგადოებას - მის დასახმარებლად გამოშვებული აუარებელი საცნობარო გამოცემისა და ბიოგრაფიული ლექსიკონის წყალობით, ყოველთვის აქვს შესაძლებლობა მონახოს ისეთი მონაცემები, რომელნიც საჭიროა იმ მოღვაწეთა ძალისა და მსოფლმხედველობის გასარკვევად, რომელნიც მოვლენათა მიმდინარეობის ძალით წინა რიგებში არიან წამოწეულნი და გაიგოს, თუ საით, რა მხარეს და რა მიზნით შეიძლება ამ მოვლენებმა წარმართოს საზოგადოება. თუმცა, ამგვარი გამოძიების გარეშეც, იმ მოსაზრებითაც კი, რომ დიდებისა და მეთაურობისაკენ იმ ქვეყნებში “ტალღები მხოლოდ სულით ძლიერთ გამოიტანენ” საზოგადოებას შეუძლია ნდობით უყუროს თავის მომავალს” .

ნიკოლაძის აზრით ჩვენი საზოგადოება სხვა მდგომარეობაშია, ისეთი შემთხვევა, რომ სახელმოხვეჭილობას ვინმესთვის ხელისუფლება მოეპოვებინოს, ჩვენში თითებზე ჩამოსათვლელია (ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია - ვ.შ.). უმრავლეს შემთხვევაში პირიქით ხდება: “ხელისუფლების ხანგრძლივი და სრული წარმატებული ჭერა ჩვენში ქმნის სახელს (მაგ. სტალინი - ვ.შ.). უნდა შევნიშნოთ, რომ ეს მდგომარეობა თითქმის უფრო სამძიმოა ძალაუფლების მქონეთათვის, ვიდრე თვით საზოგადოებისათვის. ამ უკანასკნელს უმეტეს შემთხვევაში არა აქვს შესაძლებლობა წინასწარ გაეცნოს თავის მნიშვნელოვან მოღვაწეთა ზნეობრივ სახეს. ამიტომ ასპარეზზე გამოჩენისას საზოგადოება მათ ხვდება არა აუცილებელი თანაგრძნობით, არა მომწიფებული სიმპატიებით, არა თანამშრომლობის სურვილით, რაც დამყარებულია მათი ძალისა და მიზნების ნდობაზე, არამედ უბრალო ცნობისმოყვარეობით და გულგრილი სურვილით - შეხედოს ახალ ფიზიონომიას და ნახოს როგორ გაუძღვება იგი საქმეს. ამის შედეგად არაა საკვირველი, და სრულიად ბუნებრივიცაა, რომ ჩვენი მოღვაწეების მცდელობისა და დროის სამი მეოთხედი იხარჯება “ნიადაგის მომზადებაში”, საერთო ნდობის მოპოვებაში, თანამგრძნობთა წრის შექმნაში, პროგრამის შემუშავებაში”.

ნიკო ნიკოლაძე კარგად დაკვირვებია ერთ მნიშვნელოვან მომენტს ქართულ რეალობაში, რომ თითოეულ ჩვენგანს არაფრად არ უღირს იწამოს ღირსება და უპირატესობა რომელიმე მსახიობისა, მუსიკოსისა, მხატვრისა, მწერლისა, რადგან ასეთი ცნობით მას ჯერ კიდევ არ ვაძლევთ რაიმე უფლებას პირადად ჩვენზე. ჩვენ უფრო გვეძნელება ვიცნოთ უპირატესობა და ზნეობრივი უფლება პოლიტიკური მოღვაწისა, რომელიც ჩვენს საკუთარ ნებას, ჩვენს ბედს მართავს, ან სურს უხელმძღვანელოს მას: “თითქოს ინსტიქტურად ვგრძნობთ, რომ თუ ასეთ მოღვაწეს პრესტიჟს (იმიჯს - ვ.შ.) შევუქმნით, ჩვენ მას ხელისუფლებას ვუმტკიცებთ, ან ამისკენ მიგვყავს, თუნდაც შორეულ მომავალში, აი, საფუძველი ყველას მიერ შემჩნეული მოვლენისა, რომ ადამიანებს, რომელთაც სურთ თავიანთ მსგავსთა მართვა, უფრო ძნელად უხდებათ აუცილებელი პრესტიჟის მოხვეჭა, ვიდრე სხვა ცოტად და ბევრად პლატონურიმომხიბვლელობისადათაყვანისცემისმაძიებელს. ნიკოლაძე აქვე დასძენს, რომ ჩვენს საზოგადოებაში “თაყვანისცემაც” და “მომხიბვლელობაც” რეალურად ბუნდოვანია იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ნათელი არაა ხელისუფლების წარმომადგენელთა დამსახურება, ხარისხი და ზნეობრივი შესაძლებლობანი, ამიტომ თვით ამ ხელისუფლების ინტერესებისთვისაც სასარგებლოა ის მოვლენა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩანს მისწრაფება შესაძლებლობის ფარგლებში, “ბუნდოვანი თაყვანისცემა და მომხიბვლელობაუფლებამოსილ პიროვნებებზე შეიცვალოს უფრო ნათელი და გარკვეული წარმოდგენით”.

