შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ. დღეს, კამპანიის ფარგლებში, კალათბურთის აკადემიის დარბაზში „NBA“-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში 16 წლამდე საკალათბურთო ნაკრებს შეხვდნენ. პროფესიონალმა კალათბურთელებმა ახალგაზრდებს მასტერკლასი მოუწყვეს. შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების საფრთხეებზე ისაუბრეს. კალათბურთელები ერთად მოუწოდებენ ქართველ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ამ კანონის თანახმად, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.