გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა

გლობალიზაცია და მისი რეფორმირების აუცილებლობა

გლობალიზაციის თავგადაკლული მომხრეები და საბაზრო ეკონომიკის ბოლშევიკები (ჯოზეფ სტიგლიცის - მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტის-ტერმინია და გულისხმობს ბენდუქიძის მსგავს ლიბერასტებს, რომლებიც თვლიან, რომ თურმე მთავრობა ბიზნესში და საბაზრო ეკონომიკაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს) გლობალიზაციის პროცესს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს იყოს ობიექტური, ლამის ღმერთის ნების განმახორციელებელი მოვლენა, რომელშიც ადამიანს პაიკის როლი აქვს მიკუთვნებული და არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

სინამდვილეში ეს ასე არ არის.

გლობალიზაცია მართლაც უზარმაზარი ძალაა, რომელმაც ადამიანთა ნაწილის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ამათგან ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილის და 25-30 ქვეყნის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. იმის გამო, რომ ეს პროცესი არასწორად (ან შეგნებულად არასწორად) იყო მართული, ათეულ მილიონობით ადამიანისათვის მან ვერ მოიტანა დადებითი შედეგი, ასეულ მილიონობით ადამიანისათვის კი ცხოვრება უარესობისაკენ შეიცვალა.

გლობალიზაცია ამ სახით გარდაუვალი აუცილებლობა სულაც არ არის და მისი შეცვლა შეიძლება , თუ განვითარებული ქვეყნები ამის სურვილს და ნებას გამოამჟღავნებენ. უნდა მოხდეს მისი იმ სახით რეფორმირება (გლობალიზაცია ადამიანური სახით), რომ მან სიკეთე მოუტანოს არა მარტო მდიდარ ადამიანებსა და განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ღარიბ და განვითარებად ქვეყნებსაც (150-მდე ქვეყანა, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც).

ამრიგად, გლობალიზაცია, როგორც ასეთი, არც კარგია და არც ძალიან ცუდი. სწორად და სამართლიანად წარმართვის შემთხვევაში მას სიკეთის და პროგრესის მოტანის დიდი პოტენციალი გააჩნია. ქვეყნებს, რომლებმაც გლობალიზაცია საკუთარი წესებით, საკუთარი ტემპით განვლეს (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და სხვ.) ძალიან სერიოზული შედეგები ჰქონდათ (მიუხედავად კრიზისებისა), ვიდრე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას.

რატომ ვერ იქცა გლობალიზაცია პროგრესისა და სიკეთის მომტან ძალად ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და ვინ წარმართავს ამ პროცესს?

როგორც ჯოზეფ სტიგლიცი წერს თავის ცნობილ წიგნში ("გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება:, თბ. 2012), გლობალიზაციის პროცესში "პირველადი ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა მომხდარიყო ხალხებისა და ქვეყნების დაახლოება, რაც ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ხარჯის შემცირებას და ხელოვნურად შექმნილი ბარიერების მოშლას უნდა მოჰყოლოდა. ამის შემდეგ საქონლის, სერვისის, კაპიტალის, ცოდნისა და ადამიანების (შედარებით ნაკლებად) მოძრაობაც გაადვილდებოდა".

გლობალიზაციის პროცესს ძირითადად მართავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი(შეიქმნენ 1944 წელს ბრეტონ ვუდსში, ნიუ-ჰემფშირში) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ჩამოყალიბდა 1994 წელს) და მათ უკან მდგომი მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები და განვითარებული ქვეყნების შვიდეული.

ამ ორგანიზაციების შექმნა იმის აღიარებასაც ნიშნავდა, რომ ბაზარი, საბაზრო ეკონომიკა ხშირად წარუმატებლად მუშაობს, რომ მან შესაძლოა წარმოშვას დიდი კრიზისები, უმუშევრობის დიდი ტალღები და ხშირად არ შეუძლია საჭიროების დროს ქვეყნები იმ დახმარებით უზრუნველყოს, რომელიც ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამ ორგანიზაციების შექმნის იდეა ეფუძნებოდა რწმენას, რომ ეკონომიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია კოლექტიური ქმედება გლობალურ დონეზე, ისევე როგორც გაეროს შექმნა დაეფუძნა რწმენას, რომ პოლიტიკური სტაბილურობისათვის აუცილებელია ერთობლივი ქმედება (თუმცა ბოლო ხანებში აშშ-მა და რუსეთმა გაეროს გვერდის ავლით განახორციელეს სამხედრო ქმედებიანი სხვადასხვა ქვეყნებში).
დროთა განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მნიშნველოვნად შეიცვალა. თავიდან ის მოქმედებდა პრინციპით, რომ საბაზრო ეკონომიკა ხშირად წარუმატებლად მუშაობს, თუმცა კი 1980-იანი წლებიდან იგი საბაზრო ეკონომიკის ერთპიროვნულ უპირატესობას ქადაგებს.