ნიკო ნიკოლაძე აკეთებს ევროპული და რუსული პოლიტიკური პარტიების შედარებით ანალიზს. მისი დაკვირვებით რუსეთში (საქართველოშიც) პოლიტიკური პარტიების მესვეურნი ვიწრო ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანები არიან და შორს დგანან ტექნიკურ-ეკონომიკური განათლებისაგან: “აქ (რუსეთში) ისეთი პირები მეთაურობდნენ, რომელთაც სრულიად არაფერი გაეგებოდათ არც ფინანსების, არც ტექნიკის, არც ვაჭრობის, არც თავიანთი ქვეყნის ეთნოგრაფიის. სამხედრო ან საზღვაო საქმეზე ხომ რაღა ლაპარაკი უნდა. სწავლა თითქმის ყველას ჰქონდა - რაცა ებადა - მარტო ლიტერატურული, ფილოსოფიური ან იურიდიული, ისიც ვიწრო სამსაჯულო მხრის. საზღვარს გარედ კი ყველა პოლიტიკური პარტიის კადრი და შტაბი სხვადასხვა სპეციალისტების საჩინო მოღვაწეებისგან არიან შემდგარნი. პარტიებს იქ მეტად რთული სასიცოცხლო საქმეები მორიგად უდგათ წინ, რომლის მართვა ერთობ მარჯვე ღონისა და ცოდნის მოხმარებას თხოულობს. ამიტომ მეთაურებს გავლენის შერჩენა როდიღა შეუძლიათ მარტო ფრაზების რახა-რუხით ან მიუწვდომელი სიმაღლისაკენ ფრთების ფართხალით.

1881 წლის ივნისში თავის გაზეთში “ობზორი” ნიკო ნიკოლაძემ დაბეჭდა სტატია “საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები”, რომელშიც საუბარია ამ პარტიის და მის ლიდერთა მზადებაზე არჩევნებისთვის. იგი აქებს ამ პარტიის ხელმძღვანელებს, რომლებმაც გადაწყვიტეს რესპუბლიკური პარტიისაკენ მიიზიდონ თანამედროვე საფრანგეთის ყველა უნიჭიერესი და დიდი ადამიანი. ამ მიზნით მათ პოლიტიკურ სარბიელზე წამოსწიეს თითქმის ყველა ის პირი, რომელთაც თავი გამოიჩინეს და დიდი სახელი მოიხვეჭეს მეცნიერებასა და ხელოვნებაში. მათ წამოაყენეს და სენატში გაიყვანეს ორი ყველაზე უფრო გამოჩენილი ქიმიკოსი - ბიურცი და ბარტელო. ამ ღირსეული ადამიანების არჩევამ ულაპარაკოდ ჩააწყნარა თვით პარტიული მტრებიც კი. ნიკოლაძე ხაზს უსვამს, რომ “ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა გამბეტას დიდი ორგანიზაციული ნიჭი: პარტიას, რომელსაც შეუძლია დაფასება, თავისკენ მიზიდვა და წარმოჩენა ქვეყნის საუკეთესო ადამიანების, თავისუფლად შეუძლია დაუმარცხებლობის იმედი ჰქონდეს მომავალშიც... იმისათვის, რათა შეძლო ასეთი ადამიანების დაფასება თავად უნდა იყო ნიჭიერი, რათა დაინახო მათი ღირსება და არ გეშინოდეს მათი მეტოქეობისა.

ნიკოლაძე მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან გავლენისათვის და გამარჯვებისათვის, რაზეც დიდ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არაა მთავარი - უმთავრესია თუ როგორ გამოიყენებს გამარჯვებული პარტია თავის გავლენას და შეასრულებს თავის დანაპირებს: ყველაზე უფრო მძიმე და გავლენიანი საქმე პარტიებისათვის, იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოიხმარს რომელიმე პარტია თავის გამარჯვებას, რას გაარიგებს და გააწყობს ის, როცა ბრძოლის ასპარეზი ხელში დარჩება, როგორ გამოიყენებს ის თავის გავლენას და დააგვირგვინებს თავის შრომას. რაც უფრო ხეირიანათ და დაუფანტველათ ხმარობს თავის ძალას გამარჯვებული პარტია, მით უფრო ხანგრძლივია მისი გავლენა, მით უფრო და უფრო სუსტდება მისი წინააღმდეგი პარტია, მით უფრო ძლიერდება საზოგადოების მყუდროება და ბედნიერება.

ნიკოლაძე ამასთან აკონკრეტებს, რომ როგორც გამარჯვებულმა, ისე სხვა ნორმალურმა პარტიებმა ხალხისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ ღიად, გამჭვირვალედ, ყოველგვარი ოინების, კომბინაციების და ინტრიგების გარეშე: რაც კი რამ გაკეთებულა ქვეყანაზე დიდი ან სახეირო, ხალხისთვის, გაკეთებულა აშკარად, საქვეყნოდ, პირდაპირი, მარტო პატიოსანი საშუალებით, მარტო ნამდვილის ძალით, გონებითის ან ფიზიკურის ძალით, და არა ოინობით, პირფერობით, ფარისევლობით, და სხვა ამ რიგი საშუალებით. მარტოკლიკას”, ავაზაკურს ბრბოს შეეფერება ქვეშქვეშურად მოქმედება საზოგადო ასპარეზზე.

