დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინელებს, რომლებიც სამშობლოში ომს გაექცნენ და გაერთიანებულ სამეფოს შეაფარეს თავი, თავშესაფარზე უარს ეუბნებიან იმ მიზეზით, რომ უკრაინაში დაბრუნება უსაფრთხოა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა გამოცემას განუცხადა, მას თავშესაფარზე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას უკრაინის სხვა ნაწილში შეუძლია გადასახლდეს, რადგან მისი მშობლიური ქალაქი საბრძოლო მოქმედებების ზონაში აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს 18-თვიანი დროებითი ვიზა აქვთ, მკაფიო პერსპექტივების არარსებობა ადამიანებს აშფოთებს, წერს გამოცემა.
ბრიტანულ იურიდიულ ფირმაში Sterling Law-ში განაცხადეს, რომ მათ ყოველ კვირას მიმართავენ უკრაინელები, რომელთა განცხადებებიც უარყოფილია. ამჟამად ფირმას რამდენიმე სააპელაციო საქმე მიჰყავს, ამავდროულად ადამიანებს თვეების მანძილზე გაურკვევლობაში ყოფნა უწევთ.
იურისტის, გალინა სემჩაკის თქმით, ის ნიკოპოლიდან დევნილ მარტოხელა დედასთან, მხედველობა დაქვეითებულ მამაკაცთან და დიდ ბრიტანეთში დაბადებული ბავშვის მშობლებთან მუშაობს.
მათი განაცხადების უარის წერილებში წერია, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული რისკები, არ აღწევენ იმ დონეს, რაც ლტოლვილების შესახებ კონვენციაშია მითითებული, რადგან ადამიანს უკრაინის უფრო უსაფრთხო ნაწილში გადასვლა შეუძლია, სადაც ქვეყნის საჯარო სამსახურები მუშაობენ.
როგორც სემჩაკი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ისეთი რეგიონები, როგორიცაა კიევი და უკრაინის დასავლეთ ოლქები, „საერთო ჯამში“ უსაფრთხოდ ითვლება.
„ეს შეფასება უკრაინაში არსებულ რეალურ ვითარებას ეწინააღმდეგება. ნებისმიერი გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ქვეყანა დღემდე სასტიკ ომშია, ხოლო უკანასკნელ თვეებში დაბომბვებმა იმატა. ჩვენს კლიენტებს რეალური საფრთხე ემუქრებათ, დაბომბვებით დაწყებული, იძულებითი მობილიზაციით, ოჯახის დაშორებითა და ფსიქოლოგიური ტრავმით დასრულებული. იურიდიულად ასეთი გადაწყვეტილებები ძალზედ სახიფათოა. ისინი ადგილზე არსებული რთული რეალობის იგნორირებას ახდენენ“, - თქვა სემჩაკმა.