შალვა პაპუაშვილი: აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც მაშინ გიორგი გახარიამ ჩაატარა

შალვა პაპუაშვილი: აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც მაშინ გიორგი გახარიამ ჩაატარა

თავისთავად, ვხედავთ ჩვენ, რომ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებისგან თავს იკავებს გიორგი გახარია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იმიზეზებს იმას, რომ მან, მას შემდეგ, რაც მიიღო შეტყობინება გამოცხადებულიყო საგამოძიებო კომისიაზე, დატოვა ქვეყანა.

„დღეს საგამოძიებო კომისიამ განიხილა ეს საკითხი და გადაავადა მისი გამოცხადება. მისცა შესაძლებლობა 2 ივლისს გამოცხადდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

რაც შეეხება თავად საკითხს, ჩვენ ეს დღეები ვისმენთ მოსახლეობის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე ჩორჩანას შემთხვევაში. ის, რასაც გვიმტკიცებდა გიორგი გახარია, რომ თითქოსდა მისი გუნდი, თითქოს მათ შეძლეს მისი ამ ქცევით საქართველოს ეფექტიან კონტროლში დაეტოვებინათ ტერიტორია, სინამდვილეში აღმოჩნდა საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია დღეს გასულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან სწორედ იმ ღონისძიებების გამო, რაც მაშინ გიორგი გახარიამ ჩაატარა.

კიდევ ერთხელ, რაც ირკვევა და რაზეც თავადაც ისაუბრა, სხვათა შორის, წინა ჯერზე, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რომ მის იდეას თუ ინიციატივას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეუთანხმებლად ჩორჩანას ტყეში ჩაედგა საგუშაგო, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა მსგავსი სტრუქტურები.

მიუხედავად ამისა, მან ევროკავშირის მისიასთან შეუთანხმებლად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ისევე, როგორც სხვა უსაფრთხოების სტრუქტურებთან შეუთანხმებლად, მათ შორის, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლადაც, ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩადგა საგუშაგო, რასაც მოჰყვა შემდეგ რამდენიმედღიანი მოთხოვნა და განხილვა, რომ ეს საგუშაგო აეღოთ. მას შემდეგ, რაც საგუშაგო არ აიღო, ვნახეთ, რომ ხუთი დამატებითი საგუშაგო გაიხსნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც იმ მომენტში იყო საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ. მათ შორის, დაემატა ერთი მობილური საგუშაგო. დაემატა იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა, რომელსაც ტიპურად მიჰყვებოდა საოკუპაციო ძალა მავთულხლართების გაბმის დროს და იმ ხაზს გადმოსცდნენ კიდევ აქეთ. ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გავიდა ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან. მათ შორის, დღეს მოსახლეობას აღარ შეუძლია ამ ტერიტორიით, ამ ტყით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით. ასე რომ ეს ჩანს, ნელ-ნელა იკვეთება ეს სურათი და მნიშვნელოვანია გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიას გასცეს პასუხი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.