ნიკო ნიკოლაძე გამოყოფს ორგვარ ხერხს ამა თუ იმ საზოგადოების, პარტიის სათავეში დასადგომად და მის სამართავად. პირველი ესაა საკუთარი გეგმისა და იდეის გამომუშავება და მათი დაყვანა უმეტესობის აზროვნებამდე სერიოზული იდეური ბრძოლის გზით, რაც აზრთა შეჯახებაზეა დაფუძნებული. ასეთი ბრძოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მიმართულების პოზიცია არა მარტო მყარია, არამედ პოზიტიურად მოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ასეთი მიმართულების მეთაურს გამარჯვების შემდეგ უკვე აღარავითარი განსაკუთრებული დანიშნულება აღარ აქვს. რაკი მისი აზროვნება, მიზანი, სისტემა და ტექნიკა საყოველთაო საკუთრებადაა ქცეული, შესაძლებელია ნებისმიერმა ინტელიგენტმა უფრო მოხერხებულად წარმართოს უკვე დაწყებული საქმე. ერთი სიტყვით “ამა თუ იმ მიმართულების გამარჯვება წინ სწევს მთელ საზოგადოებას, ვინაიდან მის აზროვნებასა და განწყობილებაში მხოლოდ პროგრესის საშუალებითაა შესაძლებელი ასეთი გამარჯვების მიღწევა, იმ იდეების საყოველთაო საკუთრებად ქცევა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე ინტელიგენტის არსებაში თუ იყო მიჩქმალული”.

ნიკოლაძის თქმით, მეორე ხერხი შეუდარებლად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. იმ შემთხვევების დროს, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იმსახურებენ, საკმარისია დაეყრდნო ადამიანთა უმეტესობის განწყობილებას, მიხვდე მათ სურვილებს და შეძლო მათი ერთ ფორმულაში ჩამოყალიბება, რომ საზოგადოება სიამოვნებით დაგაყენებს თავის მეთაურად. მაგრამ ამას აქვს ძალზე ნეგატიური მხარეც: “ეს ხომ ჩამორჩენილი საზოგადოების ხელში სრულიად უმნიშვნელო ფიგურად ქცევას ნიშნავს, ეს ხომ ფლუგერის როლია, რომელიც მხოლოდ უმრავლესობის განწყობილებას გამოხატავს და განა ასეთი ადამიანი მართავს საზოგადოებას? პირიქით, სწორედ საზოგადოება მართავს ამგვარხელმძღვანელს”. განაღა უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთიწინამძღოლიწარამარა იძულებული ხდება, ბრბოს მუდმივ ცვალებადი განწყობილების გათვალისწინებით დღეს გვიმტკიცოს ის, რასაც ერთი წლის წინ უარყოფდა და პირიქით? (მერე ამ საკითხს უფრო ჩაუღრმავდა გუსტავ ლებონი - ..). რა თქმა უნდა, ამგვარინტელიგენციასუკვე აღარავითარი გავლენა აღარა აქვს მასაზე, რადგან აქ როლებია შეცვლილი: მას თვითონ კი აღარ მიჰყავს საზოგადოება, არამედ საზოგადოება მიათრევს მას ყველგან, საითაც კი გაიწევენ მისი ბნელი ინსტინქტები.

ნიკოლაძის დაკვირვებით მეთაურის, წინამძღოლის სავარძელში დაუმსახურებლად აღმოჩენილი ადამიანის მთავარი მახასიათებელია ის, რომ იგი ყოველგვარ საშუალებას მიმართავს, რათა ჩამოიშოროს ყველა ნიჭიერი, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანი, ირგვლივ შემოიკრიბოს უნიჭოები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ “მეთაურის” ნება-სურვილს და სრულიად უპასუხისმგებლოდ გაიყოფენ, მასთან შეთანხმებით, წინამორბედის ფლუგერულ როლს, ასეთ “წინამძღოლებს” ისე ეშინიათ და გაურბიან ნიჭიერ ადამიანებს, როგორც ეშმაკი - საკმეველს: ნიჭიერი ხალხის რაღაც საქმით დასაინტერესებლად საჭიროა მუშაობა, დაბეჯითება, აზრის თანმიმდევრობა, ხასიათის სიმტკიცე, მათ არ შეიძლება მხოლოდ უბრძანო: “გააკეთეთ ეს და ეს”, საჭიროა იქვე დაასაბუთო - რატომ უნდა გაკეთდეს სწორედ ეს და არა სხვა რამ, ხოლო გონებაჩლუნგებთან კი, რომელთა უჭკუო თავებში არასოდეს დაიბადება რაიმე წინააღმდეგობა, ეჭვი ან შეკითხვა, შეიძლება შემოიფარგლო მითითებითა და ბრძანებებით.

საბოლოოდ ნიკოლაძე დაასკვნის, რომ ასეთი მეთაურების სურვილი - გამოჩდნენ დიადნი, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ თავის გარშემო მხოლოდ ქონდრისკაცების შემოკრებით, მარცხისთვისაა განწირული - “წიწილებში მამალიც გამოირჩევა სიმაღლით, მაგრამ მას ამისთვის გიგანტად არავინ თვლისო”, “საჭიროა ქონა არა მხოლოდ გონების, ცოდნის, ხასიათის ბრწყინვალებისა, არამედ დარბაისელი ხარისხისაც. მაშინ თავისუფლად და ყოველგვარი მოთხოვნილების გარეშე დამყარდება ის პრესტიჟი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია რაიმე დისციპლინა”.

რა შემთხვევაში შეიძლება შესთავაზოს პიროვნებამ თავის თავი ლიდერად ხალხს? ნიკოლაძის დაჟინებული თვალსაზრისით, ის სათავეში უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, “თუ თანამემამულეებზე უფრო გამჭრიახი, დაკვირვებული, მოხერხებულია და იცის როდის უნდა დაძრას ისინი წინ, ხოლო როცა საჭიროა, ადგილზე შეაჩეროს.

