თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსებისადმი პრეზიდენტის შეთავაზებას ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს დაბალი რეიტინგი და პატიმრობაში ყოფნა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გამოიყენონ სპეკულაციებისთვის, რომ მათ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ ჰქონდათ.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით სწორედ, ამ სპეკულაციების დასრულებას უკავშირდება პრეზიდენტის შეთავაზებაც.
„მათ ეშინიათ, რომ არჩევნებში დამარცხდებიან და ურჩევნიათ, რომ გამოაცხადონ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ, ლიდერები ციხეში გვყავდა. ეს არგუმენტი ექნებათ. მათ რა თქმა უნდა აქვთ ეს განზრახვა, რომ თქვან, რომ ჩვენი დამარცხება გამოიწვია არასრულფასოვანმა მონაწილეობამ წინასაარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.