მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას - სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს.
ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ.
ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში", - განაცხადა პრემიერმა.