ნიკო ნიკოლაძე ერთმანეთს ადარებს ევროპელ და ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს. მისი აზრით, ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარ როლს ჩვეულებრივ ორი ტიპის მოღვაწენი ასრულებენ: ფანატიკოსები და მოანგარეები (ე.ი. ანგარებიანი ადამიანები). რაც შეეხება საქართველოს, საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მომზადებული ადამიანები, - ხაზს უსვამს ნიკოლაძე, - რომლებიც ამ საქმიანობისთვის საჭირო ცოდნით და ნიჭით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენში ძლიერ ცოტაა. კიდევ უფრო ნაკლებად გვყვანან ფანატიკოსები, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა რკინის ბორკილების ტარებას... კიდევ უფრო მეტი რაოდენობით გვყვანან სავსებით მოუმზადებელნი პირნი, რომლებსაც ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობის უზომო მადა აქვთ, მაგრამ სრულიადაც არ გააჩნიათ არც მშვიდი ანგარიშიანობა, არც გამძლეობა, არც უნარი, რომ საკუთარი ძალ-ღონით და მეტნაკლებად რიგიანი საზოგადო საშუალებებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს და რაკი სხვა ტიპის საზოგადო მოღვაწენი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ბურთი და მოედანი რჩება ხოლმე ამ ორი ტიპს - სათნო აზიზ-მაზიზებს, ერთი მხრივ, და არაკეთილსინდისიერ ინტრიგანებსა და მოანგარეებს - მეორეს მხრივ (ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ელიტა).

ასეთი “ლიდერებისა” და “მოღვაწეების” ჩამოყალიბებაში და ხელისუფლებაში მოსვლაში ნეგატიურ როლს ჩვენი საზოგადოებაც ასრულებს მისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებით, როგორიცაა პირმოთნეობა, მლიქვნელობა, პანეგირიკი, უპასუხისმგებლობა (ანუ “ყიზილბაშობა”, როგორც ამას ილია ჭავჭავაძე უწოდებდა): “გასაგებია ისეთი საზოგადოების მავნებლობა - წერდა ნ. ნიკოლაძე, - სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასხამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძილი და იგი სულ უფრო ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე.

პოლიტიკური ლიდერების შესახებ ნიკო ნიკოლაძის თვალსაზრისი ყველაზე კარგად გამოჩნდა მის ვრცელ ნარკვევში ლუი ბლანი და გამბეტა, რომელიც პირველად რუსულ ენაზე დაიბეჭდა მ. სალტიკოვ-შჩედრინის ჟურნალში “ოტეჩესტვენნიე ზაპისკი”. ესაა უსერიოზულესი პოლიტოლოგიური, ანალიტიკური გამოკვლევა თავის თანამედროვე ცნობილ ფრანგ პოლიტიკოსებზე, რომლებიც თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ. ლუი ბლანი (1811-1882) და ლეონ გამბეტა (1838-1882) იყვნენ საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერები და ძალზე ცნობილი პოლიტიკოსები.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ნიკო ნიკოლაძესთვის მნიშვნელოვანია როგორც ლიდერობის თვისებათა თეორია (რომელიც აქცენტს აკეთებს ლიდერის პიროვნულ თვისებათა მრავალფეროვნებაზე), ასევე სიტუაციური თეორია (რომლის მიხედვით სიტუაცია ქმნის ან წარმოაჩენს ლიდერს). მისთვის მაინც გადამწყვეტია ლიდერის პრაქტიკული და არა იმდენად თეორიული მოღვაწეობა. გამბეტას პოლიტიკური მოღვაწეობის ანალიზს იგი იწყებს მისი გარდაცვალების ცნობით, რომ სიკვდილმა პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა უდიდესი ძალა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არა მარტო საფრანგეთის ბედზე, არამედ მსოფლიო მოვლენათა მსვლელობაზე, ე.ი. ნიკოლაძეს გამბეტა მიაჩნდა მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად, რომელშიც იგი ხედავდა სწორედ პრაქტიკულ ძალას. ნიკოლაძე აქვე იმოწმებს საზოგადოებრივ აზრს, რომლის თანახმად მოაზროვნენი შეიძლება დაიშრიტონ და გაღატაკდნენ, მაგრამ პრაქტიკული მოღვაწენი მუდამ ახალგაზრდები და დაუშრეტელნი არიან. მათ შეუძლიათ ღრმა მოხუცებულობამდე სარგებლობა მოუტანონ საზოგადო საქმეს. ამიტომ, როცა ასეთი მოღვაწენი კვდებიან, ყველას ეჩვენება, რომ მათთან ერთად იმარხება უამრავი ნაყოფიერი საქმე (ეს სიტყვები თავად . ნიკოლაძეზეა ზედგამოჭრილი).

ნიკო ნიკოლაძე მაღალ შეფასებას აძლევს ლუი ბლანისა და გამბეტას მოღვაწეობას, რომლებმაც თვალსაჩინო როლი შეასრულეს საფრანგეთის ისტორიის კრიტიკულ პერიოდებში 1848-1882 წლებში. ნიკოლაძის მოხდენილი გამოთქმით მათ ჰქონდათ საათები და თვეები ყველაზე უფრო სახარბიელო დიქტატურისა - გონების, ტალანტის დიქტატურისა. მათ ამ აღიარებას მიაღწიეს სიმდიდრის, არმიის, ორგანიზაციის (პარტიის), პირადი პატივისმცემლებისა და მაჩანჩალების გარეშე, ყველაზე შფოთიან პერიოდებში მიაღწიეს ფრანგთა მორჩილებას, რაც ძნელი გასაკეთებელია. მათი ერთადერთი იარაღი იყო თანამოქალაქეთა რწმენა და გონებაზე ზემოქმედება.