არიან სხვა გლობალური ორგანიზაციებიც, რომლებიც სავალუტო ფონდის არ ემხრობიან ამ მიმართულებით. მაგალითად, შრომის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სათანადო ყურადღებას არ უთმობს მომუშავეთა უფლებებს, აზიის განვითარების ბანკი, სავსებით მართებულად, "კონკურენტულ პლურალიზმს" ქადაგებს, რომლის მიხედვითაც განვითარებად ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია განვითარების სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ. მათ შორისაა "აზიის მოდელი" - ეს არის საბაზრო ეკონომიკის სისტემა, როდესაც ბაზრის ჩამოყალიბების, ფორმირებისა და ზედამხედველობის პროცესში მთავარ როლს მთავრობა თამაშობს (სუბურო ოკიტა), რაც გულისხმობს, მაგალითად, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშწყობას. ამ პროცესში საკუთარი თანამშრომლების სოციალურ კეთილდღეობაზე კომპანიებს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრებათ - ეს ყველაფერი კი ძალიან განსხვავდება ამერიკული, ვაშინგტონში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოდელისაგან.

ამრიგად, თავიდან სავალუტო ფონდის მიერ აღიარებული კეინსიური ორიენტაცია- საბაზრო ეკონომიკის წარუმატებლობის შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილების წარმოშობის პროცესში მთავრობის როლის მნიშვნელობა - 1980 წელს თავისუფალი ბაზრის ერთპიროვნული უპირატესობის იდეამ ჩაანაცვლა - ეს იყო ე.წ "ვაშინგტონის კონსენსუსის" ნაწილი. შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკსა და აშშ-ის ხაზინის შორის მოხდა განვითარებადი ქვეყნებისათვის "სათანადო" პოლიტიკის შემუშავების შესახებ - ეს იყო ახალი, რადიკალურად განსხვავებული მიდგომა ეკონომიკური განვითარების და სტაბილურობის საკითხისადმი, რამაც არ გაამართლა უმრავლეს ქვეყანაში.

თავის დროზე ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის განკუთვნილი ეს მოდელი და პოლიტიკა წინასწარი აპრობირების და შესწავლის გარეშე გაატარეს აზიის, აფრიკის და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, რამაც უმძიმესი შედეგები მოიტანა.

ზოგ შემთხვევაში ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა განვითარებად ქვეყნებში, შეუფერებელი იყო იმათთვის, ვინც განვითარების ადრეულ სტადიაზე იმყოფებოდნენ ან სადაც გარდამავალი პერიოდი ახალი დაწყებული იყო (როგორც მაგალითად საქართველოში). ასევე არ გაამართლა ბაზრების და ვაჭრობის ლიბერალიზაციამ. განვითარებადი ქვეყნები აიძულეს იმპორტისათვის გაეხსნათ თავისი ბაზრები. შემოტანილი პროდუქცია კი დიდ კონკურენციას უწევდა ადგილობრივ ნაწარმს (საქართველოში ახლაც ასეა), ძირავდა ადგილობრივ პროდუქციას და კატასტროფული შედეგები მოჰქონდა და მოაქვს.

