როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა ჩემი აზრით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „საფარის“ მიერ არქივის უდიდესი ნაწილის განადგურების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ის ფაქტი, რაზეც „საფარის“ წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი.
„ის, რაც მთელს მსოფლიოში ყველასთვის მისაღებია - გამჭვირვალობა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ის, რაზეც დღეს თუნდაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი საუბრობს, რომ შესწავლილი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს. თუ ეს მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის. მათ შორის, გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისთვის.
ის ფაქტი, რაზეც „საფარის“ წარმომადგენელმა განაცხადა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ საქმიანობაში, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო მოქმედებებსაც ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.