ნიკოლაძე იკვლევს, თუ რა განაპირობებდა დროდადრო მათში ძალის ან უძლურების მოზღვავებას, მათი პოლიტიკური მნიშვნელობის არასტაბილურობას, მათ გავლენას თანამედროვეთა გონებასა და ბედზე.

ნიკოლაძე მიუთითებს, რომ ნეკროლოგებით, რომლებშიც ყველა მიცვალებული გენიოსადაა გამოყვანილი, ძნელია რეალობის და სიმართლის დადგენა. ისეთ ქვეყანაში პირველობის მოსაპოვებლად, როგორიცაა საფრანგეთი, საჭიროა ასჯერ უფრო მეტი ნიჭი და ძალა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. ნიკოლაძე ხაზს უსვამს გამბეტას მრავალმხრივ ნიჭს, რომელსაც განგებამ უხვად უწყალობა ყველა ღირსება, რაც სახელმწიფოს მეთაურისთვისაა აუცილებელი: მჭევრმეტყველება (რომლითაც მასებს ატყვევებდა), მოქნილი გონება (ადვილად რომ შეუძლია შეითვისოს ყოველი ახალი და ადვილადვე გახადოს საზოგადოების საკუთრება), გამბედაობა (რაც კადნიერებამდე და თავხედობამდეც მიდიოდა), მხიარულება (იმსახურებდა ყველას სიმპატიას), ფრთხილი ანგარიშიანობა, ენერგიულობა, სიმტკიცე, მოთმინების უნარი, ლაკონური მეტყველების ოსტატი (მასზე მეტად არავის შესწევდა ძალა რთული პოლიტიკური აზრის ორსიტყვიან ფორმულაში ჩამოსხმისა, რაც თვით გულცივთა გონებაშიც კი იბეჭდებოდა), საკუთარი თავის რწმენა (არავის სჯეროდა საკუთარი ვარსკვლავისა და თავისი მოწოდებისა ისე, როგორც ამ კაცს ჯერ კიდევ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მის სახელს ვინმე გაიგონებდა), ბედმა მას ასევე უხვად მოუვლინა სხვადასხვა სიტუაციები, პირობები, შემთხვევები, რომლითაც მისი ტალანტი ასე რელიეფურად წარმოჩნდა.

ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ იმ ხალხს, რომელიც სედანის შემდეგ (1870 წელი) ნაპოლეონ III არმიის განადგურებასთან ერთად შიშსა და ძრწოლას მოეცვა, იგი ციდან მოევლინა ღმერთივით, გამამხნევებელი სიტყვით და მისი ხელის ერთი აქნევით მიწიდან ამოიზარდა ხუთი არმია. მართალია მან ვერ შეაჩერა პარიზის დაცემა (ეს არავის შეეძლო), მაგრამ ნაციონალური საბჭოს ჩამოყალიბების და კომუნის დაცემის შემდეგ იგი რესპუბლიკის გამარჯვების მაუწყებლად მოგვევლინა. მისი მცდელობებით გაცვდა ყველა ზრახვა, ჩანაფიქრი და ინტრიგა ფრანგი მონარქისტების. თუმცა ასეთი პოპულარობის მქონე ადამიანმაც კი ვერ შეძლო მასზე უგონოდ შეყვარებული მასა გადაეყვანა გზიდან და თავის რჩეულ გზაზე დაეყენებინა.

ნიკოლაძის აზრით, ბრწყინვალე ნიჭიერებამ გამბეტას მხოლოდ იმიტომ შეუქმნა ავტორიტეტი, რომ მან თავისი ნიჭი მართალ საქმეს მიუძღვნა, საქმეს, რომელიც მოიტანა ისტორიულმა პროგრესმა. როდესაც თავისი წარმატებით თავბრუდახვეულმა, თავის ავტორიტეტს ბრმად მინდობილმა გამბეტამ მოწინააღმდეგეს სძლია, მან წარმოიდგინა, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია, რომ მას შეუძლია გაბედოს და შეცვალოს ისტორიის ბორბლის ტრიალი, შეუძლია მოატყუოს ისტორიის პროგრესი. ვიდრე ის ამ საქმის ერთგული იყო, ძალაც მის მხარეზე იყო, რადგან ქვეყნის ყველა ცოცხალი ძალა მას მიეკედლა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაუშვა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი შეცდომა, ამ ჩავარდნებმა მისი მნიშვნელობა არ დააკნინა ფრანგთა თვალში.

ნიკოლაძე გამბეტას უდიდეს დამსახურებად თვლის საშუალო ფენის - არმიისა და ბურჟუაზიის მიზიდვას მონარქიიდან რესპუბლიკისაკენ და დისციპლინის განმტკიცებას მათ შორის. მეორე დიდი დამსახურება იყო ის, რომ გამბეტამ შეძლო რესპუბლიკური პარტიის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით: “როცა პირველი ფალანგის საგმირო საქმეები პარტიისკენ მიიზიდავს მომხრეთა მასებს, შემდეგ საჭირო ხდება გონიერი და შორსმჭვრეტელი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იქნება წინსვლა არა ნახტომებით, არა ალალბედზე და თავპირისმტვრევით, არამედ მტკიცე და ბუნებრივი ნაბიჯებით, რომლის სიმწყობრეც იმატებს პარტიის ძლიერების თანდათანობით განმტკიცების ხარჯზე. დგება საკითხი, რომ ძალთა და სახსართა ხარჯვა უნდა შეეფარდოს მოსალოდნელ შედეგთა ნამდვილ მნიშვნელობას, რაც წინასწარ უნდა აიწონ-დაიწონოს, გამოითვალოს ყოველი ნაბიჯი, ყოველი გადასვლა, რათა არ მოგვიხდეს უკან დაბრუნება ან ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა.