სისტემატურად მცირდებოდა სამუშაო ადგილები, ღარიბი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევდნენ აშშ-დან და ევროპიდან (თურქეთიდან და ირანიდანაც კი) შემოტანილ, საკუთარი მთავრობის მიერ სუბსიდირებულ საქონელს. უფრო მეტიც, სავალუტო ფონდის მოთხოვნას-განვითარებად ქვეყნებს შეენარჩუნებინათ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა - მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებას იწვევდა (და იწვევს), რაც საუკეთესო პირობებშიც კი ახალი სამუშაოა დგილების წარმოქმნას შეუძლებელს ხდიდა. იმის გამო, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაცია მანამდე მოხდა, ვიდრე უსაფრთხოების სისტემა ამოქმედდებოდა, ისინი, ვინც სამუშაო დაკარგეს, სიღარიბისათვის იყვნენ განწირულნი (არადა, როცა დასავლეთის ქვეყნებმა ღარიბ ქვეყნებს სავაჭრო ბარიერების გაუქმებისაკენ უბიძგეს (აიძულეს), შეინარჩუნეს ბარიერები საკუთარ ქვეყნებში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ განვითარებად ქვეყნებს, - არ შეეძლო და დღემდე არ შეუძლიათ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი აშშ-სა და ევროკავშირში, რისთვისაც ძალზე რთული ბარიერები იყო დაწესებული).

ამგვარად, ლიბერალიზაციამ ბევრ შემთხვევაში დაპირებული ზრდის ნაცვლად, გაჭირვების მატება გამოიწვია და გააუარესა მდგომარეობა.

1970-იან წლებამდე ევროპული ქვეყნები კრძალავდნენ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. დიდი უსამართლობაა, აიძულო განვითარებადი ქვეყნები ცუდად განვითარებული საბანკო სისტემით, ბაზრის გახსნის რისკზე წავიდნენ. ცხელი ფულის (ესაა ფული, რომელიც ქვეყანაში შედის და გადის ზოგჯერ ერთ დღე-ღამეში. ხშირად გაურკვეველია ვალუტა მყარდება თუ გაუფასურდება) უკონტროლო შემოდინება და გადინება ქვეყნიდან, რაც ხშირად ბაზრის ლიბერალიზაციას მოსდევს, როგორც წესი, ეკონომიკისათვის გამანადგურებელია.

სწორად წერს ჯოზეფ სტიგლიცი, რომ "განვითარებადი ქვეყნები პატარა ნავებს გვანან. ბაზრის სწრაფმა ლიბერალიზაციამ, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წარმართავდა, ისინი ზღვაზე საცურაოდ მანამდე გაუშვა, სანამ კორპუსში ხვრელები ამოივსებოდა, კაპიტანი სწავლებას გაივლიდა და მაშველ ჟილეტებს მოიმარაგებდა. საუკეთესო სიტუაციაშიც კი მაღალია ალბათობა, რომ ნავი გადაბრუნდება, როცა დიდი ტალღა დაეჯახება.

სავალუტო ფონდის (რომელშიც მხოლოდ აშშ-ს აქვს ვეტოს უფლება) მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის წაყენებული "პირობითობები"-სინამდვილეში ეს იყო მკაცრი და მბრძანებულრი მოთხოვნები, რომლებიც სერიოზულად ლახავდნენ და ხელყოფდნენ ამ ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და რომლებსაც მათ თავს ახვევდნენ განვითარებული ქვეყნები ამ ფონდის მუშაკთა ("ეკონომიკური მკვლელები", როგორც მათ უწოდებდა ჯონ პერკინსი) მეშვეობით.

საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის კოლაფსმა სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ახალი ასპარეზი გაუხსნა. თავიდან სავალუტო ფონდი წარმართავდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში (გვახსოვს მისი წარმომადგენელი შადმან ვალავი, რომელიც ქართველ მეწარმეებს ურჩევდა ვენახის აჩეხვას და ღვინის და ლუდის წარმოებაზე უარის თქმას). როცა ფონდის ფინანსები საკმარისი აღარ იყო, საჭირო გახდა ამ საქმეში მსოფლიო ბანკის ჩარევაც, რომელსაც დაეკისრა უმცროსი პარტნიორის როლი. სავალუტო ფონდის ფუნქციებში შედიოდა მაკროეკონომიკური საკითხები, საბიუჯეტო დეფიციტი, სავალუტო პოლიტიკა, ინფლაცია, სავაჭრო დეფიციტი, საზღვარგარეთიდან სესხის აღების პროცესი.

