ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე: მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია

ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე: მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია

თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ის გამთენიისას საგარეჯოს ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა დღეს, დილით, დაახლოებით 7-ის ნახევარზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.

მომხდარის შემდეგ საგარეჯოში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე. კახეთში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრიც, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა წერილი, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი დავალებით მოქმედებდა“. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.