მეუფე შიო: ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს - იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში

მეუფე შიო: ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს „საქართველოს მნათობს“ უწოდებს - იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ალავერდის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ქეთევან დედოფლის მოწამეობა არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ამბა ალავერდელო მიტროპოლიტო დავით, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან კახეთის დედოფლის ხსენებას.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას.

წმინდა დიდმოწამე ქეთევანი თავისი ღვაწლით გამორჩეულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის, არამედ მთელი საქრისტიანოს ისტორიაში.

როგორც იცით, შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამებრივი აღსასრულიდან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მთელი წელიწადი მიეძღვნა მისი ღვაწლის აღნიშვნას. ეს თარიღი წინ უძღვის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს, რომელიც გაისად, 2026 წელს, უნდა ვიზეიმოთ, მაგრამ ამ თარიღისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდმოწამე ქეთევანის ღვაწლი და შევავედროთ მას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკლესია.

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ წმინდა მოწამეები ყოველგვარ ციურ სხეულსა და ათას მზეზე უფრო მეტად ბრწყინავენ და ანათებენ. მათგან გამომავალი სინათლე იმდენად ძლიერია, რომ ეშმაკსაც კი უბრმავებს მზერას, ბოროტი სულები სადაც ნახავენ წმინდა მოწამეების სხეულებს, მათ ნაწილებს, მაშინვე გარბიან იქიდან, რადგან ისინი უმზერენ არა ადამიანის მომაკვდავ, უფრო სწორად, კაცობრივ მოკვდავ ბუნებას, არამედ ისინი ხედავენ ქრისტეს გამოუთქმელ დიდებას, რომელიც მოქმედებდა წმინდა მოწამეებში.

ამდენად, ვინც მონაწილეობს მოწამეთა დღესასწაულში, ისინი თავისუფლდებიან სულიერი შფოთისგან, ცუდი აზრებისგან, რაც მომდინარეობს ეშმაკებისგან. ვინც აქ დამწუხრებული მოდის, შინ გამხნევებული და დამშვიდებული ბრუნდება, რადგან აქ ტოვებს ყოფითი სიმძიმეების უღელს, - ასე გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს საქართველოს მნათობს“ უწოდებს. იგი, მართლაც, მნათობივით გამობრწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც გარეშე მტრის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა შორის მრავალი ღალატობდა სარწმუნოებას და მაჰმადიანობას იღებდა. ბევრმა ეროვნებაც შეიცვალა, მრავალი ადამიანი კი ბრძოლის ველზე დაეცა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. აი, სწორედ ამ დროს მოევლინა ჩვენს ხალხს წმინდა დედოფალი ქეთევანი ქრისტეს რწმენის და სიმტკიცის მაგალითად.

მთელი მისი ცხოვრება სავსე იყო განსაცდელებით ახალგაზრდობიდანვე, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო მისთვის მისი შვილიშვილების მოწამებრივი აღსასრული და როდესაც შაჰ აბასმა მას შესთავაზა რჯულის გამოცვლა და მაჰმადიანობის მიღება. მისი ცხოვრების ბოლო წლები, რომლებიც მან ტყვეობაში გაატარა, სასტიკი წამებით დასრულდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სიმტკიცე ვერანაირმა წამებამ და ტანჯვამ ვერ შეარყია.

როგორც მოგვითხრობენ მისი წამების თვითმხილველნი და თანამედროვენი, შაჰის მსახურებმა თავიდან ტკბილი საუბრით სცადეს მისი დაყოლიება, რომ შეებრალებინა თავისი თავი და მიეღო მაჰმადიანობა; შაჰის სახელით ბევრ სიკეთეს ჰპირდებოდნენ: სიმდიდრეს, პატივს, მაგრამ შეუდრეკელმა დედოფალმა მიუგო, რომ ვერც სიმდიდრე, ვერც ვერანაირი დანაპირები, ვერც შიში და მუქარა, ვერც სიკვდილი, უარს ვერ ათქმევინებდა ქრისტეს რჯულზე.

შაჰის მსაჯულები აღფრთოვანდნენ მისი ასეთი სიმტკიცით, მაგრამ მაინც სცადეს, ერჩიათ, რომ შეეცვალა რჯული, ვინაიდან ასეთი ურყევი და მტკიცე გადაწყვეტილება აუცილებლად წამებამდე მიიყვანდა მას. მათ უთხრეს, რომ შაჰმა ბრძანა, უსასტიკესად ეწამებინათ იგი.

საოცარია დედოფლის სიტყვები, რომელსაც გადმოგვცემს იმჟამად იქ მყოფი კათოლიკე ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში: დედოფალმა უთხრა რომ ასეთ წმინდა და სამართლიან საქმეში რჩევა ზედმეტიაო და სთხოვა, მალე აღესრულებინათ შაჰის დავალება. მე მზად ვარ და ყოველგვარი მოცდა საქმის გაჭიანურებად მიმაჩნიაო. აი, რა საოცარი სულისა და სიმამაცის ადამიანი იყო! შემდეგ იგი სასტიკად აწამეს...

წმინდა ქეთევანის მოწამებრივი ღვაწლი არ იყო მხოლოდ მისი პიროვნული გმირობა, მან მთელი საქართველო გადაარჩინა იმჟამად გამაჰმადიანებისგან, მთელ ხალხს შთაჰბერა და შეუნარჩუნა სულიერი სიმტკიცე. ამიტომ მისი მოწამეობა, ის დღე, რომელსაც აღვნიშნავთ, არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის, როგორც ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომ ქეთევან დედოფლის მოწამეობის საოცარმა მაგალითმა გვიჩვენა, როგორ უნდა იცავდეს ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას - მართლმადიდებლობას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც გადაარჩენს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. წმინდა ქეთევან დედოფლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს, სრულიად საქართველო.

უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და საჭეთმპყრობელი მისი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II. მადლობა ვუთხრათ მას მისი ღვაწლისთვის, რომ დაგვიბრუნდა ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის ერთ-ერთი წმინდა ნაწილი. ეს არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი ღვაწლისა და ავტორიტეტის შედეგი.

ღმერთმა დალოცოს ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ამბა ალავერდელის, დავითის წინამძღოლობით, რომელიც ასე ღირსეულად უძღვება ამ ეპარქიას და ასევე, ამასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების საბჭოს, რითაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მონაწილეობს და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკლესიის აღმშენებლობის საქმეში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ერთად.

დიდი მადლობა, ძვირფასო მეუფე, თქვენი ღვაწლისთვის, ასეთი თბილი მიღებისთვის, დახვედრისა და ძმური სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის გახასიათებთ.

კიდევ ერთხელ აღტაცებას ვერ ვფარავთ ქეთევან დედოფლის პიროვნებით, მაგრამ მან აქ შეგვკრიბა, ძვირფასო ძმებო და დებო, არამხოლოდ იმისთვის, რომ გავოცდეთ მისი გმირობით, არამედ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ მივბაძოთ მის სიმტკიცეს, მის სიმამაცეს, მის ქრისტესადმი სიყვარულსა და ერთგულებას. სწორედ ასეთი უნდა იყოს მოწამეების თაყვანისცემა. ამიტომ ვეცადოთ, ასეთნაირად თაყვანი ვცეთ დიდმოწამე ქეთევანს და მაშინ, მივბაძავთ რა მის გზას, მოწამეთა შესაფერისი გვირგვინებიც მოგვეცემა უფლისგან, რისი ღირსიც დაე გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი პატივი, დიდება და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.