როგორც ჯოზეფ სტიგლიცი მიუთითებს, "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იმპერიალისტური მიდგომა არჩია; იმის გამო, რომ ნებისმიერ სტრუქტურულ საკითხს გავლენის მოხდენა შეეძლო ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე, ან ბიუჯეტისა და სავაჭრო დეფიციტზე, ორგანიზაციაში ჩათვალეს, რომ ნებისმიერ საკითხი (მათ შორის საკადრო - ვ.შ) მათი კომპეტენციის სფეროში ექცეოდა". სავალუტო ფონდსაც და მსოფლიო ბანკსაც შეეძლო განვითარებადი, მოვალე ქვეყნებისთვის სხვა, ალტერნატიული გზებიც შეეთავაზებინა, იმ სირთულეების შესახებ გაეფრთხილებინა, რაც განვითარებასა და გარდამავლ პერიოდს ახლავს თან. ეს დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ დიდმა შვიდეულმა და, განსაკუთრებით აშშ-მა, სავალუტო ფონდის მეშვეობით მათ თავს მოახვია ე.წ "შოკური თერაპია", რამაც სოციალური კოლაფსი გამოიწვია ამ ქვეყნებში.

დაარსებიდან 70 წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თავისი მისია ვერ (არ) შეასრულა - არ გაკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა- ფული გამოეყო ქვეყნებისათვის, რომლებიც ძალზე მძიმე ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიდნენ. ბევრი მათგანის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, 120-მდე ქვეყანამ კრიზისი განიცადა.

ფონდის მიერ ინიცირებულმა კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაციამ გლობალურ არასტაბილურობას შეუწყო ხელი და მსოფლიიო ფინანსური კრიზისი გამოიწვია, რომელიც 2007 წლიდან დღემდე გრძელდება. მიუხედავად მუდმივი დაპირებისა, რომ სიღარიბე შემცირდებოდა, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 300 მილიონით გაიზარდა. გაიზარდა ცხოვრების და შემოსავლის დონის სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის არა მარტო ღარიბ, არამედ მდიდარ ქვეყნებშიც კი-ანუ გაღრმავდა სოციალური უთანასწორობა. ბჟეზინსკის მონაცემებით თუ "1990 წელს აშშ-ში საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, 2013 წლისათვის ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია".

გლობალიზაციამ და საბაზრო ეკონომიკამ ვერ მოიტანა დაპირებული შედეგები რუსეთსა და უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც კომუნიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადადიოდნენ. ამ ქვეყნებს დასავლეთი დაპირდა, რომ ახალი ეკონომიკური სისტემა მათ უპრეცედენტო კეთილდღეობას მოუტანდა, ამის ნაცვლად მათ უპრეცედენტო სიღარიბე იხილეს.
უზარმაზარი განსხვავება არსებობს რუსეთს (რომლის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მართული) და ჩინეთს შორის, რომელმაც ეს პროცესი დამოუკიდებლად წარმართა. 1990 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთის შიდა პროდუქტის 60%-ს შეადგენდა. ათი წლის შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა. რუსეთში მოხდა სიღარიბის დონის არნახული ზრდა, ჩინეთში კი - არნახული შემცირება.

სავალუტო ფონდი ამ ქვეყნებში მაკროეკონიმიკის ნაცვლად ისეთი სუტრუქტურული საკითხებითაც დაინტერესდა, როგორიცაა პრივატიზაცია, დასაქმების ბაზარი, საპენსიო რეფორმა. ფონდის წამომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არ კარნახობენ სესხის პირობებს მსესხებელ ქვეყანას და ყველაფერი მოლაპრაკებების გზით ხდება. მაგრამ ეს ცალმხრივი მოლაპარაკებაა, რადგან ყველა ბერკეტი ფონდის ხელშია ძირითადად იმის გამო, რომ მსესხებელი ქვეყნები ძალიან გაჭირვებაში იმყოფებიან.

ქვეყნებს მკაცრად გაწერილი გეგმა ჰქონდათ - კონკრეტული მიზნებისათვის 30, 60 ან 90 დღეში უნდა მიეღწიათ. ზოგჯერ ხელშეკრულებები იმასაც კი განსაზღვრავდა, რა კანონები უნდა მიეღო ამ ქვეყნის პარლამენტს ფონდის დავალების დრულად შესასრულებლად.

ვაშინგტონის კონსენსუსის სამმა ძირითადმა მიმართულებამ - მკაცრმა ფისკალურმა პოლიტიკამ, პრივატიზაციამ და ბაზრების ლიბერალიზაციამ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მკვეთრად უარყოფითი შედეგი მოიტანა.

