ევროპული „არჩევანის“ ეროვნული საფუძვლები - საქართველოს საბანკო სისტემის სათავეებთან

ევროპული „არჩევანის“ ეროვნული საფუძვლები - საქართველოს საბანკო სისტემის სათავეებთან

დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ წესრიგში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა, სხვა ფაქტორთა შორის, ქვეყნის ისტორიული ეკონომიკური პოტენციალით, საფინანსო-საბანკო ტრადიციებით და ეროვნულობის განცდის უნიკალური გამოცდილებითაა განპირობებული, რაც სახელმწიფოს ფორმირების საფუძვლებს ქმნიდა…

წარმოდგენილი წერილის თემა იმის სანიმუშო მაგალითად შევარჩიე, თუ რა ძირითადი პოტენციური წანამძღვრებია საძიებელი (და აღმოსაჩენი) ღირებულებალთა არჩევანში, რაც მომავალში ქვეყნის წარმატების საფუძველი იქნება.

ევროკავშირში ასოცირება აქსიომატურ და აბსოლუტურ ღირებულებას არ წარმოადგენს, რომ საყოველთაო ბედნიერება და წარმატება მყისიერად, თავისთავად მოგვიტანოს. ევროპულ ასპარეზზე, ნებისმიერ სფეროში, ჩვენი წარმატება, ვფიქრობ, უპირველესად არამატერიალური კატეგორიებით - ზნეობრივი სიჯანსაღით, სულიერებისა და ეროვნულობის განცდით, საქართველოს სახელმწიფოს მესაძირკვლეთა ისტორიული გაკვეთილების გახსენებით და ამ მხრივ, ქართველთა საუკეთესო „შინაგან“ ფასეულობათა აღორძინებით მიიღწევა.

ე.ი. ჩვენი მოლოდინი თუ აქტიურობა მხოლოდ პოლიტიკური, ან ეკონომიკური, ან სოციალური თუ ყოფითი პრობლემატიკით არ უნდა შემოიფარგლოს. პრაქტიკულ შედეგთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, მთავარი ღირებულებები უნდა ვეძებოთ, შევქმნათ და შევინარჩუნოთ. ფიქრი და ოცნება უკეთეს მომავალზე, თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაზე; სწრაფვა, ძალისხმევა და ორიენტაცია საზოგადო სიკეთეებზე, ჩვენს უპოვარ მოქალაქეთა ღირსეულ სიცოცხლეზე, მომავალ თაობათა ზნეობრივ და ესთეტიკურ სიჯანსაღეზე - ესაა ადამიანური ყოფის ძირითადი ღირებულებები ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ საერთაშორისო კავშირში თუ გეოპოლიტიკურ არჩევანში.

ამ წერილში ვნახავთ, რომ ჩვენი წინაპრები უახლესი ისტორიიდან, შეზღუდული შესაძლებლობების პირობებშიც კი, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, სწორედ ამ კატეგორიებით ხელმძღვანელობდნენ და ასე ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ და განსახილველ საგნად, ეკონომიკის ერთ-ერთ სფეროში - საქართველოში საბანკო-საფინანსო საქმის მშენებლობის სათავეებთან გეპატიჟებით...

საქართველოში თანამედროვე საფინანსო-საბანკო სისტემის საფუძვლების შექმნა ილია ჭავჭავაძის ეპოქას და მის სახელს უკავშირდება. XIX საუკუნის მეორე ნახევარი ის გამონაკლისი პერიოდი იყო, როცა დამოუკიდებლობადაკარგულ საქართველოში, საკუთარი ფულის ნიშნების არარსებობის პირობებშიც კი, პირველი ქართული ბანკი მრავალი წლის განმავლობაში ეროვნულ ფუნქციას ინარჩუნებდა და ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნიდა.

1875 წელს დაარსებულ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს ქართველთა ფიზიკური და ზნეობრივი სიმყარის მისია ეკისრებოდა. ამდენად, მისი ეროვნული მნიშვნელობა განუზომელია.

