„ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას (ის მთელი ქვეყნის წარმომადგენელია), ოფიციალურ ტრიბუნაზე ხმამაღლა განაცხადოს, თუ რა ღირებულებებზე დგას საქართველო და რისკენ მივისწრაფვით ჩვენ,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ამერიკაში ვიზიტის შეფასებისას.
დეპუტატის თქმით, პრეზიდეტის ამერიკაში ვიზიტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარკვეულ დადებით შედეგს მოიტანს, თუმცა რაიმე თვისობრივი ხასიათის ცვლილებებს არ ელოდება.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ბოლო თვეებში ვიხილეთ სხვადასხვა სენატორის, პირველ რიგში კი, ჯო ვილსონის, ასევე საქართველოდან ჩასული აგენტურის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია, ცრუ ბრალდებები და მანიპულაციური განცხადებები საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც წარმოადგენს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას (ის მთელი ქვეყნის წარმომადგენელია), ოფიციალურ ტრიბუნაზე ხმამაღლა განაცხადოს, თუ რა ღირებულებებზე დგას საქართველო და რისკენ მივისწრაფვით ჩვენ.
რამდენადაც ვიცი, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა გაჯერებული იქნება მშვიდობის მნიშვნელობაზე ხაზგასმით, ასევე ხაზგასმული იქნება იმ როლის შესახებ, რომელიც საქართველომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის გასწია. პრეზიდენტის მესიჯები მნიშვნელოვანი იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას და მის დამყარებას, ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაშია.
ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის პირველი პირისგან მოისმინონ ჩვენი პოზიცია. მიხეილ ყაველაშვილს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში დეტალურად აუხსნას მათ ჩვენი მიზნები, ამოცანები, ღირებულებები და ის, თუ როგორ ვაფასებთ მშვიდობას, რა ძალისხმევა გავწიეთ ამისთვის წარსულში, ან ახლა რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
ასევე მნიშვნელოვანია და ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეგობრებს თუ დაუძინებელ მეგობრებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ეს რატომღაც ძალიან ხშირად მხედველობის მიღმა რჩებათ. ამის შესახებაც იქნება შეხსენება, განსაკუთრებით იმ ხალხისათვის, რომლებიც ცდილობენ საქართველო ჩართონ არაკეთილგონივრულ და დაძაბულ ესკალაციაში რუსეთთან.
ეს ვიზიტი მოიტანს გარკვეულ დადებით შედეგებს, მაგრამ არ ველოდები, რომ რაიმე თვისობრივი ხასიათის გარდამტეხი ცვლილებები მოხდება, თუმცა პროგრესი აუცილებლად იქნება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.