ფონდს აინტერესებდა სტაბილიზაციის საკითხი, მაგრამ სამუშაო ადგილების წარმოქმნის საკითხი - არა, აინტერესებს გადასახადების დაწესება და ამის უარყოფითი შედეგები, მაგრამ არა-მიწის რეფორმა. ფონდი ფულს გამოყოფს დასახმარებლად, მაგრამ კრძალავს ფულის დახარჯვას განათლებასა და ჯანდაცვაზე, დაზარალებულთა კომპენსაციაზე და ა.შ

ვაშინგტონის კონსენსუსის რეფორმებმა ქვეყნები რისკის წინაშე დააყენა და შედეგად ყველაზე დაუცველი ადამიანები დაზარალდნენ. ცუდად დაგეგმილმა რეფორმებმა სამუშაო ადგილების გაუქმება გამოიწვია მანამდე, სანამ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა. ზედმეტი ოპტიმიზმის გამო ასევე არ მოხდა საჭირო ინსტიტუციების, მათ შორის დაზღვევის ქსელის და სხვა შექმნა. ამ ქვეყნების სამომავლო პერსპექტივაც არაა იმედისმომცემი. ფაქტიურად განადგურდა საშუალო ფენაც, გამეფდა ელიტარული კორუფცია საქართველოში (2003-2013) და ტოტალური კორუფცია- სხვა ქვეყნებში.

დღეისათვის აშკარააა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე რეალურ გადასვლას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს სავალუტო ფონდს ან ჩვენ წარმოგვედგინა.

საჭირო იყო არა შოკური თერაპიის გატარება, არამედ გრადუალისტური (ანუ ეტაპობრივი) მიდგომა-ზომიერი ტემპებით და გარკვეული შემზადების მერე.

რუსეთმა, სადაც რეფორმებს ამერიკელი ექსპერტები წარმართავდნენ სავალუტო ფონდიდან, უფრო დიდი დანაკარგი განიცადა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს - 1940-45 წლებში საბჭოთა კავშირში წარმოებამ 24%-ით იკლო, 1990-99-ში ამით ისარგებლეს ოლიგარქებმა და ასეულ მილიარდობით ფული გაიტანეს უცხოეთში. მაშინ, როცა სიცოცხლის ხანგძლივობამ თითქმის მთელს მსოფლიოში მოიმატა, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 3-5წლით შემცირდა.

არასწორად და ნაჩქარევად განხორციელებულმა პრივატიზაციამ წარმოების ზრდის ნაცვლად ქონების განიავება და ეკონომიკის დაღმასვლა გამოიწვია ბევრ ქვეყანაში.

კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაციამ და უსამართლო პრივატიზაციამ ქვეყნებიდან ფულის გატანა გააიოლა. კორუფციული პრივატიზაციის დაწყებამ, ნაადრევად-იქამდე, სანამ შესაბამისი საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბდებოდა, გაამარტივა და გააიოლა ქონების მითვისება და ადამიანების მოტივაცია წარმათა სწორედ მითვისებისაკენ და არა ქვეყნის მომავალში ინვესტირებისაკენ.

1992 წელს ფასების უეცარმა ლიბერალიზაციამ სწრაფი და უზარმაზარი ინფლაცია გამოიწვია. წარმატებულმა ქვეყნებმა, მაგალითად პოლონეთმა, სამხრეთ კორეამ და სხვ. იგნორირება გაუკეთეს სავალუტო ფონდის რჩევას და გარდამავალ პერიოდში პოლონეთმა ინფლაციის დონე 20%-ზე შეინარჩუნა. ფონდის სანიმუშო მოწაფეებმა (ჩვენსავით) ჩეხეთმა ინფლაცია 2 პროცენტამდე დაწია, რის შედეგადაც ეკონომიკური სტაგნაცია მიიღო.