 საბანკო საქმის იდეოლოგიური საფუძვლები და მიზნები

„... დღეს „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“, ჩვენთვის მარტო ბანკია ის მოედანი, რომელზეც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობრივმა ძალღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველ საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“ (ი. ჭავჭავაძე, თხზ. ტ. 5, თბ., 1956, გვ. 49-50).

ასეთია ილია ჭავჭავაძის ცნობილი პოსტულატი ბანკის მისიაზე და საბანკო საქმის მნიშვნელობაზე ქართველთა თვითმყოფადობის შემეცნებაში. საქართველოში საბანკო ინსტიტუტის ტრადიციების დამკვიდრებას სწორედ ამ სულისკვეთებით ჩაეყარა საფუძველი. ბანკი, როგორც ერის თვითმოქმედების სარბიელი - ასეთი იყო ჩანაფიქრი და უპირველესი მიზანი, რომლის რეალიზაციის პროცესში სიტყვაც (იდეა) და საქმეც (ბანკი) ეროვნულ მუხტს შეიცავდა.

თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსება XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენდა. თანამედროვენი, აგრეთვე საქართველოს საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევარები, არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ პირველი ქართული ბანკის შექმნის საჭიროებას და მნიშვნელობას. ეს მოვლენა იმდროინდელი პრესის, ინტელიგენციის, მთელი საზოგადოების არაჩვეულებრივ ინტერესს იწვევდა. საზოგადოება ორ ბანაკად იყო გაყოფილი. სხვადასხვა ეტაპზე დაპირისპირებულები აღმოჩნდნენ საზოგადო თანამოაზრენიც - ილია და აკაკი წერეთელი, ილია და ივანე მაჩაბელი, მათი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. აზრთა აზართება და იდეათი ბრძოლა „ბანკობიადას“ სახელით მოინათლა. ფეოდალური არისტოკრატია საადგილმამულო ბანკის იდეის დასამარებას ცდილობდა, თერგდალეულები კი მხურვალედ იცავდნენ ამ იდეას. საბანკო ბრძოლა მხოლოდ 1896 წელს დამთავრდა.

ილია ჭავჭავაძის და დიმიტრი ყიფიანის მიმდევარნი იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი ბანკებით, რამდენადაც მასში ხედავდნენ პირველ ქართულ თვითმოქმედების ორგანოს და „ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო საკრედიტო დაწესებულებას. სწორედ ამით აიხსნება თერგდალეულთა აქტიური მონაწილეობა თბილისისა და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების დაარსებისათვის მოსამზადებელ მუშაობაში, ამ ბანკების დემოკრატიულ პრინციპებზე მოსაწყობად“( ი. ასათიანი, ილია ჭავჭავაძე და თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკი, თბ., „მეცნიერება“, 1994 წ. გვ. 267).

მაგრამ, აზრთა სხვადასხვაობა თანამოაზრეთა შორისაც საგრძნობი იყო. სწორედ ამიტომ, 1864 წელს ჩასახულ იდეას 11 წელი დასჭირდა, რომ საქმედ ქცეულიყო.

საადგილმამულო ბანკის დაარსების აუცილებლობა და შესაძლებლობა საქართველოში საგლეხო რეფორმას უკავშირდება. 1861 წლიდან ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, გლეხებმა პირადი თავისუფლება მიიღეს, მიწა კი მემამულის საკუთრებად იქნა აღიარებული. ამასთან, მემამულე ყმების განთავისუფლებისთვის მთავრობისგან ფულად კომპენსაციას იღებდა, კერძოდ, კომლზე 400 მანეთს, რაც გლეხებიდან მანამდე არსებული სამი წლის შემოსავალს უდრიდა. სწორედ ამ თანხების მობილიზების და ეფექტიანად გამოყენების აზრს დაუკავშირდა დიმიტრი ყიფიანისეული ბანკის იდეა.

აღნიშნული შემოსავლები, როგორც "ცხოვრების წყარო", მხოლოდ ერთჯერადი შემოსავლით - კომლზე 400 მანეთით კომპენსირდებოდა. ამგვარად, რეფორმის შემდგომ ვითარება რადიკალურად იცვლებოდა, ქართველ თავადაზნაურობას გაღატაკება მოელოდა. პრობლემა საკმაოდ რეალური ჩანდა, მისი გადაწყვეტის დიმიტრი ყიფიანისეული გზა კი უდავოდ გონივრული.

