ზვიად შალამბერიძე: აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ოპოზიცია გვყავს და ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

ზვიად შალამბერიძე: აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ოპოზიცია გვყავს და ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას

აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ოპოზიცია გვყავს და ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ამას მმართველი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ იცის ვინ არის ამ ქვეყანაში საქმის გამკეთებელი და ვინ წაიყვანს ქვეყანას წარმატებისკენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები ყოველდღიურად იცვლება. გუშინ ერთს ლაპარაკობდნენ, ხვალ - მეორეს. აქედან გამომდინარე, პროგნოზი რომ გააკეთო, დავუშვათ ვინ მიიღებს ან არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ძალიან რთულია, რადგან აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ოპოზიცია გვყავს. მათ რასაც ეუბნებიან და უბრძანებენ თავიანთი ხელმძღვანელები ევროპიდან იმას გააკეთებენ. ჩვენ ვნახეთ, ევროპარლამენტმა ურჩია, რომ არჩევნები არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ებრძოლო ხელისუფლებას ოპოზიციური ფლანგიდან და მაშინვე ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ შეარბილა თავისი დამოკიდებულება და თქვა, რომ სიტუაცია შეიცვალა და ა.შ. ასე რომ რამდენიმე თვე გვაქვს დარჩენილი წინ და ისინი მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის ვინ არის ამ ქვეყანაში საქმის გამკეთებელი და ვინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას წარმატებისკენ“,- განაცხადა შალამბერიძემ.