აქედან გამომდინარე ნიკოლაძე აკეთებს შესაბამის დასკვნას, რომ პოლიტიკაში მთავარია ენერგია, როგორც მოქმედების გეგმის შესადგენად, ისე მისი განხორციელებისთვის. ენერგია კი, ცნობილია, ძნელად შესანახია, მაგრამ ადვილი გასანიავებელი... შეიძლება მოაგროვო პიროვნებათა მასა, რომელთაც ძალა შესწევთ გამოავლინონ ენერგია გარკვეული საათებისა და დღეების მანძილზე, ძალუძთ ძრწოლის გარეშე შეხვდნენ სიკვდილს, გაბედულად შეუშვირონ მკერდი ტყვიას, მაგრამ ბევრ მათგანს, სავსებით ენერგიულ პიროვნებას, მაინც არ ეყოფა ამტანობა, შეინარჩუნოს ენერგიის იგივე ვადა რამდენიმე წლის მანძილზე, არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ წვრილი, ოდნავ შესამჩნევი დაბრკოლების წინაშეც. სიკვდილის მუქარის წინ ქედმოუხრელი ადამიანები წამდაუწუმ იდრიკებიან და ქედს უხრიან წვრილ ინტრიგებს, პროზაულ დაბრკოლებებს. ამის გამო პოლიტიკური მოღვაწე შეუდარებლად მტკიცე და თანმიმდევრული უნდა იყოს პარტიული პროგრამის განხორციელებაში, ვიდრე დროდადრო გაელვებულ აფეთქებებსა და მანიფესტაციებში, რაოდენ სახიფათო და ეფექტურიც არ უნდა იყოს ისინი.

ნიკოლაძის თქმით, გამბეტამ შექმნა საერთო ფრანგული მასშტაბის ძლიერი პარტია, სადაც ტალანტები ვერც კი ასწრებდნენ გამოვლენას, რომ უკვე აწინაურებდნენ, უძებნიდნენ შესაბამის როლს. ამით აღწევდნენ პოლიტიკაში ყველაზე უფრო ძნელად განსახორციელებელ შედეგს - ამოექაჩათ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ქვეყანაში არსებული ძალებიდან სათანადო სფეროში ყოველგვარი ნიჭის ჩაყენების გზით: “ძალთა ასეთი ეკონომიის წყალობით რესპუბლიკური პარტია, რომელიც მანამდე მოუმზადებელი და პრაქტიკულად უძლური ჩანდა, უცებ გამობრწყინდა, გამოავლინა მცოდნე პრაქტიკული და ნიჭიერი ადამიანების ისეთი რაოდენობა, რომელზედაც არც ერთ პარტიას არ შეუძლია ეოცნება საფრანგეთში. სწორედ ამგვარ ორგანიზაციაშია საჭირო ისდისციპლინა”, ურომლისოდაც არ შეიძლება პარტიის არსებობა და არა მისი ყველა წევრის ბრმა მორჩილებაში რომელიმე პიროვნებისადმი, რაოდენ გენიალურიც არ უნდა იყოს იგი.

ნიკოლაძე პატივს მიაგებს გამბეტასნაირ დიდ ლიდერებს, მაგრამ თვლის, რომ ცალკეულ პირთა ნება-სურვილი, შეცდომა თუ მოქმედება, რა გავლენიანიც არ უნდა იყვნენ ისინი, უძლურია ისტორიულ განვითარებასთან.

პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვანია დაშვებული შეცდომების ანალიზი, ის თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აქედან პოლიტიკოსებს. ნიკოლაძე გამოყოფს გამბეტას რამდენიმე მნიშვნელოვან შეცდომას, რამაც მისი პოლიტიკური დასამარება გამოიწვია და კრახი განაცდევინა: “გერმანიასთან დამარცხების და საფრანგეთის დამცირების შემდეგ ომით დაღლილ და განაწამებ ფრანგებს მან წამოუყენა ლოზუნგი-მოთხოვნა “ომი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს”, რაც არასწორი იყო, ის ასევე უარყოფდა სოციალური საკითხის არსებობას, ცხოვრობდა, ფიქრობდა და მოქმედებდა მხოლოდ სადღეისოდ და მომავლისკენ არ იყურებოდა, არ სჯეროდა მოვლენეთა გარდაუვალი ცვალებადობა და ულმობელობა. დღევანდელი პოლიტიკის წვრილმანი მიზანი მას მუდმივად ავიწყებდა მომავლის არსებით ინტერესებს. მას არამცთუ მარტო დღევანდელი კვერცხი ერჩივნა ხვალინდელ ქათამს, - ეს შედარება კარგად ვერ გამოხატავს მის უზრუნველობას, არამედ მუდმივად მზად იყო ცხვირწინ მოტანილ ოსპის შეჭამანდზე გაეცვალა პირმშოს ყველა უცილობელი უფლებები. გარდა ამისა, ის მზად იყო მომავლისათვის სიკეთისა და ოქროს მთებს დაჰპირებოდა ვინმეს, რათა დღეს ერთი კაპიკი მიეღო, ხოლო როცა ჰპირდებოდა, არასოდეს ახსოვდა, რომ სიტყვას შესრულება უნდა. ყველაფერ ამას კი მზაკვრობისა და ეშმაკობის გამო კი არ აკეთებდა, ვინმეს მოტყუების მიზნით კი არ სჩადიოდა, არამედ ბოშური უზრუნველობის გამო, იმის გამო, რომ არ იყო მიჩვეული სერიოზულად ეფიქრა მომავალზე და მტკიცედ ხსომებოდა, როგორც თავისი, ისე სხვისი დაპირება”.