შევნიშნავ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობამ მთავრობის მიერ გლეხთა გათავისუფლებისათვის საბოლოოდ 1840000 მანეთი მიიღო, შემდგომ, ბანკის დაარსებისთვის კიდევ 160000 მანეთი.

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა ფულად-საკრედიტო სისტემა ან საზოგადოებრივი დამხმარე კაპიტალი, რომელიც საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ თანხების მობილიზებას და მის ეფექტიან გამოყენებას შეუწყობდა ხელს. მემამულეებიც და გლეხებიც ამ მხრივ მეტად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. დიმიტრი ყიფიანის ინიციატივას ეკუთვნის, როგორც სათავადაზნაურო ბანკის შექმნის იდეა, ისე მისი დაარსების წყაროც.

გამოსავალის ძიებამ დიმიტრი ყიფიანი (და ქართული საზოგადოება) საადგილმამულო ბანკის შექმნის აუცილებლობამდე მიიყვანა. შესაბამისი ინიციატივა უკვე საყოველთაოდ გახდა ცნობილი ჯერ კიდევ 1864 წელს.

იდეა საზოგადოებრივი (სააქციო) ბანკის შექმნას ითვალისწინებდა, რათა საზოგადოების ყველა კატეგორიას, მათ შორის გლეხებსაც, ჰქონოდა კრედიტის გახსნის შესაძლებლობა.

ბანკი პრივილეგირებულთა ორგანიზაცია, მათი გამდიდრების წყარო, კლასთა ინტერესების დამცველი ან დაპირისპირების ადგილი კი არა, დემოკრატიულ პრინციპებზე ორგანიზებული, მოგებაზე ორიენტირებული და ამ მოგებით საერთო-საზოგადოებრივი განვითარების ხელშემწყობი არასახელმწიფო, კომერციული დაწესებულება უნდა ყოფილიყო.

მკითხველო, შევადაროთ ეს მისია დღევანდელ ბანკირთა მომხვეჭელურ, მტაცებლურ, ადამიანთა უბედურებაზე დაფუძნებულ და უსაზღვრო გამდიდრებაზე ორიენტირებულ საქმიანობის წესს. მაგრამ, ჯობს, აქ დიდხანს არ დავყოვნდეთ, წარსულს დავუბრუნდეთ...

ბანკის ორგანიზაციის ასეთი კონცეფცია მთელი იმპერიის მასშტაბით სრულიად ახალ საწყისებზე დაფუძნებულ სისტემას ითვალისწინებდა. ამ პროექტმა იმპერიის წამყვანი გაზეთების ყურადღებაც მიიპყრო.

დიმიტრი ყიფიანის ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი უსაზღვრო იყო. მან საგანგებოდ შეისწავლა იმპერიის სხვა კერძო ბანკების წესდებათა საფუძვლები, რუსული და უცხოური ლიტერატურა და ჩამოაყალიბა ის ძირითადი დებულებები, რაც ადგილობრივ თავისებურებებს და ინტერესებს მიესადაგებოდა. მაგრამ, საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა. ხელისუფლება მის მიერ შემუშავებული წესდების ცალკეულ დებულებებს არ იზიარებდა.

ამ პერიოდში (და ამ ეტაპზე) დიმიტრი ყიფიანის მისია და ფუნქცია დასრულებულად ჩაითვალა. 1870 წელს ის გადადგა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის - მარშალის თანამდებობიდან და ბანკის საქმეებსაც ჩამოშორდა.

ასე დამთავრდა ერთი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი პირველი ქართული ბანკის დაარსების მცდელობისა.

შემდგომ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქართველი სამოციანელები. მათი მიზანი იყო ქართული საადგილმამულო ბანკი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამსახურში ჩაეყენებინათ და ამ საქმისათვის ილია ჭავჭავაძეს ეხელმძღვანელა. ნ. ნიკოლაძე წერს: „... რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1878 წწ. რამდენ ყმაწვილს რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის მოთავედ ჩაგვეყენებინა“ (ნ. ნიკოლაძე, თხზ. ტ. 4, თბ., 1964 წ., გვ. 68-69).