ძალიან ცუდად და უსამართლოდ, კორუფციულად ჩატარდა პრივატიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ცუდი პრივატიზაციის ყველაზე ნათელი მაგალითი მოგვცეს რუსებმა ელცინის და მისი გარემოცვის სახით. ელცინის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა "სესხები ყველასათვის". 1995 წელს რუსეთის მთავრობამ ცენტრალური ბანკის ნაცვლად კერძო ბანკებს მიმართა. ამ ბანკების მფლობელები ძირითადად მთავრობის წევრების მეგობრები იყვნენ. ეს ბანკები სესხებს საკუთარ თავს, საკუთარ მეგობრებს ან მთავრობის წევრებს აძლევდნენ. სესხის პირობად მთავრობა საკუთარი საწარმოს წილს დებდა გირაოს სახით. შემდეგ მთავრობამ საკუთარ სესხებზე დეფოლტი გამოაცხადა (ერთადერთმა, ივანიშვილმა არ იკადრა ეს რუსეთში მაშინ), კერძო ბანკებმა კომპანიები სიმბოლურ ფასად ჩაიგდეს ხელში (თუმცა მთავრობამ ფორმალურად აუქციონიც ჩაატარა), რამდენიმე ოლიგარქი ერთ ღამეში მილიარდერი გახდა. ამ პრივატიზაციას ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ამის გამო ოლიგარქები ცდილობდნენ დაუყოვნებლიც გაეტანათ ფული ქვეყნიდან, სანამ ახალი მთავრობა (პუტინი) მოვიდოდა და მათი ძალაუფლება ეჭვქვეშ დადგებოდა (ჯ.სტიგლიცი). ამიტომაც აარჩევინეს ხალხს ხელახლა ელცინი 1996 წელს.

საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად რუსეთსა და პოსტსაბოჭოთა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) ველური აღმოსავლეთი მივიღეთ. შოკურ თერაპიაში შოკი უფრო მეტი აღმოჩნდა და თერაპია-ბევრად ნაკლები. კლინტონის მთავრობა რომლის შეხედულებები ხშირად ემთხვეოდა სოციალ-დემოკრატების პოზიციებს გარდამავალი სისტემის ქვეყნებში, მოკავშირეებად იმ ხალხს ირჩევდა, რომლებიც მარჯვნივ იხრებოდნენ (მილტონ ფრიდმანის და რადიკალური საბაზრო რეფორმების მომხრეები) და ძალზე მცირე ყურადღებას უთმობდნენ სოციალურ პრობლემებს თუ ჩინეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა, რუსეთის ეკონომიკა ყოველწლიურად 5.6%ით იკლებდა. შედეგად ჩინეთში სიღარიბის უპრეცედენტო შემცირება მოხდა, რუსეთში კი - მისი უპრეცედენტო ზრდა. პოლონეთმა, ჩინეთის მსაგვსად, უარი თქვა პრივატიზაციის ნაჩქარევად განხორციელებაზე და არც ინფლაციის დონის დაწევა არ დააყენა სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებზე წინ. სამაგიეროდ ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლებსაც სავალუტო ფონდი უმნიშვნელოდ მიიჩნევდა, როგორც იყო რეფორმების განხორციელებისათვის საჭირო დემოკრატიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნებას, უმუშევრებისათვის დახმარების გამოყოფასა და პენსიების ინფლაციის შესაბამისად გაზრდას გულისხმობდა. მთავრობამ ასევე იზრუნა საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონერებისათვის აუცილებელი ინსიტუტების ჩამოყალიბებაზეც. ჩინეთმა რეფორმების განხორციელება სოფლის მეურნეობიდან გაიწყო, განახორციელა კოლმეურნეობების სისტემიდან "ინდივიდუალური პასუხიმგებლობის" სისტემაზე გადასვლა და შესაბამისად ნაწილობრივი პრივატიზაცია ჩაატარა-ადამიანებს არ შეეძლოთ მიწა თავისუფლად ეყიდათ ან გაეყიდათ. სწორად მიუტითებს ჯოზეფ სტიგლიცი, რომ ამ ქვეყნების წარმატების მიზეზი ისიც არის, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი "შინაურების" მიერ იყო დაგეგმილი, ანუ იმ ადამიანების მიერ, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და კარგად ესმოდა ქვეყნის პრობლემები და საჭიროებანი (ნიკო ნიკოლაძე 120 წლის წინ ამბობდა ამას, რომ "ჩვენი ქვეყნის გონებრივი განვითარებისათვის უდიდესი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას იქიდან ჩამოყვანილ ძიძას ვაბარივართ და ისიც თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას")

ჩინეთში, პოლონეთსა და უნგრეთში არ მიუმართავთ მზა რეცეპტებისათვის. ეს ქვეყნები პრაგმატულად უდგებოდნენ საკითხს, მათ პოლიტიკას არ განსაზღვრავდა იდეოლოგია და სახელმძღვანელოებში ამოკითხული წესები.

