ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან

ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან

საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიდრე პირი წარმოდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციის განყოფილებაში იგი იყო ძალადობის მსხვერპლი იმ მოქალაქეების და იმ პირების მხრიდან ვისთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს და სწორედ გამოძიებით უნდა დადგინდეს მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთხელ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიდრე პირი წარმოდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციის განყოფილებაში, იგი იყო ძალადობის მსხვერპლი იმ მოქალაქეების და იმ პირების მხრიდან, ვისთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც დაწყებული აქვს გამოძიება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ამ უწყებასთან, რომ დროულად მოხდეს საკითხის გამოძიება. აქ არის მთავარი, ასე ვთქვათ, დასადგენი საკითხი, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, კერძოდ, და რა იყო მთავარი მიზეზი. ასე, რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას, საკითხით დაინტერესებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. დაელოდონ გამოძიებას და გამოძიება ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.