კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს. პოლიტიკოსმა განცხადება ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, აზრი არჩევნებში მონაწილეობაზე მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ხელბორკილები დაადეს.
„ხან ვფიქრობდი, რომ სწორი იყო, უბრძოლველად დათმობა არაფრის არ შეიძლება და მეთქი, ხომ არ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მეორე მხრივ, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად წაგებულ თამაშში როგორ შევიდეთ-თქო და რომ გამოვალ და ვიტყვით მერე – გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს. ამაში ვყოყმანობდი. ჩემი ყოყმანი დამთავრდა იქ, როდესაც ხელბორკილები დაადეს ბადრის და მამუკას.
მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს. მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
გადაცემაში ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარ მოლოდინებზეც. როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მან არჩევნებამდეც იცოდა, რომ მეოცე ნომრით პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, რაც ეწინააღმდეგება ოპოზიციური სპექტრის მტკიცებას, თითქოს 2024 წლის არჩევნები გაყალბდა.