მიუხედავად იმისა, განვითარების რომელ ეტაპზეა ქვეყანა, მთავრობის როლი ძალზე მნიშნველოვანია. ზედმეტად სუსტმა ან ზედმეტად აქტიურმა მთავრობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას და განივთარებაც შეაფერხოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში დღესაც სჯერათ რომ მათი "რეკომენდაციები" სწორია და შეცდომებს არასოდეს უშვებენ. ფონდი რომ უფრო პატიოსანი, გამჭვირვალე, გულახდილი და თავშეკავებული ყოფილიყო, დღეს განვითარებად ქვეყნებში უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა. მაგრამ ფონდი ემსახურება ყველაზე განვითარებული ქვეყნების, პირველ რიგში აშშ-ის, ინტერესებს და ეს ყველამ იცის. უკვე დღეს ბევრი ფიქრობს, რომ სავალუტო ფონდს ქვეყნების მთავრობები მიზანმიმართულად შეყავს შეცდომაში და რომ ფონდს პასუხი უნდა მოეთხოვოს აუცილებლად.
მართალია გლობალიზაცია ცვლის სოფლის და ქალაქის ყოფას და იერს, მაგრამ მის წარმმართველებს შეგნებულად და შეუგნებლად (ეს სულერთია) ერების ტრადიციების, კულტურული იდენტობის და ღირებულებების შეცვლის საფრთხისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რამაც ქვეყნები ეროვნული იდენტობის დაკარგვის წინაში დააყენა. ყველა ქვეყანას არ სურს ამერიკელი ან რუსული ცხოვრების წესით ცხოვრება, არ უნდა გაქრენ ცაზე პატარა ვარსკვლავები და მათ ადგილას ერთი დიდი, მახინჯი ვარსკვლავი ჩამოყალიბდეს, არ უნდა გაქრეს პატარა ენები და მხოლოდ ინგლისურად ილაპარაკოს ყველამ, ისევე როგორც ერთსქესიანთა ქორწინებები არ უნდა უმრავლეს ქვეყნებს.

აშშ განვითარებად ქვეყნებს აქტიურად უქადაგებს "ქამრის შემოჭერის" პოლიტიკას, თუმცა ამას თავად არ აკეთებს. თუ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა თვლის, რომ სამუშაო ადგილების დაცვის მიზნით პროტექციონიზმს უნდა მიმართოს, მაშინ ასეთი პროტექციონიზმის დაწესებისათვის უფრო სერიოზული მიზეზი აქვს საქართველოს, სადაც უმუშევრობის დონე ძალზე მაღალია და სოციალური დაცვის სისტემა ძალზე სუსტი.

თუ პროცესები ასე განვითარდა, მოსალოდნელია მსოფლიოს აჯანყება განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ, რადგან ასეთი ფორმით გლობალიზაცია არა მარტო განივთარებას ვერ უზრუნველყოფს, არამედ კიდევ უფრო მეტ სიღარიბესა და უბედურებას მოიტანს. საჭიროა გლობალიზაციის პროცესის რეფორმირება და პატარა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინება.
მომავალშიც წარმატებას მიაღწევენ ის ქვეყნები, რომლებიც თავად განაგებენ თავის ბედს და ყოველთვის სხვის ჭკუაზე არ დადიან, ბაზარს თვითრეგულაციაზე არ უშვებენ.
საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება გრძელვადიანი, სამართლიანი და დემოკრატიული ზრდისათვის მთავრობის მხრიდან. ეს არის განვითარების წინაპირობა. განვითარება კი სულაც არ ნიშნავს რამდენიმე ათეული ადამიანის გამდიდრებას და რამდენიმე უსარგებლო ბიზნესის გაჩენას, რომლის შემოსავლითაც საეჭვოდ გამდიდრებული ელიტა სარგებლობს.

განვითარება არ ნიშნავს "პრადას" ან "ბენეტონის" შემოსვლას, ან ქვეყანაში "მერსედესებისა" და "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" გაყიდვას.

ის, რომ ვაკეში შესაძლებელი გახდა "გუჩის" ჩანთის ყიდვა, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს საბაზრო ეკონომიკა გააჩნია. განვითარება საზოგადოების ტრანსფორმირებას, გაჭირვებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას ნიშნავს ყველასათვის.