ილიამ ახალი წესდების შედგენა ითავა და მიზნის მისაღწევად დაუნდობელი ომი წამოიწყო. მისმა შეგონებამ გუბერნიის თავადაზნაურთა კრებებზე საბოლოოდ გადასწონა საღი აზრი საადგილმამულო ბანკის სასარგებლოდ. პირველი - შიგა ბრძოლა მოგებული იყო. ბროკჰაუზ-ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის შედგენილ ავტობიოგრაფიაში იგი წერს: „ბევრი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, თუ რაგვარი საკრედიტო დაწესებულება დავაარსოთ, თავადაზნაურობამ გადასწყვიტა, ჩემის რჩევისამებრ, დაარსება საადგილმამულო ბანკისა და აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრად მეც დამნიშნა წესდების შემდგენლად“ (ი. ჭავჭავაძე, ტ. 10, გვ. 311).

წესდება შემუშავდა, საჭირო იყო მისი დამტკიცება ფინანსთა სამინისტროში და მეორე - საგარეო ბრძოლის მოგება, რათა წესდებაში შენარჩუნებულიყო ის ძირითადი პრინციპები, რაზეც იყო დამოკიდებული „ჩვენი ეკონომიკური მოღვაწეობის განცხოველეობა და გაძლიერება, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ ნივთიერ კეთილდღეობამდე და სიმდიდრემდე, და ამის გამო, ზნეობის სიკეთემდეცა...“ ეს სიტყვები, მსმენელთა გრძნობებისადმი მიმართული, ზოგიერთს, როგორც თავად აღნიშნავს, შეიძლება მიეღო „უბრალო ყბედობად“. ასე,- ბრძანებს ილია,- იფიქრებდნენ მხოლოდ „...იმისთანა კაცნი, რომელნიცა ზნეობრივად ისე გაქსუებულან თავისის სიკეთისა და პირადის ბედნიერების უკან დევნაში, რომ ყოველ ზრუნვას საყოველთაო კეთილისათვის უსაქმო კაცის ოცნებათა სთვლიან... რომელნიცა მუდამ ტრიალებენ ვიწრო - თავმოყვარეობის ვიწრო სფეროში, არასოდეს აღწეულან თავისი პირადი სარგებლობის უმაღლეს და არ გამთბარან საზოგადოების სიკეთის სიყვარულითა...“ (ილიას სიტყვა, გაზ. „დროება“, 1872 წ., N 47). საზოგადო სიკეთის დამკვიდრება, თავის მხრივ, საფუძველი უნდა ყოფილიყო, რომ შემდგომ აღარ ყოფილიყვნენ „ასეთი კაცნი“.

აქ, კიდევ ერთხელ შევჩერდეთ, და დღევანდელი პარლამენტარები და „ასეთი კაცნი“ გავიხსენოთ, ვისაც ქართველმა ამომრჩეველმა, სანუგეშოდ და საიმედოდ, უკვე მერამდენედ, ხმა მისცა არჩევნებში „საყოველთაო კეთილისათვის“, რათა ეს „რჩეულნი“ ამაღლებულიყვნენ „თავისი პირადი სარგებლობის უმაღლეს“ და გამთბარიყვნენ „საზოგადოების სიკეთის სიყვარულით“. ამისათვის კი ეს ე.წ. „რჩეულნი“, უბრალოდ, ზნეობრივი კაცები უნდა იყვნენ და არა უზნეონი. აქაც, ძვირფასო მკითხველო, დიდხანს ნუ დავყოვნდებით და ისევ სამაგალითო წარსულს და ამ მხრივ, მართლაც საამაყო კაცებს დავუბრუნდეთ, ვინც ჩვენს საამაყო ისტორიას ქმნიდა...

