საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნებზე, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმედ დამარცხდებიან.
„რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები ერთმანეთის მიმართ, ისინი ძალიან მძიმე მარცხს განიცდიან თვითმმართველობის არჩევნებზე, 64-ვე მუნიციპალიტეტში - ხაზგასმით ვამბობთ ამას.
რაც შეეხება დაპირისპირებას რადიკალებს შორის, ეს არის შედეგი იმის, რომ მათ ერთი მხრივ, ვერ შეასრულეს ის დავალებები, რომელსაც პატრონებისგან იღებდნენ და მეორე მხრივ, ახლა ცდილობენ, თავი გაიმართლონ პატრონებისა და მხარდამჭერების წინაშე, რომელთა ნდობა მათ ვერ გაამართლეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.