ნიკოლაძე ხაზს უსვამს გამბეტას სწორ ტაქტიკას, რომ ლეგალურად აეღოთ ხელში ძალაუფლება, რასაც ყველა იზიარებდა. ამასთანავე ყველა ფიქრობდა, რომ ადამიანს, რომელიც ასეთ იდეებს ქადაგებს და აშკარად ხედავს ძალაუფლების მისი პარტიის ხელში გადასვლის დროის სწრაფ მოახლოებას, უთუოდ წარმოდგენა აქვს იმაზე, როგორ უნდა ისარგებლო ძალაუფლებით. გამბეტას ამ შეცდომიდან გამომდინარეობს ნიკოლაძის გონივრული დასკვნა, რომ ადამიანები, რომელთაც ხელთ უპყრიათ ძალაუფლება და არ იციან, როგორ მოუტანონ თავიანთ ხალხს კეთილდღეობა, ღირსნი არ არიან ძალაუფლებისა და ვერც შეინარჩუნებენ მას (ეს ზუსტად მიესადაგება საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა ხელისუფალთ 1990-2012 წლებში - ვ.შ.).

აქედან გამომდინარეობს ნიკოლაძის მეორე ბრწყინვალე და პრაგმატული დასკვნა, რომ პარტიამ უნდა მოჰკიდოს ხელი მმართველობას რეფორმებისა და გაუმჯობესების მზა პროგრამით, რადგან, როცა ძალაუფლებას მიაღწევ, მერე უკვე გვიანღაა ფიქრი, მხოლოდ მოქმედებაა საჭირო. ყოველგვარი მერყეობა დასაშვებია ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე და არა მაშინ, როცა ყოველი წუთი საქმეს უნდა მოხმარდეს (ეს დღემდე არის ქართული მმართველი პოლიტიკური პარტიების უდიდესი მინუსი - ვ.შ.).

ნიკოლაძე მიუთითებს, რომ გამბეტამ ვერ წარმოადგინა ვერც რეფორმათა პროგრამა, ვერც პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის გეგმა; წლების მანძილზე იგი ერთ ადგილს ტკეპნიდა. ანრი როშფორმა გააშიშვლა მისი აქილევსის ქუსლი, როცა იხუმრა: გამბეტა ისე შეუდგება ხვალიდან რეფორმებს, როგორც ზარმაცი მოსწავლეები იფიცებიან ხოლმე - მომავალი ორშაბათიდან დავიწყებ მეცადინეობასო.

ნიკოლაძე აქვე ხაზს უსვამს გამბეტას არასწორ საკადრო პოლიტიკას ხელისუფლებაში მოსვლის დროს: მან პორთფელების უმეტესი ნაწილი ისეთ ხალხს დაურიგა, რომელთაც არამცთუ მარტო ქვეყანა არ ენდობოდა, არამედ პარლამენტის ვიწრო წრეებშიც ავტორიტეტი არ ჰქონდათ... ლომი დაწვა და კატა შობაო... დაცემის ძალა და სიღრმე შეესაბამებოდა გამბეტაზე დაკისრებული იმედების და სასოების სიმაღლეს... ყველა ის განცხადება, მის კუბოს რომ აცილებდა, ეხებოდა გამბეტას პატრიოტიზმს, 1870 წლის ამბებში მის როლს, მაგრამ ამასთან ერთად, არავის, თვით მის მახლობელ მეგობრებსაც კი, აზრადაც არ მოსვლიათ ეთქვათ, რომ გამბეტას სახით საფრანგეთმა დაკარგა დიდი კანონმდებელი ძალა, განმაახლებელი, ნოვატორი, ყველამ იცოდა და ხედავდა, რომ გამბეტა ამ მხრივ საოცრად უნაყოფო იყო. საბოლოოდ ნიკოლაძე დაასკვნის, რომ “გამბეტა ფრანგების თვალში სწორედ ის დატენილი რევოლვერი იყო, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქენი ყოველ შემთხვევაში იძენენ თავდასხმის მოლოდინში მტრების შესაშინებლად, მაგრამ რომელსაც თვითონვე სიფრთხილითა და ფარული შიშით უყურებენ, რა არის, პატრონს რაიმე უბედურება არ შეამთხვიოს... გამბეტა არ იდგა თავისი როლისა და ამოცანის სიმაღლეზე - დაემარცხებინა ბისმარკი. თავისი მოუხერხებლობით ის მოწინააღმდეგეს უმართავდა ხელს... გამბეტა დროულად მოკვდა, დაასწრო, ვიდრე ქვეყანა მისი შემოქმედებითი სიბერწის მოწმე გახდებოდა.

ამავე ნარკვევში ნიკო ნიკოლაძე იძლევა მეორე გამოჩენილი პოლიტიკოსის, მოაზროვნისა და მოღვაწის ლუი ბლანის გამბეტასთან შედარებით.