პროექტი დასამტკიცებლად პეტერბურგში გაიგზავნა. პროცესის დასაჩქარებლად და საბანკო საქმის შესასწავლად, 1873 წელს ილია სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა და რუსეთში გაემგზავრა. იქ მას ურთულესი წინააღმდეგობების გადალახვა უხდება. საქმის საბოლოო მოწესრიგებაში ილიას ხელს უშლიდნენ როგორც იქაური ჩინოვნიკები, ისე თანამემამულეები. „...ცუდი ის არის, რომ არა ბანკში არ გვიშვებენ, რომ აქაური წესი და რიგი შევისწავლოთ. ვცდილობ, როგორმე ფეხი შევდგა რომელიმე ბანკში და ჯერხანობით ამ ცდაში ვარ“ - წერს ის თავის წერილებში.

ბოლოს, ათი თვის ტანჯვა-წვალების შემდეგ, ილია სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება.

1874 წლის 28 მაისს დამტკიცდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდება, რომელიც გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა.

ასე დასრულდა პირველი ქართული ბანკის დაარსების მრავალწლიანი, პერიპეტიებით აღსავსე ეპოპეა. სწორედ ამ პერიოდიდან ეყრება საფუძველი საქართველოში საბანკო ინსტიტუტის ტრადიციებს, რასაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, მისი ეკონომიკური საფუძვლების შექმნაში უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ნიკო ნიკოლაძის შეფასებით, ილია ჭავჭავაძემ „მოთმინებით და გონიერი შრომით შესძლო ახალი საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთი ისეთი დიდად სასარგებლო და აუცილებელი დაწესებულებისათვის, როგორიც კი ოდესმე დაარსებულა ჩვენს ქვეყანაში“ (ნ. ნიკოლაძე, თხზ. ტ. 4, თბ., 1964 წ., გვ. 68-69).

პირველი ქართული საბანკო ინსტიტუტის

სახელმძღვანელო პრინციპები, საქმიანობა და შედეგები

1875 წლის 15 თებერვალს თბილისის საადგილმამულო ბანკმა საკრედიტო ოპერაციების წარმოება დაიწყო. 1876 წლის 1 მაისს გაიხსნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკი.

ილია ჭავჭავაძის საბანკო მოღვაწეობის ცნობილი მკვლევარი, იოველ ასათიანი, დამატებით განმარტავს ამ ბანკების განსაკუთრებულ ხასიათს და ასაბუთებს მათ თავისებურებებს. ამ მიზნით ის ძალზე საინტერესო, ზოგ შემთხვევაში კი უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკები მიზანდასახულობით, კაპიტალის აგებულებითა და დანიშნულებით, ძირფესვიანად განსხვავდებოდა რუსეთის იმპერიაში მოქმედი ყველა საკრედიტო დაწესებულებისგან.

ბანკის დაარსების ასეთი ფართო შინაარსის ფორმულა და დემოკრატიული პრინციპები რუსეთის იმპერიის პრაქტიკაში იმ დროს არ არსებობდა. დამფუძნებელთა მემკვიდრეები ცალ-ცალკე ღებულობდნენ წევრი დამფუძნებლის უფლებას. ამ უფლებით, სრულწლოვან შვილებს მშობლების სიცოცხლეშიც შეეძლოთ ესარგებლათ. ამასთან, დამფუძნებელ წევრებად, ყველა მათი უფლებით, შეეძლოთ ყოფილიყვნენ ქალებიც. აღნიშნული პრინციპები წლების განმავლობაში წევრ დამფუძნებელთა რიცხოვნობის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით, სპეციალურად თბილისის საადგილმამულო ბანკისთვის, აიგო მონუმენტური შენობა. მისი მშენებლობა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით 1902 წელს დაიწყო და 1913 წელს დამთავრდა. ამჟამად, იქ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაა განთავსებული.

