ვხედავთ, რომ წესებზე დამყარებული დღის წესრიგი აღარ არსებობს, ყველაფერი დაქვემდებარებულია კონკრეტულ ვიწრო ინტერესებს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება ის, რაც ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.
მან საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით „გადამალეს“ და საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე დაიწყეს საუბარი.
„სად არის აქ ფასეულობა? ფასეულობა გაქრა. შემდეგი სცენარი იყო რევოლუციის მოწყობა. ეს სცენარიც ჩავარდა და რევოლუციის მოწყობაში ჩათრეული ახალგაზრდები, რომლებმაც კანონმა შესაბამისი მოქმედებით გასცა პასუხი, ახლა გახდნენ თურმე პოლიტიკური პატიმრები. მესმის, რომ არავის მოსწონს, როცა ახალგაზრდა ციხეში მიდის, მაგრამ პირველ რიგში, ამაზე გარკვეული პასუხისმგებლობა სწორედ იმ ხალხს ეკუთვნის, ვინც ისინი დაატრენინგა და რევოლუციური სცენარისთვის ქუჩაში აგრესიულად გამოუშვა. ეს კარგად დაიმახსოვრონ. ამის შემდეგ უკვე ფაქტობრივ ტყუილებზე გადადიან.
საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას სულ არ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების რეალური დღის წესრიგი. მათ ეს დღის წესრიგი სჭირდებათ საქართველოზე ზეგავლენისთვის და არა პარტნიორთან ჯანსაღი მუშაობისთვის. მათთვის ეს გზა არის შანტაჟის და ზეწოლის გზა და არა დაახლოების გზა, როგორც ამას ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.