ეუთო/ოდირის მისიას ვუთხარით, რომ თუ ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ თავისივე საერთაშორისო საზოგადოება, (საუბარი მაქვს ევროკავშირის ქვეყნებზე) რომ მათი ანგარიში ყველასთვის იქნება მისაღები და შემდეგ არ დაიწყებენ ამ ანგარიშის დამახინჯებას, მაშინ ჩვენთვის ოდირის მისიის მოწვევას აზრი ექნება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.
„კარგია, თუ ოდირის ხელმძღვანელობა ამ მოცემულობას განიხილავს ევროკავშირთან და იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დღენიადაგ ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ოდირის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით - ოდირთან ყოველთვის კარგად ვთანამშრომლობდით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ოდირის დასკვნა ისევ ნაგვის ყუთში არ გადააგდონ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.