XX საუკუნის დასაწყისი მთელ ევროპასა და რუსეთში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით ხასიათდება. გლეხთა მოძრაობა იწყება საქართველოშიც. შეფერხდა ან შეჩერდა სავაჭრო სამრეწველო დაწესებულებათა მუშაობა თბილისში, ბათუმში, გორში. მემამულეები მიწებს ბანკში აგირავებდნენ. არსებულ ვითარებაში, საბანკო-საკრედიტო საქმიანობა საქართველოში საკმაოდ გართულდა. თბილისის ქართულ საადგილმამულო ბანკში, ოპოზიციურ ძალთა მხრივ, მძაფრი ხასიათი მიიღო კრიტიკამ ბანკის წარუმატებლობის გამო, რაც, ილიას რწმენით, მხოლოდ საყოველთაო ობიექტური ვითარებით იყო განპირობებული. მას მოჰყავს მაგალითები ბესარაბიის, პეტერბურგ-ტულის, დონის, ვილენის საადგილმამულო ბანკების წარუმატებელი საქმიანობისა და კრიზისის შესახებ, რაც ასევე მამულების ბანკებში დატოვებით არის გამოწვეული.

მაგრამ, „ზოგიერთ კაცთა“ სუბიექტური მოტივები, როგორც საბაბი, ყოველთვის პოულობს გასაქანს კრიტიკულ სიტუაციებში, თუნდაც პრობლემის მიზეზი სრულიად ნათელი და ცხადი ობიექტური ფაქტორები იყოს. ადამიანთა განწყობის ეს საყოველთაო ფსიქოლოგიური მოტივაცია, ზედმიწევნით (და მრავალჯერ) აისახა თბილისის ქართული სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ცხოვრებაში.

ბანკის საქმიანობის საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიაში განსაკუთრებული იყო 1905 წლის კრების უკანასკნელი - 23 ივნისის სხდომა.    ილია ჭავჭავაძის მოტივები საყოველთაო კრიზისის შესახებ კრებამ არ გაიზიარა. შედეგად, ბანკის გამგეობის თავმჯდომარის რეაქცია რადიკალური და მოულოდნელი აღმოჩნდა. მან გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მადლობა მოახსენა კოლეგებს თანამშრომლობისათვის, დაემშვიდობა დარბაზს და დატოვა სხდომა. საბაბი, ალბათ, აქაც ფორმალური იყო. ცხადია, იყო მრავალჯერადი, ერთსულოვანი მოწოდება-მობოდიშება, სპეციალურად შერჩეული დეპუტაციის გაგზავნა თხოვნით, უარი ეთქვა ილიას თანამდებობიდან გადადგომაზე, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცე და საბოლოო აღმოჩნდა.    

ამგვარად, დასრულდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საბანკო სფეროში, რომელიც მთელი 30 წელი გრძელდებოდა - 1875-1905 წწ.

ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხა, რომელთა რეალიზაციისთვის ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ უკავშირდება თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის უპირველეს ამოცანათა სფეროს, საკმაოდ ფართოა. ფაქტობრივად, ეს ბანკის დაარსების ძირითად მიზანთა რეალიზაცია იყო, რაც საქართველოს საერთო ეკონომიკურ და კულტურულ მშენებლობაში ეფექტიანად აისახა.

ამ ნუსხაში განსაკუთრებით გამოსაყოფია:

1. ბანკის მოღვაწეობა განათლების სფეროსა და ეროვნული კადრების მომზადების მხარდასაჭერად, რაც მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა. აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის დიდი დაინტერესება ზოგადად ფართო განათლების, სასოფლო-სამეურნეო სკოლების, თვითმმართველობის, მეცნიერების, თეატრისა და საერთოდ - ცხოვრების ევროპიზაციის საკითხებით, რასაც საბოლოოდ ეკონომიკური წარმატების საწინდრად განიხილავდა.

2. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება და ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, რაც ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილებოდა. ეს უმნიშვნელოვანესი საქმე ხალხის ინიციატივით, თითო მანეთის შეგროვებით და ერთი სკოლის დაარსებით დაიწყო სოფელ ხოვლეში (გორის მაზრაში), ჯავახიშვილების მხარდაჭერით.

3. კახეთის რკინიგზის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების წამოწყება და ფინანსურ-იდეოლოგიური უზრუნველყოფა.

