ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წლის 22 მაისს დაინიშნა. მანამდე ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. მას დამთავრებული აქვს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშენებლო-ეკონომიკური ფაკულტეტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. იგი არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ახვლედიანი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ალექსი ახვლედიანის ქონებრივი მდგომარეობა
ჩინოვნიკის ქონებრივ მდგომარეობაზე ორი წლის წინ გამოცემა „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. 2023 წლის 24 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა, ალექსი ახვლედიანი მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ფლობს საზღვარგარეთ:
უკრაინა: ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე, 2022 წელს 320 000 დოლარად შეიძინა 2780 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ფლობდა 860 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. კიევში, დიმიტრევსკის ქუჩაზე, ფლობდა 184 კვ.მ ბინას. ასევე, 9300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს უკრაინაში, ზუსტი მისამართის გარეშე.
ჩეხეთი: პრაღაში 2012 წელს შეიძინა 3000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი 485 000 ევროდ, ხოლო 2013 წელს 139 კვ.მ სახლი 860 000 ევროდ.
საქართველოში არსებული ქონება: 2023 წლის დეკლარაციაში საქართველოში რეგისტრირებული ქონება ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი საგარეჯოში ფლობს 1810 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს ერეკლე მეორის ქუჩაზე და ორსართულიან შენობას (965.731 კვ.მ) დამხმარე ნაგებობებით, რომლის დიდი ნაწილი იჯარითაა გაცემული, მათ შორის „საქართველოს ბანკზე“. მას ასევე ეკუთვნის 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი სათავეს ქუჩაზე (საგარეჯო) და 425 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობით (426.81 კვ.მ) დაბა სურამში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც მოიჯარეებად ფიქსირდებიან „სილქნეტი“ და „საქართველოს ფოსტა“. 2016 წლის მონაცემებით, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, 72.80 კვ.მ ბინასაც ფლობს.
ბიზნეს საქმიანობა და შემოსავლები
ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კიევში, ფლობს ორ კომპანიას – შპს IAVIRI და სამშენებლო კომპანია „ლანა“, საიდანაც გასულ წელს 11 მილიონ 500 000 კრონა მიიღო. ჩეხეთში, პრაღაში, ფლობს შპს wine company (შემოსავალი 118 600 ევრო) და შპს AKHMUSI (შემოსავლის გარეშე). სლოვენიაში, ლუბლიანაში, დაფუძნებული აქვს შპს NAVTILUS DOO (2017 წელს დაფუძნებული), საიდანაც გასულ წელს 178 000 ევრო მიიღო.
მიუხედავად ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი ოჯახის წევრები საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან. ახვლედიანის მეუღლე, თამილა არღვლიანი, დეკლარაციის მიხედვით არ მუშაობს და არ აქვს ხელფასი. ძვირადღირებული საჩუქრების გრაფა დეკლარაციაში სუფთაა.
დანაზოგები: დეკლარაციის შევსების დროს ალექსი ახვლედიანს „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშებზე ჯამში 77 330 ლარი და 19 000 დოლარი ჰქონდა. Unicredit Bank Czech Republic-ის ანგარიშებზე 256 480 ჩეხური კრონა და 178 000 ევრო, ხოლო Raiffeisen bank Slovenia-ს ანგარიშზე 214 000 ევრო. 2012 წელს დივიდენდის სახით მიღებული აქვს 35 000 დოლარი და 60 000 ევრო.
ავტომანქანები და ოჯახი
ალექსი ახვლედიანმა 2021 წელს 150 000 დოლარად შეიძინა 2014 წლის Land Rover Range Rover. 2020 წელს კი სამი ავტომანქანა: 2003 წლის Mercedes Benz Sprinter (14 000 დოლარი), 2000 წლის Lincoln Town Car (18 000 დოლარი) და 2003 წლის Hammer H2 (22 000 დოლარი). ასევე ფლობს 1996 წლის Volvo S90, რომელიც 2005 წელს 27 000 დოლარად შეიძინა.
მისი მეუღლე, თამილა არღვლიანი, 2022 წელს 84 000 ევროდ შეძენილი AUDI e-tron-ით გადაადგილდება. მას ასევე ეკუთვნის 2014 წლის Mercedes Benz GLK, რომელიც იმავე წელს 50 000 დოლარად შეიძინა.
ოჯახის წევრები და ქონება: 2016 წლის დეკლარაციაში ალექსი ახვლედიანს შვილებიც ჰყავდა შეყვანილი. მარიამ ახვლედიანი (დაბადებული 1993 წელს) 2016 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და ფლობდა ბინებს თბილისში, თაქთაქიშვილის (101.50 კვ.მ) და ჟვანიას (82.80 კვ.მ) ქუჩებზე. კიდევ ერთი შვილი, თამაზ ახვლედიანი, 2016 წელს ფლობდა ბინას თბილისში, საირმის ქუჩაზე და 1000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს დიღომში.
სტუმრად ნიკა გვარამიასთან
ალექსი ახვლედიანის სახელი უკავშირდება „რუსთავი 2“-ის და ნიკა გვარამიას საქმეს. 2015 წელს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მას პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა და ამ ინფორმაციის გადასაცემად მასთან ალექსი ახვლედიანი მივიდა.
ასევე, ყურადღება მიიპყრო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობამ, რომლის თავმჯდომარეც ალექსი ახვლედიანი იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, კომიტეტი მნიშვნელოვანი დარღვევებით საქმიანობდა, მათ შორის ვერ იქნა წარმოდგენილი 2011-2015 წლების ფინანსური ანგარიშგება