ნიკოლაძე თვლის, რომ ლუი ბლანს არ ჰქონია გამბეტას ნიჭის ბრწყინვალე მხარეები, არ გააჩნდა მისნაირი ცხოველი, მგზნებარე ტემპერამენტი, მაგრამ მასზე შეუდარებლად ღრმა და პრინციპული იყო: “ავადმყოფურად მორიდებულს მთელი არსებით სძულდა სცენური გარემო და განზრახ გაურბოდა ყოველგვარ ეფექტს. მას სწამდა, რომ ჰქონდა სავსებით პოპულარული მწერლის ღრმა შემოქმედებითი გონება, ნიჭი და რცხვენოდა დამდაბლებულიყო იმ ილეთებამდე, რომლებიც ბრბოს განვითარების დონეს ახასიათებდა”. ნიკოლაძე ხაზს უსვამს მის ბრწყინვალე ორატორულ ნიჭს და ინტელექტს (“ჰქონდა ტალანტი თავისამდე აემაღლებინა თავისი მკითველები და მსმენელები, იცოდა, როგორ გამხდარიყო პოპულარული და გასაგები თვით ყველაზე დაბალი წრისათვის”). ნიკოლაძე თვლის, რომ ლუი ბლანმა რესპუბლიკას უფრო მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია, ვიდრე გამბეტამ. მისი დამსახურება იყო, რომ მუშათა კლასმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკას. 1848 წლის რევოლუციური მოვლენების დროს “მოსახლეობის კერპი ლუი ბლანი პოლიტიკის ყოვლისშემძლე მესვეური იყო. მაშინ მან ვერ გაბედა ისეთი თამამი, მაგრამ მეტისმეტად სარისკო ნაბიჯის გადადგმა (დროებითი მთავრობის გარეკვა, რაც მის ერთ სიტყვაზე იყო დამოკიდებული - ვ.შ.), მან არ მოისურვა თავი დიქტატორად გამოეცხადებინა, ვერ მოახერხა ან ვერ შეძლო ესარგებლა ბურჟუაზიული პანიკით, რათა დროებით მაინც გაეტარებინა ცხოვრებაში ისეთი რეფორმები, რომელთა კვალსაც შემდგომ ვერავითარი რეაქცია ვერ მოსპობდა”. ლუი ბლანის შეცდომებზე დაყრდნობით ნიკოლაძე აკეთებს დასკვნას, რომ პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც მოვლენათა მსვლელობა წამოსწევს ხელისუფლებაში, ის კი ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას ამოქაჩოს იქიდან თავისი დოქტრინისა და პარტიისათვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი, თითქმის ყოველთვის კარგავს ნდობას თავის მიმდევრებში, ხოლო მოწინააღმდეგეთა თვალში კი ყოველგვარ ავტორიტეტს(იქვე).

ნიკოლაძე ხაზს უსვამს, რომ საჭირო იყო ახალი თაობის მოსვლა, 1848 წლის შეცდომებისა და გულგატეხილობის დავიწყება, რომ ლუი ბლანის დოქტრინის (სახელმწიფო სოციალიზმი - ვ.შ.) არსებით მხარეებსა და მის უდიდეს ტალანტს კვლავ შეექმნა მისთვის მნიშვნელობა და ავტორიტეტი რესპუბლიკელთა მასებში. მიუხედავად იმისა, რომ იგი 22 წელი (1848-70 წ.წ.) იძულებით გადახვეწილი იყო ინგლისში, რომელიც ლუი ბლანმა შრომაში და ბრძოლაში გაატარა, ამ დევნილის პრესტიჟმაც კი ვერ შეძლო განემტკიცებინა მისთვის გარკვეული პოლიტიკური როლი მესამე რესპუბლიკის მთავრობაში. 1870 წლის შემდეგ ლუი ბლანის საზოგადოებრივი მოღვაწეობა არ შეესაბამებოდა მის მნიშვნელობას 1848 წელს, როგორც თვითონ განმარტა, იგი სრულიად შეგნებულად გაუჩინარდა, დარწმუნებული, რომ პარტიისა და სამშობლოს საარსებო ინტერესები ამას მოითხოვდნენ (ანუ, გააკეთა ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ვერ შეძლო - ვ.შ.).

იმედია, რომ ახლო მომავალში გაბათილდება ის სკეპსისი და გულისტკივილი, რომელიც ნიკოლაძემ გამოთქვა 105 წლის წინ: “ეღირსება კი ოდესმე ჩვენი უბედური ქვეყანა, რომ მის საქმეთა სათავეში, მისი ბედის მეთაურად, მისი საჭიროების გამომხატველად, მისი ენერგიის წარმმართველად თანამედროვე ცოდნით შეიარაღებული წინამძღოლები ჰყავდეს? თუ მას ელის დაღუპვა ისე, რომ ვერ ეღირსოს ნათელს და იმ მეთაურთა მსხვერპლი შეიქნეს, ვინც ვერც კი ხვდება თავის გონებრივ სიბნელეს და ქვეყანას უფსკრულისაკენ რომ მიაქანებს”.

ამრიგად, ნიკო ნიკოლაძის შეხედულებანი პოლიტიკური პარტიისა და ლიდერობის შესახებ დღესაც მაღალი მეცნიერული დონით გამოირჩევა და კვლავაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია ქართული პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური ელიტისათვის, პარტიული მშენებლობისათვის და მომავალი პოლიტიკური ლიდერების სწორ გზაზე დასაყენებლად.