4. ქართული თეატრის განვითარებისთვის ზრუნვა, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და თვითშემოქმედების განვითარების საწრთვნელ სკოლად განიხილებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თითქმის არ დარჩენილა სფერო, სადაც ქართულ საადგილმამულო ბანკს თავისი მიზანდასახული პოლიტიკა არ გაეტარებინა. ბანკი, სპეციალურად შექმნილი საერთო სარგებლობის, სასოფლო-სამეურნეო და ექსტრაორდინალური ფონდებიდან აფინანსებდა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, მოსწავლეებს, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებს და გაზეთებს, საეკლესიო დაწესებულებებს, სტიქიით დაზარალებულებს, კერძო პირებს და ა.შ. სულ 1875-1909 წწ. ბანკს საზოგადო საჭიროებისათვის გაუღია 1944 136 მანეთი და 38 კაპ2.

1917 წლის ოქტომბერ-ნეომბერში თბილისისა და ქუთაისის თავადაზნაურობის საგანგებო კრებებმა საადგილმამულო ბანკები ქართველი ხალხის(!) საკუთრებად გამოაცხადა. თავადაზნაურთა უძრავი და მოძრავი ქონება საქართველოს ეროვნული საბჭოს გამგებლობაში გადავიდა.

ამ დროიდან თბილისის ქართულმა საადგილმამულო ბანკმა არსებობა შეწყვიტა.

როგორც ვნახეთ, თბილისისა და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების და მათი დამფუძნებელი მამების მიზანდასახულობა საბანკო, ან ეკონომიკური, ან სოციალური თუ ყოფითი სფეროთი და პრობლემატიკით არ შემოიფარგლებოდა. ქართული ბანკების საქმიანობის მთელ ისტორიას, მათი შექმნის ჩანაფიქრიდან მოყოლებული, ლაიტმოტივად გასდევდა ყოველდღიურ პრაქტიკულ შედეგთა შორის გაცილებით მნიშვნელოვანი პროდუქტი - ფიქრი, ზრუნვა და განსჯა მომავალზე, ახალ საქართველოზე, მის მოქალაქეთა ზნეობრივ და ესთეტიკურ სიჯანსაღეზე.

ამ მხრივ, პრაქტიკულად, ბანკი პარლამენტისა და მთავრობის ფუნქციასაც ითავსებდა.

მკითხველო, ძალიან მინდა (ვოცნებობ), ის არაფორმალური „პარლამენტი“ და „მთავრობა“, სულისკვეთებით, დღევანდელს - ლეგიტიმურ, ფორმალურ ეროვნულ ხელისუფლებას შევადარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახალი თაობის „მამულიშვილთა“ ძიებაში ხელს მიშლის (და იმედს მიკლავს) დღევანდელი რეალობა, სულიერებისგან და ეროვნულობისგან დაცლილი, ხელისუფლების ამქარს მიტმასნილი სუბიექტების დაუოკებელი პირადი ამბიციები და მათი მომხვეჭელური ბუნება...

ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, პირველი ქართული ბანკი ადამიანური ყოფის უპირველეს ღირებულებათა შემეცნების და ამ ღირებულებათა გამომუშავების საწვრთნელ სკოლას წარმოადგენდა. ძირითადი საქმიანობისა და რეალური შედეგების გარდა, ბანკის ყოველწლიური კრებები, იქ განხილული თემატიკა და აზრთა მდინარება - აღნიშნულის დადასტურებაა.

მრავალთაგან, ამის ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია ილია ჭავჭავაძის სიტყვა თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე 1895 წლის 20 მაისს. ეს სიტყვა ილიას შემოქმედების ყველა კლასიკურ გამოცემაშია შეტანილი.

ამ გამოსვლაში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი საბანკო თემაზე. აქ, ორატორის აზრი სცილდება საბანკო საქმის არსს და მოგების ხიბლს. ის საქართველოს ექვსსაუკუნოვანი დანაწევრების ტკივილით და გამთლიანების მოწოდებითაა გაჯერებული, რაც, ორატორის სულ 3 წუთიან გამოსვლაში ჩაეტია (იხ. სიტყვა: ი. ჭავჭავაძე, ტ.4., გვ. 437).