მის ქმედებებზე საუბარი საერთოდ მინავლებულია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საბა ჯიქიას შესახებ, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.
გორდულაძის განცხადებით, ამ თემის გადაფარვას ვიდეომასალის გაყალბებაზე საუბრით ცდილობენ.
„სიმართლე ის არის, ბრალშიც მითითებულია და პროცესებს ვინც ადევნებს თვალ-ყურს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონკრეტული ადამიანი თავს დაესხა პოლიციელებს და ახლა ხდება გადაფარვა იმით, რომ თითქოს კადრები იყო რამენაირად გაყალბებული, მის ქმედებებზე საუბარი საერთოდ მინავლებულია. რეალობას არ მოვწყდეთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ „ტვ პირველი“ იქნება, „ფორმულა“ თუ სხვა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართული ტელეარხები, ერთხელ მაინც გაბედონ და თქვან სიმართლე, მათ შორის გაასაჯაროონ, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე და სხვადასხვა უცხოური ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრები, ასევე თქვენი ტელევიზიების მიერ გავრცელებული კადრებიც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ექსპერტიზის დასკვნით პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს ავთენტიკურია.